იუსტიციის უმაღლესი საბჭო — სისტემის თუ დამოუკიდებელი მართლმსაჯულების სამსახურში
იუსტიციის უმაღლესი საბჭო სასამართლოების დამოუკიდებლობისა და ეფექტიანობისთვის შექმნილი ორგანოა. ის სისტემის მიუკერძოებლობის გარანტი უნდა იყოს. საბჭო სასამართლოსთვის მნიშვნელოვან ყველა საკვანძო საკითხზე იღებს გადაწყვეტილებას, მათ შორის, მოსამართლეთა დანიშვნა-გათავისუფლებაზე.
საქართველოში ეს ინსტიტუცია 1997 წელს შეიქმნა, როგორც პრეზიდენტის სათათბირო ორგანო. მოსამართლეებთან ერთად საბჭოში იუსტიციის მინისტრი, გენერალური პროკურორი და პარლამენტის წევრებიც შედიოდნენ.
2007 წლის საკანონმდებლო რეფორმის შედეგად, იუსტიციის უმაღლესი საბჭო პრეზიდენტისგან დამოუკიდებელი ორგანო გახდა, 2013 წელს კი პარლამენტსაც გაემიჯნა — საბჭოს შემადგენლობიდან საკანონმდებლო ორგანოს წევრები გავიდნენ.
ამჟამად, კანონის თანახმად, კოლეგიური ორგანო 15 წევრისგან შედგება. 8 მათგანს საერთო სასამართლოების თვითმმართველობის ორგანო, მოსამართლეთა კონფერენცია, ირჩევს, 5-ს პარლამენტი ნიშნავს, ერთს — პრეზიდენტი, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კი საბჭოში თანამდებობრივად შედის.
არაერთი საკანონმდებლო ცვლილების მიუხედავად, იუსტიციის უმაღლესი საბჭო ადგილობრივი თუ საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან კრიტიკას იმსახურებს, მისი "ჯეროვანი რეფორმის" საჭიროება კი ევროკომისიის რეკომენდაციებში მოხვდა. იურისტები, რომლებიც ამ სისტემას წლებია, იკვლევენ, ფიქრობენ, რომ საბჭომ არა დამოუკიდებელი სასამართლოს იდეალებს, არამედ კლანის გავლენიან წევრებს უერთგულა.
On.ge-მ სცადა, კოლეგიური ორგანოს როლზე, ფუნქციებსა და მის მიმართ არსებულ კრიტიკაზე ინტერვიუ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენელთანაც ჩაეწერა. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში გვითხრეს, რომ ჩვენთან საუბარს ვერ მოახერხებდნენ, მოგვიანებით კი კითხვების წინასწარ გაგზავნა ითხოვეს. კითხვაზე, რატომ არ სურთ საბჭოში ამ პირობის გარეშე საუბარი, პრესსამსახურის წარმომადგენელმა გვითხრა, რომ პასუხს ის ვერ გაგვცემდა, რადგან "კოლეგიური ორგანოს პოზიციის გამოხატვა საბჭოს სხდომაზე განხილვის შემდეგ ხდება".
ჭარბი ძალაუფლება და ნაკლები ანგარიშვალდებულება
როგორც იურისტები განმარტავენ, იუსტიციის უმაღლესი საბჭო სასამართლო სისტემაში მიმდინარე ყველა პროცესზე კონტროლის მექანიზმს ფლობს. მათი შეფასებით, ძირეული რეფორმების გატარების ნაცვლად, ხელისუფლებამ კიდევ უფრო წაახალისა კორპორატივიზმი კოლეგიურ ორგანოში.
სულხან სალაძე, რომელიც თავადაც იყო საბჭოს არამოსამართლე წევრობის კანდიდატი, ამბობს, რომ ამ ინსტიტუტის ადგილი სასამართლო ხელისუფლებაში ცენტრალურია.
დღეისათვის საბჭო პარლამენტს წარუდგენს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს, ასევე, თანამდებობაზე ნიშნავს:
- საქალაქო და სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეებს;
- ამავე სასამართლოების თავმჯდომარეებსა და მათ მოადგილეებს;
- საერთო სასამართლოების დეპარტამენტის თავმჯდომარეს და მის მოადგილეებს;
- საქალაქო სასამართლოს კოლეგიების თავმჯდომარეებს;
- სააპელაციო სასამართლოს პალატებისა და საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარეებს;
- მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდის საგამოცდო კომისიის წევრებს;
- იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამოუკიდებელი საბჭოს წევრებს;
- იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამოუკიდებელი საბჭოს თავმჯდომარეს.
გარდა ამისა, საბჭო გადაწყვეტილებას იღებს:
- მოსამართლის საქმიდან ჩამოცილებაზე;
- მოსამართლის სხვა სასამართლოში მივლინებაზე;
- მოსამართლის მიმართ დისციპლინური დევნის დაწყებაზე;
- მოსამართლის დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემაზე ან მის მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების შეწყვეტაზე;
- მოსამართლის წახალისებაზე და სხვა.
საიას დემოკრატიული ინსტიტუტების მხარდაჭერის ანალიტიკოსი, ნინო ნოზაძე, რომელიც საბჭოს მონიტორინგის არაერთი ანგარიშის ავტორია, ამბობს, რომ, ფაქტობრივად, კოლეგიური ორგანო მართავს მთელ სასამართლოს, შესაბამისად, სისტემის მთავარი გამოწვევებიც საბჭოში ყველაზე თვალნათლივ ჩანს.
"საბჭოში თავმოყრილი ფორმალური ძალაუფლების გათვალისწინებით, სასამართლო სისტემაში არსებული პრობლემებისა და შიდა გავლენების ძირითად ნაწილს სწორედ აქ ვაწყდებით", — გვეუბნება ნოზაძე.
მისი თქმით, საბჭოს აქვს ბერკეტები, რომლითაც შეუძლია, ინდივიდუალური მოსამართლეები მუდმივად შიშის ქვეშ ჰყავდეს.
"გარკვეულწილად, საბჭოს აწყობს, რომ დისციპლინური სამართალწარმოების ფუნქცია ყველა მოსამართლის მიმართ ჰქონდეს ხელში და როცა მას დასჭირდება კონკრეტული მოსამართლეების მიმართ გამოიყენოს. დამოუკიდებელი ინსპექტორი იწყებს მოკვლევას, თუმცა დამოუკიდებელ ინსპექტორსაც ნიშნავს საბჭო და მის არჩევას ჰყოფნის საბჭოს მხოლოდ 8 ხმა", — გვიხსნის ანალიტიკოსი.
ნოზაძე საბჭოს ხელში მოსამართლეზე გავლენის ბერკეტად განიხილავს მივლინების წესის ცვლილებასაც, რაც საბჭოს საშუალებას აძლევს, მოსამართლის მივლინების გადაწყვეტილება დაუსაბუთებლად მიიღოს. ანალიტიკოსი ფიქრობს, რომ ამან კიდევ უფრო მეტად გაზარდა ინდივიდუალური მოსამართლეების მოწყვლადობა.
"მივლინების წესი, რომელიც წლების განმავლობაში იყო კრიტიკულად შეფასებული და შემდეგ რეფორმების შედეგად შეიცვალა, 2021 წელს იგივე ნიშნულს დაუბრუნდა. საბჭოს, ასევე, შეუძლია, არ გაითვალისწინოს ტერიტორიულობის პრინციპი და ასევე, აპელაციიდან პირველ ინსტანციაში გადაიყვანოს მოსამართლე", — ამბობს ნოზაძე.
მურუსიძე-გვრიტიშვილის დაბრუნება საბჭოში
2021 წლის ბოლოს მიღებული ცვლილებით, საბჭოს წევრად ერთი და იმავე პირის ზედიზედ ორჯერ არჩევის აკრძალვა გაუქმდა. ერთი წლის შემდეგ კი ეს ნორმა პრაქტიკაში ამოქმედდა, საბჭოში ლევან მურუსიძე და დიმიტრი გვრიტიშვილი დაბრუნდნენ — მოსამართლეები, რომელსაც ყველაზე ხშირად მოიხსენიებენ ე.წ კლანის წევრებად.
მურუსიძე ამბობდა, რომ გადაწყვიტა, ბრალდებებზე პასუხი გაეცა და სასამართლოს დამოუკიდებლობისთვის ებრძოლა, ამას კი საბჭოს წევრის სტატუსით ლეგიტიმურად შეძლებდა. კონფერენციაზე დამსწრე მოსამართლეების ნაწილი მის გადაწყვეტილებას ტაშით შეეგება.
მოსამართლეთა აბსოლუტურმა უმრავლესობამ არაკონკურენტულ გარემოში დასახელებულ 2 კანდიდატს მხარი დაუჭირა. კონფერენციაზე დარეგისტრირებული 279 მოსამართლიდან ლევან მურუსიძემ 268 ხმა მიიღო, დიმიტრი გვრიტიშვილმა კი — 267. ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობოების შეფასებით, ამ მოვლენებმა საბჭოში არაფორმალური გავლენები კიდევ უფრო გააძლიერა.
იურისტების შეფასებით, ადმინისტრაციულ თანამდებობებზე ძირითადად ერთი და იგივე ადამიანები, გავლენიანი ჯგუფის წარმომადგენლები ინიშნებიან, სისტემაში მყოფი სხვა პირები კი მართვის პროცესში ვერ ერთვებიან.
"დღეს იუსტიციის საბჭოში არსებულ გავლენიან ჯგუფს — კლანს, როგორც ხშირად მოვიხსენიებთ და მმართველ პარტიას, ორივეს სჭირდება ერთმანეთი, მით უმეტეს, იმ პირობებში, როცა ამ ქვეყანაში არსებობს კონკრეტული საქმეები, რომლებზეც უნდა დადგეს კონკრეტული გადაწყვეტილება და არა მაინცდამაინც ის, რაც შეიძლება კანონით იყოს გათვალისწინებული", — ამბობს სალაძე.
არამოსამართლე წევრების არჩევა — "წინასწარ არსებობდა სია"
ევროკომისიის რეკომენდაციების ერთ-ერთი პრიორიტეტი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების დანიშვნააა. 2021 წლის ივნისის შემდეგ საბჭო ათი წევრის შემადგენლობით აგრძელებდა მუშაობას. გასული წლის ოქტომბერში პარლამენტმა 5 არამოსამართლე წევრის შესარჩევი კონკურსი გამოაცხადა. მასში მონაწილეობის სურვილი 32-მა პრეტენდენტმა გამოთქვა. მათ შორის იყო კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის მხარდაჭერილი 5 კანდიდატი, რომლებიც არასამთავრობო ორგანიზაციებმა და უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა წარადგინეს.
კეთილსინდისიერი არამოსამართლე წევრების შერჩევას სისტემის გაჯანსაღებისთვის უნდა შეეწყო ხელი. გასული წლების გამოცდილება აჩვენებდა, რომ საბჭოში განსხვავებულ მოსაზრებებს სწორედ არამოსამართლე წევრები აფიქსირებდნენ.
17 მაისს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახალი წევრების არჩევა მოულოდნელი სცენარით განვითარდა. ქართულ ოცნებასთან ერთად კანდიდატებს მხარდაჭერა საპარლამენტო ოპოზიციის 4-მა დეპუტატმაც გამოუცხადა. ოპოზიციის ნაწილი ამბობდა, რომ ზოგიერთი მათგანი მმართველ გუნდს გაურიგდა, ამიტომაც მათ დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვეს. ასე შეირჩა საბჭოს სამი არამოსამართლე წევრი: ტრისტან ბენაშვილი, ზურაბ გურასპაშვილი და გიორგი გზობავა, 2 არამოსამართლე წევრის ადგილი კი საბჭოში ამ დრომდე ვაკანტურია.
იურისტი, სულხან სალაძე ამბობს, რომ არსებობდა სია, ვინ არ უნდა მოხვედრილიყო საბჭოში, მმართველი პარტია პროცესში ღიაობასა და გახსნილობას კი მხოლოდ თამაშობდა.
"მათ თავიდანვე გადაწყვეტილი ჰქონდათ, რომ არცერთი დამოუკიდებელი კანდიდატი არ უნდა არჩეულიყო საბჭოში. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, მმართველი პარტიისთვის არსებობდა რაღაც სია, ვინც არ უნდა არჩეულიყო, დანარჩენი იქ ვინ იქნებოდა არჩეული, ეს ნაკლებად საინტერესო შეიძლება, ყოფილიყო მისთვის".
სალაძე დარწმუნებულია, რომ ოცნებამ საკითხი კენჭისყრაზე სწორედ მას შემდეგ გაიტანა, რაც სასურველი კანდიდატების ასარჩევად საკმარისი ხმების შეგროვება შეძლო.
საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოს კვლევით, საბჭოს ახალ წევრებს სანქცირებულ მოსამართლეებთან კავშირები აქვთ. მაგალითად, გურასპაშვილი თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორი იყო სწორედ მაშინ, როცა იქ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი მიქაუტაძე მუშაობდა. TI-ის კვლევით, გურასპაშვილი დაკავშირებულია თბილისის სააპელაციო სასამართლოს სანქცირებულ მოსამართლე ირაკლი შენგელიასთან და მის მეუღლესთან, ლანა თევზაძესთანაც, რომელიც, თავის მხრივ, მოსამართლეთა ჯგუფის ერთ-ერთი წევრის, ლევან თევზაძის დაა.
იურისტები ამბობენ, რომ არცერთ არამოსამართლე წევრს სისტემაში არსებულ გამოწვევებზე არ უსაუბრია. მათ მთავარ პრობლემებად სასამართლოს გადატვირთულობა და შენობების ტექნიკური ადაპტირება დაასახელეს. ასევე, თქვეს, რომ დღეს სასამართლო სისტემა სრულად დამოუკიდებელია.
ნოზაძე ფიქრობს, რომ საბჭოს მიმართ კრიტიკულად დაბალი ნდობის პირობებში, ძალიან მნიშვნელოვანი იყო, კოლეგიურ ორგანოში კეთილსინდისიერი არამოსამართლე წევრები არჩეულიყვნენ, რომლებიც განსხვავებულ აზრს გააჩენდნენ.
"ჩვენთვის თვალნათელი იყო მათი შერჩევით, რომ ისინი საბჭოში მოცემულობას ვერ შეცვლიდნენ და ისევ არაფორმალურ გავლენებში ჩაერთვებოდნენ. რასაც ჩვენ უკვე ვამონიტორინგებთ სამი თვეა, არცერთ წევრს არცერთ საკითხზე კითხვაც კი არ დაუსვამს. ის კი არა, რომ განსხვავებული აზრი ჰქონოდათ ან დებატები მოჰყოლოდა რაღაც საკითხებს, უბრალოდ კითხვაც არ დაუსვამთ", — ამბობს ანალიტიკოსი.
რა შეიძლება, იყოს გამოსავალი
სალაძე ფიქრობს, რომ ამ შემადგენლობის იუსტიციის უმაღლესი საბჭო მომდევნო 3-4 წლის განმავლობაში ჩაკეტილი სისტემაა, რომელსაც მხოლოდ ძირეული რეფორმა გამოასწორებს.
"ეს დიდი და ძირეული რეფორმები ვერ ჩატარდება, თუ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ქვეყანაში არ შეიცვალა სტატუს-კვო. ბევრი საკითხია დაკავშირებული ერთმანეთთან, მაგრამ რეალობა არის იმაზე ბევრად მძიმე სასამართლო სისტემაში, ვიდრე ეს ჩვენ წარმოგვიდგენია და ვიდრე ეს საჯაროდ საზოგადოებამ იცის", — ამბობს იურისტი.
მისივე შეფასებით, პრობლემა არა საკანონმდებლო ჩანაწერები, არამედ საბჭოში არსებული გავლენიანი ჯგუფი და პოლიტიკური გუნდია, რომელსაც ეს ვითარება აწყობს. იურისტის თქმით, კოსმეტიკური ჩარევების დრო ქართულ მართლმსაჯულებაში დიდიხანია, დასრულდა.
"თუ არგუმენტირებულად დავასაბუთებთ, რატომ გვჭირდება უფრო, შესაძლოა, ხისტი გადაწყვეტილებები დღეს ამ სისტემაში, ვიდრე კანონის რომელიმე მუხლში პუნქტის გადაადგილება, რაღაც წერტილის და მძიმის შეცვლა, თუ ამას კვალიფიციურად გავაკეთებთ, დაცლილი იქნება პოლიტიკური ინტერესებისგან, რომ იქ ერთი ჯგუფი მეორე ჯგუფმა ჩაანაცვლოს, მაშინ ეს მიღწევადია", — გვეუბნება სალაძე.
ფასადური ცვლილებების აზრს ვერც საიას ანალიტიკოსი, ნინო ნოზაძე ხედავს. ამბობს, რომ გამოსავალი არაფორმალურ გავლენებთან ბრძოლაა.
სტატია მომზადდა On.ge-ის მიერ USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით. პროგრამას ახორციელებს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI) ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით. სტატიის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია On.ge და მასში გამოთქმული მოსაზრებები, შესაძლოა, არ ასახავდეს ზემოთ ნახსენები საერთაშორისო ორგანიზაციების შეხედულებებს.
The article was prepared by the On.ge with the support of the USAID Rule of Law Program funded by the United States Agency for International Development (USAID) through the East-West Management Institute (EWMI). The views expressed in this article are the sole responsibility of the author and do not necessarily reflect the views of USAID and EWMI.
თუ მსგავსი ამბები გაინტერესებს, შემოგვიერთდი ჯგუფში: რა ხდება სასამართლოში. აქ განვიხილავთ ყველაფერს, რაც საქართველოში სასამართლო სისტემის შესახებ უნდა იცოდე და ხელს ვუწყობთ დისკუსიის წამოწყებას სასამართლო სისტემაში განვითარებული მოვლენების შესახებ.
კომენტარები