ნახეთ, როგორ გამოიყურება მზის ზედაპირი — ის, რასაც დედამიწიდან ვერ ვხედავთ
ევროპის კოსმოსურმა სააგენტომ ზონდ Solar Orbiter-ის მიერ 2023 წლის მარტში გადაღებული სურათები გამოაქვეყნა, რომლებიც მზის მთლიან დისკოს მაღალი გარჩევადობით გვიჩვენებს. მათზე ვარსკვლავის ზედაპირს უპრეცედენტო დეტალებში ვხედავთ.
ეს კადრები აპარატმა პოლარიმეტრული და ჰელიოსეისმური კამერით (PHI) გადაიღო, რომელსაც მზის ფოტოსფეროს შესასწავლად იყენებს. ფოტოების გადაღებასთან ერთად ის მნათობის მაგნიტურ ველსა და ზედაპირის მოძრაობას აკვირდება. Solar Orbiter-მა მზის ატმოსფეროს დასაფიქსირებლად ულტრაიისფერი კამერაც გამოიყენა.
ზონდი ამ დროს ვარსკვლავისგან დაახლოებით 74 მილიონ კილომეტრ მანძილზე გადაადგილდებოდა. ჩვენი სისტემის ეს ცენტრალური ობიექტი იმდენად დიდია, რომ მისი მთლიანი დისკოს აღსაბეჭდად რამდენიმე სურათის გაერთიანებაა საჭირო. ამ შემთხვევაში, თითოეული გამოსახულება 25 კადრისგან შედგება და ყოველი მოზაიკური სურათი თითქმის 8 000 პიქსელის პროპორციულ დიამეტრს მოიცავს.
"მზის მაგნიტური ველი მთავარი რამაა, რაც ჩვენი მშობლიური ვარსკვლავის ბუნების გაგებაში გვეხმარება როგორც დიდ, ისე მცირე მასშტაბებში. Solar Orbiter-ის ინსტრუმენტ PHI-ის მაღალი გარჩევადობის ახალი სურათები მზის ზედაპირის მაგნიტური ველის მშვენიერებასა და მის აქტიურობას დეტალურად გვიჩვენებს", — აცხადებენ მისიაზე მომუშავე გუნდში.
გამოსახულებებში მზის კონვექციურ უჯრედებს ვხედავთ, რომლებიც შიდა შრეებიდან ამომავალი ცხელი პლაზმის რეგიონებია. ასევე, ზონდს დაფიქსირებული აქვს მზის ლაქები, რომლებიც მაგნიტური ველის ხაზებთან დაკავშირებული, შედარებით გრილი, არეალებია.
ამგვარი მონაცემების წყალობით ასტრონომებს შესაძლებლობა ეძლევათ, რომ მზის დინამიკა უკეთ გამოიკვლიონ და მასში მიმდინარე პროცესები შეისწავლონ.
კომენტარები