გაეროს მისია მთიანი ყარაბაღის დაცარიელებულ ქუჩებში ჩავიდა
მას შემდეგ, რაც მთიანი ყარაბაღის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი სომხეთში გაიქცა, გაეროს მისია რეგიონში ჰუმანიტარული მდგომარეობის მონიტორინგისთვის ჩავიდა.
კვირას, მთიანი ყარაბაღის ადამიანის უფლებათა დამცველმა, გეგამ სტეპანიანმა განაცხადა, რომ მთიანი ყარაბაღიდან მთავრობის მიერ უზრუნველყოფილი ბოლო ავტობუსი გორისში, სომხეთში 15 მგზავრით ჩავიდა.
მთიანი ყარაბაღის აზერბაიჯანისთვის ჩაბარებიდან სულ რაღაც ერთ კვირაში, რეგიონი 100 000-ზე მეტმა დატოვა. გაურკვეველია, რამდენია დარჩენილი მოსახლეობის რაოდენობა. ოფიციალური შეფასებით, ომის დაწყებამდე მოსახლეობის რაოდენობა, დაახლოებით, 120 000 იყო. ალ ჯაზირამ რეგიონის დედაქალაქიდან, სტეფანაკერტიდან აღწერა "მოჩვენებების ქალაქი", სადაც აღარავინ დარჩა.
სტეპანიანმა თქვა, რომ ჯგუფი კარდაკარ დადიოდა, რათა დახმარებოდა ადამიანებს ევაკუაციაში, ვისაც ეს სჭირდებოდა და დაამატა, რომ ყველას, ვისაც აქვს ინფორმაცია მთიან ყარაბაღში დარჩენილი იზოლირებული ან დაუცველი ადამიანების შესახებ, შეუძლიათ დაუკავშირდნენ წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტეს.
კვირას, როგორც კი ბოლო ავტობუსი გაემგზავრა, გაეროს სადამკვირვებლო მისია მთიან ყარაბაღში ჩავიდა. მისიის გაცხადებული მიზანია ადგილზე სიტუაციის გაცნობა და რეგიონის მაცხოვრებლების ჰუმანიტარული საჭიროებების განსაზღვრა.
ამ მისიას სომხეთში ცინიზმით შეხვდნენ.
"მაქსიმუმ რამდენიმე ასეული ადამიანი [დარჩა], რომლებიც ასევე მიდიან", — დაწერა მთიანი ყარაბაღის ყოფილმა სახელმწიფო მინისტრმა, არტაკ ბეგლარიანმა, — "საერთაშორისო დამკვირვებლები აპირებენ შეამოწმონ, არის თუ არა დაცული ცხოველთა უფლებები და უსაფრთხოება ალიევის გენოციდური რეჟიმის მიერ? ხალხი დაბრუნდება თავიანთ სახლებში მტკიცე საერთაშორისო გარანტიებით".
თითქმის ყველა, ვინც მთიანი ყარაბაღი დატოვა, სომხეთში გაემგზავრა, რის შედეგადაც ქვეყანა დევნილთა უპრეცედენტო ნაკადს უმკლავდება.
შაბათს სომხეთის პრემიერმინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ ყველა დევნილი მთიანი ყარაბაღიდან, განურჩევლად ასაკისა, უზრუნველყოფილი იქნება სტიპენდიით — ֏50,000 [$125] მინიმუმ მომდევნო ექვსი თვით განმავლობაში. მისი თქმით, მათ ასევე გადაეცემათ ერთჯერადი თანხა — ֏100,000 [$250].
მოლაპარაკებები გრძელდება
მიუხედავად იმისა, რომ თითქმის არავინ დარჩა, აზერბაიჯანის წარმომადგენლები აგრძელებენ შეხვედრებს მთიანი ყარაბაღის ოფიციალურ პირებთან. ორშაბათს გამართული შეხვედრის შემდეგ, ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ აზერბაიჯანის მთავრობამ "დაიწყო პრაქტიკული საქმიანობა, რაც დაკავშირებულია რეგიონში მცხოვრები სომეხი მაცხოვრებლების რეინტეგრაციასთან".
ეს მოიცავდა მთელ რიგ ეკონომიკურ ღონისძიებებს, მათ შორის საგადასახადო შეღავათებსა და სუბსიდიებს რეგიონისთვის. მათი თქმით, უსაფრთხოება უზრუნველყოფილი იქნება აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ და დაამატეს, რომ ადგილობრივებს შეუძლიათ, მათ შეუერთდნენ.
როგორც ისინი ამბობენ, "მოქალაქეობის საკითხი" გადაწყდება "აზერბაიჯანის რესპუბლიკის კონსტიტუციისა და კანონმდებლობის შესაბამისად". მთიანი ყარაბაღის ეთნიკურად სომეხ მოსახლეობას აქვს სომხეთის მოქალაქეობა, მაშინ როცა აზერბაიჯანი არ ცნობს ორმაგ მოქალაქეობას. აზერბაიჯანის სახელმწიფო მედია ირწმუნება, რომ რეგიონის ზოგიერთმა მაცხოვრებელმა უკვე დაიწყო რეგისტრაცია აზერბაიჯანის მოქალაქეობის მისაღებად, თუმცა ზოგი ჯერ კიდევ ეჭვობს.
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ რეგიონის ადმინისტრირება მოხდება მუნიციპალიტეტების მეშვეობით, რომლებიც არჩევნების შედეგად ჩამოყალიბდება. საერთაშორისო დამკვირვებლები და უფლებადამცველები ხშირად აღნიშნავდნენ, რომ არჩევნები აზერბაიჯანში არ არის თავისუფალი და სამართლიანი.
პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ასევე განაცხადა, რომ უზრუნველყოფილი იქნება "მაცხოვრებლების უფლება დაიცვან და განავითარონ თავიანთი კულტურა". აზერბაიჯანის ხელისუფლება წლების განმავლობაში ამტკიცებდა, რომ სომხური კულტურის ადგილები მთიან ყარაბაღში, ფაქტობრივად, კავკასიური ალბანური წარმოშობის იყო.
"რეინტეგრაციის პრაქტიკაში განხორციელებასთან დაკავშირებით კონტაქტები სომეხი მაცხოვრებლების წარმომადგენლებთან გაგრძელდება", — შეაჯამეს მათ.
დაპატიმრებები და ასაფეთქებელი ნივთიერებები
მას შემდეგ, რაც რეგიონის მოსახლეობამ გასვლა დაიწყო, აზერბაიჯანმა დააკავა მთიანი ყარაბაღის მინიმუმ სამი ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენელი და ორი სამხედრო მეთაური.
ოთხშაბათს და პარასკევს დააკავეს დავით მანუკიანი და ლევონ მნაცაკანიანი, მთიანი ყარაბაღის არმიის ყოფილი მეთაური და მეთაურის მოადგილე. უფრო ადრე დააკავეს ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ბაბაინი, ყოფილი თავდაცვის მინისტრი, ლევან მნაცაკანიანი და ყოფილი სახელმწიფო მინისტრი, რუბენ ვარდანიანი.
ბაბაინმა, რომელიც ასევე მსახურობდა მთიანი ყარაბაღის პრეზიდენტის მრჩევლად ხუთშაბათს განაცხადა, რომ წავა შუშაში და თვითონვე ჩაბარდება..
კვირას, აზერბაიჯანის გენერალურმა პროკურორმა, ქამრან ალიევმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ აზერბაიჯანი ეძებს "300-ზე მეტ სომეხ სეპარატისტს, რომლებსაც ბრალი ედებათ მძიმე დანაშაულების ჩადენაში", მათ შორის, ყოფილ პრეზიდენტს, არაიიკ ჰარუთუნიანსა და ყოფილ სამხედრო მეთაურს, ჯალალ ჰარუთუნიანს.
მთიანი ყარაბაღის სხვა ოფიციალურმა პირებმა წარმატებით მიაღწიეს სომხეთამდე. ყოფილმა სახელმწიფო მინისტრმა, არტაკ ბეგლარიანმა კვირას განაცხადა, რომ ერევანში ჩავიდა. სამველ ბაბაინი, ეროვნული უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივანი ერევანში 25 სექტემბერს ჩავიდა.
მთიანი ყარაბაღის სახელმწიფო კომუნიკაციების სააგენტომ კვირას განაცხადა, რომ პრეზიდენტი სამველ შაჰრამანიანი რამდენიმე ოფიციალურ პირთან ერთად დარჩება სტეფანაკერტში მანამ, სანამ ბოლო ბრძოლებში დაღუპულთა სამძებრო-სამაშველო სამუშაოები არ დასრულდება.
კვირას, აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ სტეფანაკერტში ადმინისტრაციულ შენობებში ასაფეთქებელი ნივთიერებებია ჩამონტაჟებული.
ბოლო დღეებში, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამხედრო დაძაბულობაც გაიზარდა. შაბათს, აზერბაიჯანმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბასარკეჩერის რაიონში სომხური პოზიციიდან სნაიპერული სროლის შედეგად აზერბაიჯანელი ჯარისკაცი დაიღუპა,რასაც სომხეთი უარყოფს.
სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
OC Media-ს რედაქცია ამჯობინებს, არ გამოიყენოს ისეთი ტერმინები, როგორიცაა "დე ფაქტო", "არაღიარებული" ან "ნაწილობრივ აღიარებული", როდესაც სტატია ეხება ოკუპირებულ აფხაზეთს ან ე.წ. სამხრეთ ოსეთს, ასევე, მთიან ყარაბაღს. ეს არ ასახავს რედაქციის პოზიციას მათ სტატუსთან დაკავშირებით.
კომენტარები