აზერბაიჯანში ომის მოწინააღმდეგეებს აკავებენ
მთიან ყარაბაღზე სამხედრო შეტევის დაწყების შემდეგ, აზერბაიჯანის მთავრობამ, სულ მცირე, 5 ადამიანი დააკავა. ისინი ომის წინააღმდეგ გამოდიოდნენ.
ოთხშაბათს და ხუთშაბათს სამი ადამიანი დააკავეს სოციალურ მედიაში "აკრძალული" შინაარსის ინფორმაციის გამოქვეყნების გამო. მათგან ორს უკვე შეეფარდა 30-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა, ხოლო მესამე სასამართლო პროცესს ელოდება.
კიდევ ერთ ომის მოწინააღმდეგე აქტივისტს პოლიციის დაუმორჩილებლობის ბრალდებით 30-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა მიესაჯა.
შემდეგ დაკავებულს, აფიადინ მამედოვს, რომელიც მუშათა პროფკავშირების კონფედერაციას ხელმძღვანელობს, ბრალი წაუყენეს კაცის დაჭრის ბრალდებით და 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. მამედოვიც აქტიურად აკრიტიკებდა ომს.
ბოლო წლებში, სამხედრო დაპირისპირებამდე, დაპირისპირების დროს და მის შემდეგაც, აზერბაიჯანული მხარე ხშირად აპატიმრებდა ომის მოწინააღმდეგე აქტივისტებს.
ადვოკატ აგილ ლაიჯის, თქმით, პირველი, ვინც ე.წ. "აკრძალული" შინაარსის მქონე ინფორმაციის გამოქვეყნებისთვის დააკავეს, იყო ყოფილი აზერბაიჯანელი დიპლომატი, ემინ იბრაჰიმოვი.
დამოუკიდებელმა ოპოზიციურმა პოლიტიკოსმა, აზერ გასიმლიმ, განაცხადა, რომ აბასოვის დაკავება, დაკავშირებული იყო, სოციალურ მედიაში გამოქვეყნებულ პოსტებთან, რომლითაც ის მთიან ყარაბაღში სამხედრო ოპერაციას ეწინააღმდეგებოდა.
"ჩვენ გვყავს ამ ქვეყანაში სუფთა ხალხი, რომლებიც აზერბაიჯანის ეროვნულ ინტერესებზე ზრუნავენ. მათთვის ქვეყნის დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი ძვირფასია. რადგან ისინი ამ ღირებულებებს იცავენ და ღიად გამოხატავენ თავიანთ აზრებს, ხელისუფლება ცრუ ბრალდებების გამოყენებით აპატიმრებს მათ. ერთ-ერთი ასეთი ადამიანი კი ყოფილი დიპლომატი ემინ იბრაჰიმოვია", — აღნიშნავს გასიმლი.
ფეისბუქზე, ოთხშაბათს გამოქვეყნებულ პოსტში, იბრაჰიმი, ამტკიცებდა, რომ სამხედრო მოქმედებები მთიან ყარაბაღში რუსეთის ინტერესებიდან გამომდინარე მიმდინარეობს.
პრო-დემოკრატიულ აქტივისტს, ამრაფ ტაჰმაზოვს, რომელიც ომის აშკარა კრიტიკოსი იყო, ასევე 30-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა მიესაჯა, ინტერნეტში აკრძალული შინაარსის მქონე ინფორმაციის გამოქვეყნების გამო.
ტაჰმაზოვმა წინა დღეს განაცხადა, რომ ის დაბარებული იყო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში. მეორე ომის მოწინააღმდეგე აქტივისტის, ჯავიდ აჰმადოვის თქმით კი, ისიც იმავე დღეს დაიბარეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში და გათავისუფლებამდე, დაახლოებით, 4 საათის განმავლობაში კითხავდნენ.
ტაჰმაზოვმა, 2023 წლის მაისში, ერთთვიანი ადმინისტრაციული პატიმრობა მოიხადა პოლიციის დაუმორჩილებლობის ბრალდებით. მან ეს მისი მხრიდან, პრეზიდენტი ალიევის, კრიტიკას დაუკავშირდა და ასევე მის მოწოდებას, გაეთავისუფლებინათ პოლიტპატიმრები.
ნურლან გაჰრამანლი, ჟურნალისტი და ბლოგერი, დააკავეს ხუთშაბათს და 30-დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს, ინტერნეტში აკრძალული შინაარსის ინფორმაციის გამოქვეყნების გამო.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, გაჰრამანლის სახლში სამოქალაქო ტანსაცმელში გადაცმული ოთხი პირი მივიდა და ის გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს. დაკავების შემდეგ მან ფეისბუქზე დაწერა, რომ მთავარ პროკურატურაში იმყოფებოდა.
14 სექტემბერს, გაჰრამანლიმ, ამერიკის ხმას განუცხადა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაიბარეს, რადგან შესაძლო ახალი ომის საწინააღმდეგო აზრი გამოხატა. მან თქვა, რომ გაუპატიურებით ემუქრებოდნენ.
ოთხშაბათს, ასევე დააკავეს, ომის მოწინააღმდეგეთა კამპანიის კიდევ ერთი აქტივისტი, ნემეთ აბასოვი. ნარიმანოვის რაიონულმა სასამართლომ, პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით, მას 30-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.
აბასოვმა, სამშაბათს გამოქვეყნებულ ფეისბუქ პოსტში, გააკრიტიკა ომი.
"სეპარატისტული რეჟიმის" ერთადერთი ალტერნატივა მთიანი ყარაბაღისთვის "ავტორიტარიზმი და დიქტატურაა" — განაცხადა მან — "რადგან ეს არის მთავრობა, რომელიც მართავს აზერბაიჯანს".
"არსებული პირობებისა და სტანდარტების გათვალისწინებით, ჩვენი მოთხოვნა და პოზიცია უნდა იყოს მშვიდობიანი თანაარსებობა, სიმშვიდე, სტაბილური და მდგრადი უსაფრთხოება".
აბასოვის ერთ-ერთმა მეგობარმა, დაკავების შემდეგ ინტერნეტში გამოქვეყნებულ პოსტში თქვა: "მიუხედავად იმისა, რომ ნემეთი თავად მონაწილეობდა 2020 წლის ომში, ის, ამჟამად, ომის წინააღმდეგია, ამ მოსაზრების გაზიარების გამო ისჯება ".
აფიადინ მამედოვი, მუშათა პროფკავშირების კონფედერაციის თავმჯდომარე და ომის კიდევ ერთი ღია კრიტიკოსი, ოთხშაბათს, საკუთარ სახლთან დააკავეს. მოგვიანებით მას ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.
მისი თანამოაზრე აქტივისტის, აჰმედ მამადლის თქმით, მამედოვს ბრალი წაუყენეს ადამიანის დაჭრის მუხლით, საკუთარი სახლის სიახლოვეს.
მამადლი ასევე ამბობს: "ისე იყო დაგეგმილი, როცა აფიადინი შენობიდან გამოვიდა მას მიუახლოვდა ვიღაც, ვინც საკუთარ თავი დანით დაიზიანა და შემდგომ, დანა აფიადინს ესროლა. პოლიციამ მაშინვე აფიადინი დააკავა".
მამადლიმ OC მედიას განუცხადა, რომ მამედოვს ბრალს ხულიგნობის მუხლით უცვლიან, რომელსაც თან ახლდა ძალის გამოყენება და ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 2-დან — 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
"ჩვენ უარს ვამბობთ ახალ ე.წ. დაკავების სცენარებზე. მოვითხოვთ აფიადინ მამედოვის და სხვა პოლიტპატიმრების გათავისუფლებას", — აცხადებს ის.
ეს არ არის მამედოვის დაკავების პირველი შემთხვევა. 3 აგვისტოს, პოლიციის ბრძანების დაუმორჩილებლობის ბრალდებით, მას 30-დღიანი პატიმრობა შეეფარდა.
სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
OC Media-ს რედაქცია ამჯობინებს, არ გამოიყენოს ისეთი ტერმინები, როგორიცაა "დე ფაქტო", "არაღიარებული" ან "ნაწილობრივ აღიარებული", როდესაც სტატია ეხება ოკუპირებულ აფხაზეთს ან ე.წ. სამხრეთ ოსეთს, ასევე, მთიან ყარაბაღს. ეს არ ასახავს რედაქციის პოზიციას მათ სტატუსთან დაკავშირებით.
კომენტარები