დადასტურდა, რომ ეს წითელი ლაქა სამყაროს ერთ-ერთი უძველესი გალაქტიკაა
ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპის მიერ გადაღებულ ღრმა კოსმოსის ერთ-ერთ ადრეულ სურათზე ასტრონომებმა წითელი ლაქის სახით წარმოდგენილი ობიექტი დააფიქსირეს, რომელსაც მეისის გალაქტიკა ეწოდება. ახლა უკვე დანამდვილებით ვიცით, რომ ის სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე ძველი მსგავსი სისტემაა. კერძოდ, მსოფლიოში უმძლავრესმა ობსერვატორიამ ის ისეთი სახით დაგვანახა, როგორიც დიდი აფეთქებიდან სულ რაღაც 390 მილიონ წელში იყო.
"მეისის გალაქტიკაში ამაღელვებელი ისაა, რომ ის ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპის მიერ იდენტიფიცირებული ერთ-ერთი პირველი შორეული გალაქტიკაა. ასევე, პირველია, რომლის არსებობაც სპექტროსკოპიულად დადასტურდა", — აცხადებს ასტრონომი სტივენ ფინკელშტეინი, რომელმაც გალაქტიკას თავისი შვილის, მეისის სახელი დაარქვა, რადგან ზემოხსენებული ობიექტი მის დაბადების დღეზე აღმოაჩინეს.
ასეთი შორეული გალაქტიკების გამოსავლენად მეცნიერები მათ სინათლეს აკვირდებიან. იქიდან გამომდინარე, რომ სამყარო ფართოვდება, დიდი დისტანციიდან ჩვენამდე მომავალი სხივები გზად "იწელება" და სპექტრის წითელ დიაპაზონში გადადის. ვები სწორედ ამგვარი გამოსხივების მიმართაა მგრძნობიარე, რისი მეშვეობითაც კოსმოსის წარსულში იხედება.
წითელი წანაცვლების ფენომენს z-ით აღნიშნავენ. პირველადი ფოტომეტრიული მონაცემებით სპეციალისტებმა z~12 მაჩვენებელი მიიღეს, რაც ნიშნავს, რომ ეგონათ, დიდი აფეთქებიდან დაახლოებით 366 მილიონი წლის შემდეგ არსებულ გალაქტიკას აკვირდებოდნენ.
ამისგან განსხვავებით, ვების სპექტროსკოპით z=11.4 წანაცვლება გამოთვალეს, რაც დიდი აფეთქებიდან 390 მილიონი წლის ეკვივალენტურია. ეს ნიშნავს, რომ მეისის გალაქტიკიდან დედამიწამდე მოსაღწევად სინათლე კოსმოსში 13.4 მილიარდი წელი გადაადგილდებოდა.
ავტორებმა 2 სხვა უძველესი გალაქტიკაც შეისწავლეს. მათგან ერთის წითელი წანაცვლება z=11.043 იყო, რაც ფოტომეტრიულ მონაცემებს შეესაბამება. მეორის მაჩვენებელი კი z≃16.4-ის ნაცვლად z=4.9 აღმოჩნდა. ეს სხვაობა ფოტომეტრიულ ანალიზში 3 სპექტრული მახასიათებლის დამთხვევამ გამოიწვია.
მეცნიერები ამბობენ, რომ მსგავსი ცდომილება შესაძლოა, სხვა გალაქტიკების შემთხვევაშიც მოხდეს, ამიტომ მათ შესახებ შეგროვებული ინფორმაცია დიდი სიფრთხილით უნდა გაანალიზდეს.
ახალი ნაშრომი გამოცემაში Nature გამოქვეყნდა.
კომენტარები