2020 წელს პალეონტოლოგებმა ციმბირის მზრალ ნიადაგში ხმალკბილა კატის გაყინულ ნაშიერს მიაკვლიეს, რომელიც დაახლოებით 35 000 წლის წინ ცხოვრობდა. ის Homotherium latidens-ის სახელით ცნობილ სახეობას მიეკუთვნება. არქტიკის სიცივემ მისი სხეული დღემდე კარგად შემოინახა, მათ შორის ბეწვი, თავი, ტანი და კიდურები.

ახალი კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა შეისწავლეს ცხოველი, რომელიც გადაშენებული ძუძუმწოვარია და თანამედროვე ფაუნაში ანალოგი არ მოეძებნება. ისინი ამბობენ, რომ ეს ინდივიდი მხოლოდ 3 კვირის თუ იქნებოდა, როცა მოკვდა, ანუ ჯერ ძალიან ახალგაზრდა იყო იმისთვის, რომ ამ გვარისთვის დამახასიათებელი გრძელი ზედა ეშვები ჩამოჰყალიბებოდა.

მსგავსი ნიმუშები სპეციალისტებს უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს, რომ დედამიწაზე ძველად არსებული სახეობების შესახებ მეტი გაიგონ, რაც მაშინდელ ცხოველთა სამყაროზე უკეთეს წარმოდგენას გვიქმნის. საშუალება გვაქვს, ისინი დღევანდელ მტაცებლებსაც შევადაროთ. მაგალითად, სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ ციმბირში ნაპოვნი კატა ლომის იმავე ასაკის ბოკვრისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება.

კერძოდ, მას უჩვეულო ფორმის დრუნჩი აქვს, პირის ჭრილი უფრო განიერია, ყურები პატარა, წინა კიდურები გრძელი, კისერი მსხვილი, ტანის ბალანი კი — მუქი შეფერილობის. ეს თითოეული დეტალი იმ ცივ კლიმატთან ადაპტაციის შედეგია, რომელშიც ხმალკბილა კატებს უწევდათ ცხოვრება.

ფოტო: Scientific Reports

Homotherium-ის გვარის ხმალკბილა კატები გამყინვარების ეპოქაში ევრაზიაში, აფრიკასა და ამერიკაში გავრცელებულნი იყვნენ. სხვადასხვა სახეობა იმ რეგიონის კლიმატთან იყო შეგუებული, სადაც ბინადრობდა. Homotherium latidens ევრაზიაში გვხვდებოდა და დაახლოებით 10 000 წლის წინ გადაშენდა. ის ჩრდილოამერიკული და აფრიკული სახეობებისგან განსხვავდებოდა.

იქიდან გამომდინარე, რომ დღემდე მოღწეული მსგავსი ნამარხების უმეტესობა ჩრდილოეთ ამერიკის ტერიტორიაზეა აღმოჩენილი, ციმბირში მიკვლეული ნიმუში ორმაგად მნიშვნელოვანია. ის ევრაზიული სახეობების და მათი გავრცელების არეალის უკეთ შესწავლაში გვეხმარება. ამის გარდა, ციმბირის მზრალ ნიადაგში მამონტები, მგლები, გამოქვაბულის ლომები, ბეწვიანი მარტორქები და ფრინველებიცაა აღმოჩენილი. ვინაიდან ევრაზიაში ადამიანთა ორი სახეობა, ნეანდერტალელები და დენისოველები, გვხვდებოდა, იქნებ, ოდესმე მათაც მივაგნოთ.

ახალი ნაშრომი გამოცემაში Scientific Reports გამოქვეყნდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.