აღმოაჩინეს სუპერდედამიწის ტიპის ეგზოპლანეტა, რომელიც ტყვიასავით მკვრივია
ასტრონომებმა მზის მსგავსი ვარსკვლავის მიმდებარედ აღმოაჩინეს სუპერდედამიწის ტიპის ეგზოპლანეტა, რომელიც ულტრა ხანმოკლე ორბიტული პერიოდის მქონე მსგავს ციურ სხეულებს შორის ყველაზე მკვრივია.
მას K2-360 b ეწოდება. ის დედამიწის მსგავსად მყარი შედგენილობისაა, ანუ კლდოვანია, მაგრამ ზომით უფრო დიდია. ასეთი ეგზოპლანეტები სუპერდედამიწის ტიპს მიეკუთვნება. ობიექტი საკუთარი ვარსკვლავის გარშემო მოძრაობას 21 საათს ანდომებს და ჩვენს პლანეტაზე დაახლოებით 1.6-ჯერ მეტი რადიუსი აქვს.
K2-360 b დედამიწაზე 7.7-ჯერ მასიურია. ეს ნიშნავს, რომ მისი სიმკვრივე თითქმის 2-ჯერ მეტია და ტყვიისას უტოლდება. უკეთ რომ წარმოვიდგინოთ, ამ ციურ სხეულში თითქმის 8 დედამიწის მასა ჩვენს პლანეტაზე ოდნავ დიდ მოცულობაშია თავმოყრილი.
ვინაიდან K2-360 b მნათობთან ძალიან ახლოს გადაადგილდება, ვარაუდობენ, რომ მისი ზედაპირი მაგმის ოკეანითაა დაფარული. ამის მიუხედავად, შესაძლოა, ყოველთვის ასე არ ყოფილიყო და ეგზოპლანეტას ურანისა და ნეპტუნის მაგვარი სქელი ატმოსფერო ჰქონოდა. ასეთი აირადი გარსი მაშინ უნდა შემოსძარცვოდა, როცა ვარსკვლავთან ახლოს გადაინაცვლა, შედეგად კი მისგან მხოლოდ მყარი სფერო დარჩა.
"ეს ეგზოპლანეტა ვარსკვლავთან ახლომდებარე ზოგიერთი ციური სხეულის მოსალოდნელ ბედს გვიჩვენებს, როცა მილიარდობით წლის ევოლუციის შემდეგ მათგან მხოლოდ მკვრივი და კლდოვანი ბირთვი რჩება",— აცხადებენ მეცნიერები.
K2-360 b-სთან ერთად სისტემაში მეორე ობიექტიცაა, რომელსაც K2-360 c ეწოდება. ჩვენი პერსპექტივიდან მნათობის დისკოს წინ მის ჩავლას ვერ ვაკვირდებით, რაც მიანიშნებს, რომ მისი ორბიტა განსხვავებულია. ვარსკვლავის სინათლის ცვლილების მიხედვით ვარაუდობენ, რომ ეს ობიექტი დედამიწაზე 15-ჯერ მასიურია და 9.8-დღიანი ორბიტული პერიოდი აქვს.
საინტერესოა, რომ შესაძლებელია, K2-360 b-ის ორბიტის ცვლილება სწორედ ამ ეგზოპლანეტას გამოეწვია, რადგან მასზე გრავიტაციულად იმოქმედებდა. ამ სცენარით, სუპერდედამიწა ჯერ ელიფსური ტრაექტორიით მოძრაობას დაიწყებდა, შემდეგ კი ვარსკვლავთან ახლოს შედარებით წრიულ ორბიტაზე განლაგდებოდა.
რაც შეეხება მის მაღალ სიმკვრივეს, ამის მიზეზი ბირთვში არსებული დიდი ოდენობით რკინა უნდა იყოს, რომელიც მთლიანი მასის 48%-ზეა პასუხისმგებელი.
ავტორთა ნაშრომი გამოცემაში Scientific Reports გამოქვეყნდა.
კომენტარები