იაპონელმა მეცნიერებმა ღრუბლებში პლასტმასის ნაწილაკები აღმოაჩინეს. ეს კიდევ ერთი მაგალითია იმისა, რომ მიკროპლასტმასა უკვე არა მხოლოდ ჩვენს სხეულში, საკვებში, ოკეანეებსა და ხმელეთზე, არამედ ატმოსფეროშიცაა გავრცელებული, რაც საგანგაშოა.

სპეციალისტებმა მათ მშობლიურ ქვეყანაში მდებარე 2 მთის, ფუძიამასა და ოიამას მწვერვალების მიმდებარედ ღრუბლებიდან წყლის ნიმუშები აიღეს. მათი გაანალიზების შედეგად მკვლევრებმა იქ 9 სხვადასხვა ტიპის პოლიმერებისა და რეზინის იდენტიფიცირება შეძლეს. ამ ნაწილაკების ზომა 7.1-94.6 მიკრომეტრი იყო.

აქამდე მიკროპლასტმასა ადამიანის სისხლში, პლაცენტაში, ორგანოებში, ასევე, საკვებში, სასმელში, მარიანას ღრმულში, ევერესტსა და სხვა ადგილებში იყო აღმოჩენილი. ახლა კი ვიცით, რომ ის ჰაერშიცაა, რომელსაც ვსუნთქავთ.

მიკროპლასტმასა.

ფოტო: Getty

"პლასტმასით ჰაერის დაბინძურების პრობლემას სათანადო ყურადღება არ ექცევა. კლიმატის ცვლილებასთან და ეკოლოგიასთან დაკავშირებული რისკები შესაძლოა, რეალობაd იქცეს და მომავალში გარემოს გამოუსწორებელი, სერიოზული ზიანი მიაყენოს", — აცხადებენ ავტორები.

მათ მიკროპლასტმასას გამოსავლენად ნიმუშები ინფრაწითელი სპექტრომეტრის მეშვეობით შეისწავლეს.

"როგორც ვიცით, ეს ღრუბლის წყალში ჰაერში არსებული მიკროპლასტმასას (AMP) მიგნების პირველი შემთხვევაა" — ამბობენ მეცნიერები.

მათი თქმით, მისი კონცენტრაცია იმდენად მაღალია, რომ შესაძლოა, ღრუბლის ფორმირებაზეც იქონიოს გავლენა და საერთო კლიმატი შეცვალოს. არაა გამორიცხული, რომ ის ამჟამად ამ პროცესს "პლასტმასას წვიმის" სახით უკვე უწყობდეს ხელს.

"ულტრაიისფერი რადიაციის გამო AMP ატმოსფეროს ზედა ფენაში იმაზე სწრაფად იშლება, ვიდრე ხმელეთზე. ეს სათბურის აირების გამოყოფას განაპირობებს და გლობალურ დათბობაში საკუთარი წვლილი შეაქვს", — აცხადებენ სპეციალისტები.

მათი ნაშრომი გამოცემაში Environmental Chemistry Letters გამოქვეყნდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.