ანტარქტიდაზე ქარვა აღმოაჩინეს — ძველი ტყეების კვალი ყინულოვან კონტინენტზე
ქარვა მცენარეთა განამარხებული, მინერალად ქცეული, ფისია, რომელიც აქამდე 6 კონტინენტზე იყო აღმოჩენილი. ახლა მას ანტარქტიდაზეც მიაკვლიეს, რაც დედამიწაზე ძველად არსებული ეკოსისტემის შესახებ გვაწვდის ინფორმაციას.
ქარვას მეცნიერებმა 2017 წელს განხორციელებული ექსპედიციისას ამუნდსენის ზღვის 946 მეტრი სიღრმიდან ამოღებულ ნიმუშში მიაკვლიეს. ის პაინ-აილენდის ყურის მიმდებარედ ყინულმტეხ Polarstern-ის ბურღით MARUM-MeBo70 მოიპოვეს. მდებარეობის გამო ამ მინერალს "პაინ-აილენდის ქარვა" ეწოდება.
"ჩვენ მიერ გაანალიზებული ქარვის ფრაგმენტები საშუალებას გვაძლევს, რომ დასავლეთ ანტარქტიდაზე 90 მილიონი წლის წინ არსებული გარემოს შესახებ მეტი გავიგოთ. ძალიან ამაღელვებელი იყო იმის გააზრება, რომ კონკრეტულ პერიოდებში 7-ივე კონტინენტზე ფისის წარმომქმნელი ხეებისთვის ხელსაყრელი პირობები იყო", — აცხადებენ ავტორები.
მათი თქმით, ახლა უკვე ტყის ამ ეკოსისტემის უკეთ შესწავლა სურთ, მაგალითად, ცეცხლმა ხომ არ გაანადგურა ის ან ხომ არაა ქარვაში შემონახული რომელიმე ცოცხალი არსების კვალი.
მეცნიერებმა ქარვის შესასწავლად არეკლილი სინათლისა და ფლუორესცენციური მიკროსკოპი გამოიყენეს. ამისთვის ფსკერიდან მოპოვებული ნიმუში ჰაერზე გამოაშრეს და დაახლოებით 1-მილიმეტრიან ფრაგმენტებად ფრთხილად დაანაწევრეს. სწორედ იქიდან ამოიღეს მინერალის პაწაწინა ნაწილები.
ვარაუდობენ, რომ ეს ქარვა მისი წარმომქმნელი ხის მერქანს შეიცავს. მინერალში მყარი, გამჭვირვალე და ნახევრად გამჭვირვალე ნაწილაკებია, რაც მის მაღალ ხარისხზე მიანიშნებს. ის ზედაპირთან ახლოს უნდა ჩამარხულიყო, რადგან სხვაგვარად დაიშლებოდა, თუნდაც გაზრდილი თერმული ზემოქმედების გამო.
ასევე, გუნდმა გამოავლინა ფისის პათოლოგიური დინების ნიშნებიც. ეს მაშინ ხდება, როცა ხე ფისს მწერების ან პარაზიტების მიერ დაზიანებული მერქნის ამოსავსებად იყენებს, ანუ დამცავ ფიზიკურ ბარიერს ქმნის.
ახალი ნაშრომი გამოცემაში Antarctic Science გამოქვეყნდა.
კომენტარები