მეცნიერებმა უდაბნოში აქლემების უზარმაზარი გამოსახულებები აღმოაჩინეს
არქეოლოგებმა საუდის არაბეთში მდებარე ნეფუდის უდაბნოს სამხრეთ კიდესთან ქვებზე ამოკაწრული აქლემების უზარმაზარი გამოსახულებები აღმოაჩინეს. ეს ნახატები ამ ცხოველთა რეალურ ზომას შეესაბამება და საოცარი სიზუსტითაა შესრულებული.
საინტერესოა, რომ გამოსახულებებში აქლემთა უკვე გადაშენებული სახეობებიცაა ნაჩვენები, რომლებიც არაბეთის ნახევარკუნძულზე ათასობით წლის წინ ბინადრობდნენ. ახალი კვლევის მიხედვით, მათ სამეცნიერო საზოგადოების მიერ სახელებიც კი არ აქვს მინიჭებული, ამიტომ ეს ნიმუშები ორმაგად მნიშვნელოვანია.
"ამ ადგილის შესახებ სხვა ნაშრომიდან შევიტყვეთ, მაგრამ დაუზუსტებელი მდებარეობის გამო ის ძნელად მოსაძებნი იყო. აქ გადასაადგილებლად მარტივი ლანდშაფტიც არაა", — აცხადებენ მეცნიერები, რომლებმაც ნახატებს პირველებმა მიაგნეს, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული არეალი აქამდეც ცნობილი იყო.
სპეციალისტთა გამოწვევა მხოლოდ ქვიშის დიუნებში მოშიშვლებული ქანების მიგნება არ ყოფილა. ბუნდოვანია ისიც, თუ ვის ეკუთვნის ეს ნახატები, რადგან ისინი სხვადასხვა პერიოდშია შექმნილი და ერთმანეთზე ზემოდანაა ამოკაწრული.
"ეს ადგილი ბევრი სხვადასხვა პერიოდის ქვის მხატვრობის მჭიდრო შეჯგუფებას მოიცავს. ვხედავთ, რომ ნაკაწრები რამდენიმე ფაზის განმავლობაშია დატანილი და სტილისტურად ერთმანეთისგან განსხვავებულია", — ამბობენ ავტორები.
რაც შეეხება გამოსახულებების ასაკს, ზოგი მათგანი ნაპრალებშია, რაც რადიონახშირბადული დათარიღების მეთოდის გამოყენებას აძნელებს. ამის მიუხედავად, დადგინდა, რომ უდაბნოს ეს არეალი პლეისტოცენისა (2.6 მილიონი-11 700 წლის წინ) და შუა ჰოლოცენის (7000-5000 წლის წინ) პერიოდებს შორის იყო დასახლებული.
გარკვეულ ინფორმაციას გვაწვდის ნახატების ბუნებრივი სტილი, ცხოველების სქესი და ბეწვი. საქმე ისაა, რომ ქვებზე გამოსახული აქლემების უმეტესობა მამრია, ასევე ჩანს მათ ხახაში არსებული ორგანო დულა, რომლითაც მდედრებს იზიდავენ. აქედან ასკვნიან, რომ გამოსახულებები შესაძლოა, ცხოველთა შეჯვარების პერიოდში იყოს შექმნილი, რომელიც ნოემბრიდან მარტამდეა. ბეწვის არსებობა კი მიუთითებს, რომ ზამთრის ბალანი ჯერ კიდევ არ ჰქონდათ გაცვენილი.
"აქ წყლის ცნობილი წყარო არაა, ამიტომ შესაძლოა, ადამიანები სხვა რამეს მოეზიდა. არაა გამორიცხული, ეს სხვა ადგილამდე გადაადგილებისას შესასვენებლად კარგი წერტილი ყოფილიყო და მნიშვნელოვანიც, მაგრამ არ ვიცით, რატომ", — აცხადებენ მკვლევრები.
მათი ნაშრომი გამოცემაში Archaeological Research in Asia გამოქვეყნდა.
კომენტარები