დედამიწის მაგნიტური პოლუსები ერთ ადგილზე არაა ფიქსირებული, არამედ ბოლო საუკუნეების განმავლობაში ის აღმოსავლეთისკენ ათასობით კილომეტრს მანძილზე აჩქარებული ტემპით ინაცვლებს. მაგრამ რა იწვევს ამ ცვლილებას?

მსგავსი გადანაცვლების უკან ჩვენი პლანეტის სიღრმეში არსებული დამდნარი მეტალის "ოკეანეა" ისევე, როგორც ელექტრომაგნეტიზმის ფუნდამენტური პრინციპები. ამ ყველაფრის გავლენით ჩრდილოეთ მაგნიტური პოლუსი 1830-იანი წლებიდან დღემდე დაახლოებით 2 250 კილომეტრით გადაადგილდა, კანადიდან ციმბირის მიმართულებით.

ერთ-ერთი კვლევის თანახმად, 1990 და 2005 წლებს შორის პოლუსის გადანაცვლების ტემპი წელიწადში 15 კილომეტრზე ნაკლებიდან 50-60 კილომეტრამდე გაიზარდა. თუ ეს ტენდენცია გაგრძელდება, ჩრდილოეთ მაგნიტური პოლუსი მომდევნო დეკადაში ციმბირისკენ 660 კილომეტრამდე მანძილით გადაადგილდება. შედეგად, შესაძლოა, 2040 წლისთვის კომპასებმა ჩრდილოეთი აღმოსავლეთისკენ აჩვენოს. რაც შეეხება სამხრეთ პოლუსს, ისიც ანტარქტიდის სანაპიროს გასწვრივ აღმოსავლეთისკენ მიიწევს.

აღსანიშნავია, რომ საშუალოდ ყოველ 300 000 წელიწადში ერთხელ დედამიწის მაგნიტური პოლუსები ერთმანეთს ადგილს უცვლის. ბოლო ასეთი მოვლენა 780 000 წლის წინ უნდა მომხდარიყო, ამიტომ მომდევნო პროცესი რატომღაც ჭიანურდება

ახლა კი დავუბრუნდეთ დედამიწის წიაღს, სადაც გარე ბირთვში დამდნარი რკინა და ნიკელი გვხვდება. ეს მასა გამტარობით ხასიათდება. ასევე, პლანეტის მუდმივი ბრუნვისა და სითბოთი პროვოცირებული კონვექციის გამო ისიც მოძრაობაშია. ელექტრომაგნეტიზმის პრინციპების მიხედვით, ეს მოძრაობა ელექტრულ დენს წარმოქმნის და მაგნიტური ველის ფორმირებას განაპირობებს. ამ პროცესს დინამო ეწოდება.

2020 წლის კვლევის თანახმად, მაგნიტური პოლუსების ბოლოდროინდელი სწრაფი გადანაცვლება, დიდი ალბათობით, მეტალის "დინების" ცვლილებითაა გამოწვეული, რომელიც 1970-1999 წლებს შორის დაფიქსირდა. ამის გამო კანადის მიმდებარედ არსებული მანტიის მოზრდილი მასა წაგრძელდა და მაგნიტოსფეროზე გავლენა დაკარგა. შედეგად, პოლუსი აღმოსავლეთისკენ დაიძრა.

ყოველ შემთხვევაში, ასეთია ზემოხსენებული მოვლენის ამჟამინდელი თეორიული ახსნა. აღსანიშნავია, რომ ეს პროცესი ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაზე არ იმოქმედებს, მხოლოდ GPS და სატელიტური სისტემების გამართვა შეიძლება გახდეს საჭირო.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.