მეცნიერებმა ახალი ექსპერიმენტით დაადასტურეს ის, რაც ფიზიკურად შეუძლებლად ჟღერს. კერძოდ, მათმა დემონსტრაციამ დაამტკიცა, რომ ლაზერების სათანადო მანიპულაციების წყალობით, ჩრდილი თავად სინათლესაც შეიძლება ჰქონდეს. ეს უჩვეულო ოპტიკური ფენომენი სინათლის სხვა წყაროსაც საჭიროებს.

ვიცით, რომ ჩრდილი მაშინ ჩნდება, როცა სინათლეს რაიმე ობიექტი (მყარი, თხევადი ან აირადი) ბლოკავს. შედეგად, ზედაპირებზე მისი მუქი სილუეტი იკვეთება, თუმცა ამისთვის ობიექტს მასა უნდა ჰქონდეს. სინათლის ნაწილაკებს, რომელთაც ფოტონები ეწოდება, მასა არ აქვს, ამიტომ, წესით, ჩრდილსაც არ უნდა წარმოქმნიდეს. ამასთან, სხვადასხვა წყაროდან მომავალი სხივები, ჩვეულებრივ, ერთმანეთში გავლისას არ ურთიერთქმედებს.

ამ ყველაფრის მიუხედავად, სპეციალისტებმა გასაოცარი ფენომენი გამოავლინეს. მათ მწვანე ლაზერი მინერალ ლალისგან დამზადებული კუბისკენ მიმართეს, შემდეგ კი ლურჯი ლაზერით გაანათეს. მწვანემ ლურჯი სხივების ნაწილი დაბლოკა და დაჩრდილული ზოლი ხილვადი გახადა.

ავტორები ამბობენ, რომ ეს ჩრდილის რამდენიმე კრიტერიუმს შეესაბამება: შეუიარაღებელი თვალით ჩანს; იმეორებს იმ ზედაპირის კონტურს, რომელზეც ეცემა; მწვანე ლაზერის სხივის ფორმასა და ტრაექტორიას შეესაბამება. ასევე, მაქსიმალური კონტრასტი დაახლოებით 22% იყო, ანუ მზიან დღეს ხის ჩრდილის ეკვივალენტური.

ფოტო: R. A. Abrahao, H. P. N. Morin, J. T. R. Pagé, A. Safari, R. W. Boyd, J. S. Lundeen

მეცნიერები ამბობენ, რომ როცა ლალის კუბს მწვანე ლაზერის სხივი ხვდება, კრისტალი უფრო მეტი ლურჯი სინათლის შთანთქმას იწყებს. ლურჯი სინათლე შემდეგ მის უკან არსებულ კამერამდე აღწევს, რა დროსაც მწვანე სხივის ფორმისა და მიმართულების შესაბამისი მუქი კონტური იკვეთება.

ეს აჩენს კითხვას: სინათლეს ლაზერის ფოტონები ბლოკავს, თუ ლალის შემადგენელი ატომები?

ობიექტში გამავალი სინათლის ტალღები მის ატომებს უკავშირდება, რის შედეგადაც კვაზინაწილაკები წარმოიქმნება, რომელთაც პოლარიტონები ეწოდება. მკვლევრების თქმით, ჩრდილს სწორედ პოლარიტონები უნდა აჩენდეს, რომელთაც მასა აქვს. მეორე მხრივ, ისინი ნახევრად ფოტონებია, რომლებიც ამ პროცესისთვის აუცილებელია, თანაც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩრდილი პირველი ლაზერის მიმართულებას იმეორებს.

ავტორთა ნაშრომი გამოცემაში Optica გამოქვეყნდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.