ქალებზე ძალადობა დღემდე მთელი მსოფლიოს პრობლემაა, მაგრამ ეს განსაკუთრებით პრობლემურია საქართველოს მსგავს ქვეყნებში, სადაც სახელმწიფო სათანადოდ არ ცდილობს აღმოფხვრას შესაბამისი კანონმდებლობითა თუ ამ კანონების პრაქტიკაში გამოყენებით.

ძალადობის მრავალი ფორმა არსებობს, რომელიც მოძალადის ქცევიდან გამომდინარეობს. ეკონომიკური ძალადობა ერთ-ერთი მათგანია, რომელიც საკმაოდ გავრცელებულია ქვეყანაში. იგი შეიძლება ჩაითვალოს ქცევად, რომლითაც მოძალადე ზღუდავს, აკონტროლებს და იყენებს ქალის ეკონომიკურ რესურსებსა და პოტენციალს.

კვლევა ქალთა მიმართ ეკონომიკურ ძალადობაზე საფარმა დანიის მთავრობისა და დანიის გენდერული და თანასწორობის ცენტრის, KVINFO-ს მხარდაჭერით ორ რეგიონში, კახეთსა და აჭარაში ჩაატარა. რაოდენობრივი კვლევა 2023 წლის იანვარში პირისპირ ინტერვიუს მეთოდით (CAPI) იმ 16-45 წლის ქალებთან ჩატარდა, ვინც ინტიმურ ურთიერთობაში ერთხელ მაინც ყოფილა.

რა არის ეკონომიკური ძალადობა?

ეკონომიკური ძალადობა გენდერული და ოჯახში ძალადობის ფორმაა, თუმცა, ის ძალადობის ერთ-ერთ ყველაზე უხილავ ფორმად რჩება. კვლევების თანახმად, ეკონომიკური ძალადობა ქალებზე ხორციელდება ყველა სოციო-ეკონომიკურ დონეზე და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა 94-99%-ს მიემართება.

ეკონომიკური ძალადობა მნიშვნელოვნად აზიანებს ქალის ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობას. ძალადობის შედეგად ქალი ეკონომიკურად დამოუკიდებელი ხდება მოძალადეზე. ეკონომიკური დამოკიდებულება მოძალადეზე არის ის ერთადერთი მთავარი ფაქტორი, რის გამოც ქალები ვერ წყვეტენ ურთიერთობას მოძალადე პარტნიორთან და რჩებიან ძალადობრივ ურთიერთობაში.

ეკონომიკურ ძალადობას ხშირად მიმართავენ მოძალადეები, რადგან მათთვის ეს ერთგვარი ტაქტიკაა, გააკონტროლონ მსხვერპლი და დატოვონ ის ძალადობრივ ურთიერთობაში.

ეკონომიკური ძალადობის ფორმები

ეკონომიკური ძალადობა მრავალი ფორმით გამოიხატება, მიუხედავად იმისა, რომ განიხილავენ ფსიქოლოგიურ ძალადობის ფორმად, მკვლევრები მაინც გამოყოფენ რამდენიმე ტენდენციას, რომელიც საინტერესო და დამახასიათებელია ეკონომიკური ძალადობისთვის.

ეკონომიკური ძალადობის ყველაზე გავრცელებული ფორმებია:

  • მუშაობაში ხელის შეშლა შემავიწროებელი ქცევით. როგორიცაა ხშირად დარეკვა და მოულოდნელი ვიზიტები სამსახურში;
  • მსხვერპლისთვის მუშაობის ან სწავლის აკრძალვა, ან მისი ისეთი აქტივობაში ჩართვა, რაც შეუძლებელს ხდის მუშაობას ან სწავლას;
  • მსხვერპლის პირადი საკუთრების მოპარვა ან განადგურება;
  • სასამართლოს მიერ ალიმენტის არგადახდა;
  • საკვების, ტანსაცმლის, თავშესაფრის, პირადი ჰიგიენის საშუალებების ან წამლის მიზანმიმართულად არმიწება და სხვა.

წყვილის განცალკევების შემდეგაც შესაძლოა განხორციელდეს ეკონომიკური ძალადობა, რადგანაც არ საჭიროებს ფიზიკურ სიახლოვეს. ეს არის იძულებითი კონტროლის ერთ-ერთი სახე, რომლითაც ყველაზე ხშირად მოიცავს:

  • პირადი ნივთების მოპარვას ან დაზიანებას;
  • გადასახადების წარმოებას მსხვერპლის სახელზე;
  • ფულის ხარჯვას მსხვეპლისთვის პირადი ან საერთი საბანკო ანგარიშიდან და სხვა.

მიზნები და ამოცანები

კვლევის მიზანი წარმოადგენდა რეგიონებში მცხოვრებ ქალების გამოცდილების შესწავლა პარტნიორის/მეუღლის მხრიდან განხორციელებულ ეკონომიკურ ძალადობასთან მიმართებაში; იმ მდგომარეობის შესწავლა, რომელშიც იმყოფებიან ეკონომიკური ძალადობის მსხვერპლი ქალები, მიუხედავად იმისა, აიდენტიფიცირებენ ამას თუ არა.

კვლევის მთავარი ამოცანა იყო, რომ დადგენილიყო განუცდიათ თუ არა ქალებს/გოგონებს ეკონომიკური ძალადობა პარტნიორის მხრიდან და რა ფორმის იყო ეს. გარდა ამისა, იმის მიუხედავად, რომ ეკონომიკური ძალადობა არ არის მხოლოდ პარტნიორის მხრიდან განხორციელებული ძალადობა, განისაზღვრა ოჯახის მხრიდან ეკონომიკური ძალადობის დადგენაც. ასევე, ყურადღება მიექცა იმას, თუ რამდენად აიდენტიფიცირებდნენ ქალები ეკონომიკურ ძალადობას და ახდენდა თუ არა ზეგავლენას ფინანსური შემოსავალიც.

კვლევა ჩატარდა ორ საპილოტე რეგიონში: აჭარასა და კახეთში. ეკონომიკურ ძალადობასთან მიმართებით ზოგიერთი სურათისა და ტენდენციების გამოსავლენად გათვალისწინებული იქნა ისეთი ცვლადები, როგორებიცაა: რეგიონი, დასახლებული პუნქტი (ქალაქი/სოფელი), ასაკი, ოჯახური მდგომარეობა, შემოსავლები, ეთნიკური წარმომავლობა და აღმსარებლობა.

მეთოდოლოგია

პროექტის ფარგლებში ჩატარდა რაოდენობრივი კვლევა ძირითად სამიზნე რეგიონებში, კახეთსა და აჭარაში, და მის ფარგლებში გამოიკითხნენ ადგილობრივი მაცხოვრებელი ქალები. კვლევა პირისპირ ინტერვიუს ტექნიკის გამოყენებით.

მთავარი მიგნებები

  • ქალების 25% ერთხელ მაინც ყოფილა ეკონომიკური ძალადობის მსხვერპლი ინტიმური პარტნიორის/ქმრის მხრიდან;
  • ყოველი მეხუთე ქალი ვერ აიდენტიფიცირებს ეკონომიკური ძალადობის სხვადასხვა ფორმებს;
  • ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები უფრო მეტად განიცდიან ეკონომიკურ ძალადობას;
  • რელიგიური უმცირესობის წარმომადგენლები უფრო მეტად განიცდიან ეკონომიკურ ძალადობას;
  • ქალები, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ჰქონდეთ სტაბილური სამსახური და პარტნიორზე მაღალი შემოსავალი, მაინც ხდებიან ეკონომიკური ძალადობის მსხვერპლები;
  • ეკონომიკურ ძალადობას უმეტეს შემთხვევებში აქვს სისტემატური ხასიათი. ქალების 40%-45%, რომლებიც დაშორების, განქორწინების შემდგომ გახდნენ ეკონომიკური ძალადობის მსხვერპლი, ქორწინებაშიც განიცდიდნენ ეკონომიკური ძალადობის ყველაზე გავრცელებულ ფორმებს.
  • ის ქალები, რომლებიც განქორწინებულები/დაშორებულები არიან, უფრო ხშირად ყოფილან ეკონომიკური ძალადობის მსხვერპლი;
  • პარტნიორის მხრიდან ეკონომიკური ძალადობის განხორციელებასა და ოჯახის სხვა წევრების მხრიდან ეკონომიკური ძალადობის განხორციელებას შორის საშუალო სიძლიერის კორელაციური კავშირია. უმეტეს შემთხვევებში ეკონომიკური ძალადობის სხვადასხვა ფორმებში ყველაზე დიდი წილი ოჯახის სხვა წევრებთან შედარებით ქმრის/პარტნიორის მშობლებზე მოდის; .
  • ქალები, რომლებიც ყოფილან ეკონომიკური ძალადობის მსხვერპლები, ინტიმური პარტნიორის მხრიდან განიცდიდნენ ასევე ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ძალადობას, ბავშვობაში კი ფიზიკურ ძალადობას მშობლების მხრიდან.