2024 წლის თებერვალში ისლანდიაში მდებარე ვულკანი სუნდნუქსგიგარი ამოიფრქვა. იქიდან გამოთავისუფლებულმა ლავამ გარშემო არსებულ თოვლიან ზედაპირზე დაიწყო დინება, რამაც გასაოცარი სანახაობა შექმნა. ამ კადრების გადაღება ჯერონ ვან ნიუვენჰუვმა შეძლო.

ვულკანის ეს აქტიურობა 2023-24 წლებში დაფიქსირებულ უფრო მასშტაბურ ამოფრქვევებს უკავშირდება, რამაც ქალაქ გრინდავიკში შენობების ნგრევაც კი გამოიწვია. რაც შეეხება უკანასკნელ მოვლენას, მისმა ამსახველმა ვიდეომ დიდი ყურადღება დაიმსახურა. კადრები იმდენად შთამბეჭდავია, რომ სოციალური ქსელის მომხმარებლებში გაჩნდა იმის ეჭვიც, რომ ისინი ხელოვნური ინტელექტის მიერაა გენერირებული. რა თქმა უნდა, ეს ასე არაა, რასაც ვიდეოს ავტორი ადასტურებს.

"ეს არაჩვეულებრივია, რადგან მშვენივრად გვიჩვენებს, რომ ბუნებას ჯერ კიდევ შეუძლია, თავისი უნიკალურობით გაგვაოცოს. ცხადყოფს იმასაც, რომ კონკრეტულ მოვლენებს ყალბად აღვიქვამთ მხოლოდ იმიტომ, რომ მათ ვერ ვხსნით. საინტერესოა, არა?!", — ამბობს ფოტოგრაფი.

ერთ-ერთი მიზეზი, რომლის გამოც ეს ვიდეო ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული ეგონათ, ის იყო, რომ ლავასთან შეხებისას თოვლი ორთქლს არ წარმოქმნიდა. ამით თავად ფოტოგრაფიც დაინტერესდა და გაარკვია, რომ შესაძლებელია, ეს ლეიდენფროსტის ეფექტს უკავშირდებოდეს.

ამ დროს სითხე, რომელიც მისი დუღილის ნიშნულზე ბევრად ცხელ მატერიასთან ურთიერთქმედებს, ორთქლის იზოლირებულ შრეს წარმოქმნის, რაც სწრაფ დუღილს უშლის ხელს. ეს ნიშნავს, რომ ლავასთან შეხებისას ფორმირებულმა აირმა ცხელი ზედაპირის ზემოთ, სავარაუდოდ, თხევადი წვეთების შენარჩუნება განაპირობა, ამიტომ ორთქლის მაღლა ამავალი ნაკადი არ დაფიქსირებულა.

მეორე მიზეზად ნიუვენჰუვი ასახელებს, რომ კინოს სპეციალურმა ეფექტებმა საზოგადოებას ლავის მახასიათებლებზე არასწორი წარმოდგენა შეუქმნა. შესაბამისად, რეალური ლავის მოძრაობისა თუ გარემოსთან ურთიერთქმედების თავისებურებები ბევრი ადამიანისთვის უჩვეულოა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.