რა არის და როგორ მუშაობს ვიაგრა
ვიაგრა საყოველთაოდ ცნობილი მედიკამენტია, რომელიც უმეტესად ერექციული დისფუნქციის სამკურნალოდ გამოიყენება. მისი აქტიური კომპონენტი სილდენაფილია, რომლის ამგვარი დანიშნულებაც მეცნიერებმა შემთხვევით აღმოაჩინეს გასული საუკუნის ბოლოს.
1990-იანი წლების დასაწყისში მკვლევრები ფარმაცევტულ კომპანია Pfizer-თან ერთად მუშაობდნენ, რათა ანგინის სამკურნალო საშუალება შეექმნათ. ეს მკერდის ტკივილის ერთ-ერთი ფორმაა, რომელსაც გულისათვის სისხლის მიწოდების შეზღუდვა იწვევს.
ამ პრობლემის გადასაჭრელად ერთ-ერთი შესაძლო ვარიანტი სილდენაფილი იყო. ეს პრეპარატი კონკრეტული ცილის, ფოსფოდიესტერაზა 5-ის — იგივე PDE5-ის — აქტივობას ბლოკავდა, შედეგად კი სისხლძარღვებს აფართოებდა.
მკვლევრებმა სილდენაფილის მოქმედების გამოსაკვლევად ცდა ჩაატარეს და კაცებს პრეპარატი მიაღებინეს. გვერდითი ეფექტების სახით წამოხურება, თავის ტკივილი, საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემები და გულისრევა დაფიქსირდა. ამას გარდა, მეტად მოულოდნელმა რეაქციამაც იჩინა თავი — მონაწილეებს მედიკამენტის მიღების შემდეგ ერექცია ეწყებოდათ.
"მაშინ ახალბედა გუნდი ვიყავით და ერექციული დისფუნქციის საკითხი დიდად არ გვაღელვებდა, ამიტომ არ ვიცოდით, რომ ასეთი წამლის საჭიროება არსებობდა", — გაიხსენა საიმონ კემპბელმა, ორგანული ქიმიის სპეციალისტმა, რომელიც წამლის შექმნაში მონაწილეობდა.
ცდის დასრულების შემდგომ ზოგიერთმა მონაწილემ აბების დაბრუნება იუარა — მათ სილდენაფილის მიღება კვლავ სურდათ.
მკვლევართა გუნდმა მალევე გადაწყვიტა, რომ წამალი უკვე ერექციული დისფუნქციისათვის გამოეცადა და არა გულის დაავადებისთვის.
კაცების იმპოტენციის სამკურნალოდ იგი აშშ-სა და ევროპის კავშირში 1998 წელს დაუშვეს. სილდენაფილი ამჟამად ვიაგრას საფირმო სახელწოდებით იყიდება.
როგორ მუშაობს სილდენაფილი
სილდენაფილი პენისში არსებული სისხლძარღვების რბილ კუნთოვან უჯრედებში ციკლური GMP-ის დაშლას აჩერებს. სწორედ ციკლური GMP-ის დამსახურებაა, რომ სექსუალური აღგზნებისას სისხლის მიმოქცევა უმჯობესდება, თუმცა ერექციული დისფუნქციის მქონე ადამიანებს ეს მოლეკულა საკმარისად არ აქვთ.
წამალი კონკრეტულად ენზიმის, PDE5-ის აქტივობას ბლოკავს. PDE5 ციკლური GMP-ის დაშლაზეა პასუხისმგებელი. ამგვარი მოქმედებით სილდენაფილი სისხლძარღვებს ადუნებს, სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს და წნევას ამცირებს.
აღსანიშნავია, რომ PDE-ების უამრავი ტიპი არსებობს, თუმცა სილდენაფილის სამიზნე PDE5 პენისის ერექტილურ ქსოვილში ჭარბადაა გამოხატული. შესაბამისად, მედიკამენტი პენისში განსაკუთრებული ეფექტიანობით აუმჯობესებს სისხლის მიწოდებას, რასაც შემდგომში ერექცია მოჰყვება.
მედიკამენტს დიდი წარმატება ხვდა წილად. FDA-მა იგი 1998 წელს დაუშვა, აქედან რამდენიმე კვირის შემდეგ კი აშშ-ში მილიონზე მეტი რეცეპტი გაიცა. მისი მწარმოებელი Pfizer-ის გამოთვლებით, მსოფლიოს გარშემო ვიაგრას დაახლოებით 62 მილიონი კაცი იყენებს.
მოგვიანებით კლინიკური ცდებით ისიც დადგინდა, რომ სილდენაფილი გულის სხვადასხვა დაავადების, მათ შორის პულმონარული ჰიპერტენზიის, სამკურნალოდაც შეგვიძლია გამოვიყენოთ, როგორც ეს თავიდან იყო ჩაფიქრებული.
კომენტარები