ნახეთ მარსის 360°-იანი ხედი — NASA-ს მავალის ახალი კადრები წითელ პლანეტაზე გამოგზაურებთ
NASA-ს მავალი Curiosity მარსზე არსებულ შარპის მთაზე 2014 წლიდან გადაადგილდება და მას ახლოდან იკვლევს. აპარატმა მიმდინარე წელს Gediz Vallis-ის სახელით ცნობილ არეალში გადაინაცვლა, რომელიც შესაძლოა, ძველი მდინარის კალაპოტი იყოს.
ახლახან მან დედამიწაზე სწორედ ამ ტერიტორიის ამსახველი დეტალური პანორამული სურათი გამოგზავნა.
აშშ-ის კოსმოსურმა სააგენტომ ეს გასაოცარი 360°-იანი ხედი YouTube-ზე ვიდეოს სახით გაგვიზიარა. სმარტფონებსა და კომპიუტერებში მისი ჩართვისას თითის ან მაუსის გამოყენებით ირგვლივ გარემოს დათვალიერებაა შესაძლებელი. ეს ისეთ განცდას ქმნის, თითქოს წითელ პლანეტაზე თავად იმყოფებით და გარემოს ისე აკვირდებით.
კადრებში Gediz Vallis-მიმდებარედ არსებულ გეოლოგიურ წარმონაქმნებს ვხედავთ, მათ შორის გეილის კრატერის კიდეს. ასევე, მთის ქანების იზოლირებულ მასივებსა (Kukenán Butte, Texoli Butte) და ქედებს (Pinnacle Ridge).
Gediz Vallis-ის არხის ფორმირების შესახებ მეცნიერები ჯერ კიდევ მსჯელობენ. როგორც უკვე ვახსენეთ, ერთი მოსაზრებით, ის წყლის დინებას უკავშირდება. მეორე ჰიპოთეზის თანახმად, შესაძლოა, ეს ძლიერი ქარით გამოწვეული ეროზიის შედეგი იყოს, ანდაც შარპის მთის მეწყრული პროცესებით. ეს უკანასკნელი კარგად ახსნიდა იმას, თუ რატომაა ამ არეალში დიდი ლოდები და ნაშალი ქანების ნარჩენები.
მეცნიერებს Gediz Vallis-ის შესახებ მონაცემები ხელთ აქვთ და ცდილობენ, მისი წარმომავლობის შესახებ მეტი გაიგონ. რაც შეეხება Curiosity-ის, მომდევნო გაჩერება ქსელის მსგავსი სტრუქტურის ფორმაციაა, რომელსაც Boxwork ეწოდება. მისი უჩვეულო მახასიათებელი წყლის მიერ გადატანილი მინერალებით უნდა იყოს განპირობებული, რომლებიც ნაპრალებში დაგროვდა.
კომენტარები