ახალი კვლევა ქათმისა და კვერცხის პარადოქსს ნათელს ჰფენს
Chromosphaera perkinsii ერთუჯრედიანი ორგანიზმების სახეობაა, რომელიც 2017 წელს ჰავაის მიმდებარე ქანებში აღმოაჩინეს. ის დედამიწაზე 1 მილიარდ წელზე მეტი ხნის წინ უკვე გვხვდებოდა, ანუ იმაზე ადრე განვითარდა, ვიდრე პლანეტაზე პირველი ცხოველები ჩამოყალიბდებოდნენ.
ჟენევის უნივერსიტეტში მომუშავე მეცნიერებმა ამ სახეობაში ისეთი სტრუქტურები დააფიქსირეს, რომლებიც ცხოველთა ემბრიონებს ძალიან ჰგავს. ეს მიანიშნებს, რომ ემბრიონული განვითარებისთვის საჭირო გენეტიკური საფუძველი მანამ არსებობდა, სანამ დედამიწაზე ცხოველები გამოჩნდებოდნენ. თუ ასე არაა, მაშინ C. perkinsi-მ ევოლუცია დამოუკიდებლად განიცადა და მსგავს პროცესებს შეუწყო ხელი.
ასეა თუ ისე, Nature-ში გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, ბუნებას კვერცხის "შესაქმნელად" საჭირო გენეტიკური ხელსაწყოები იქამდე ჰქონდა, სანამ ქათამი გაჩნდებოდა.
ასევე, იხილეთ: რომელი იყო თავიდან, ქათამი თუ კვერცხი? — რას ამბობს მეცნიერება
ჩვენს პლანეტაზე სიცოცხლის პირველი ფორმები ერთუჯრედიანები იყვნენ. შემდეგ უკვე მრავალუჯრედიანი ორგანიზმები განვითარდნენ და შედეგად რთული ბიოლოგიური სტრუქტურის არსებები მივიღეთ. როცა უჯრედი იყოფა და მრავალუჯრედიან კოლონიებს წარმოქმნის, ეს ემბრიონული ევოლუციის ეტაპებს მოგვაგონებს.
ამ საკითხზე მეტის გასაგებად სპეციალისტებმა სწორედ C. perkinsii შეისწავლეს, რომელიც პროტისტების სახელით ცნობილი ევკარიოტების წინაპარი სახეობაა. დაადგინეს, რომ როცა ეს ორგანიზმები მაქსიმალურ ზომას აღწევენ, იყოფიან ისე, რომ აღარ იზრდებიან. შედეგად, მრავალუჯრედიან კოლონიებს ქმნიან. ეს პროცესითა და სამგანზომილებიანი სტრუქტურით ემბრიონული ევოლუციის პირველ ეტაპებს ჰგავს.
კერძოდ, აღნიშნული კოლონიები მათი სიცოცხლის ციკლის დაახლოებით მესამედის განმავლობაში ნარჩუნდება და უჯრედის სულ მცირე ორი ტიპისგან შედგება. მსგავსი დიფერენციაცია გასაოცარია ისეთი ადრეული ერთუჯრედიანი ორგანიზმისთვის, როგორიც C. perkinsii-ა.
კოლონიებში გენეტიკური აქტიურობა, ასევე, ემბრიონისას მოგვაგონებს, რაც მიუთითებს, რომ ამ უკანასკნელის განსავითარებლად საჭირო გენეტიკური "პროგრამა" მილიარდ წელზე მეტი ხნის წინ უკვე არსებობდა.
კომენტარები