რატომ აქვთ კაცებს ძუძუსთავები?
რატომ ხდება, რომ კაცები ბავშვებს ძუძუს ვერ აწოვებენ, თუმცა ძუძუსთავები მაინც აქვთ?
ეს იმით აიხსნება, რომ, გენეტიკური თვალსაზრისით, მდედრობითი და მამრობითი სქესის ემბრიონები გარკვეულ ეტაპამდე ერთნაირად ვითარდებიან.
ჩასახვიდან პირველი რამდენიმე კვირის განმავლობაში ემბრიონებში ძუძუსთავები ჩნდება, განურჩევლად სქესისა. მუცლადყოფნიდან დაახლოებით 6-7 კვირის შემდეგ Y ქრომოსომის გენი ცვლილებებს იწვევს, ამას კი მამრებში სათესლე ჯირკვლების განვითარება მოსდევს.
სათესლე ჯირკვლების ფორმირების შემდეგ, მუცლადყოფნის დაახლოებით მე-9 კვირაში, მამრობითი სქესის ემბრიონში ტესტოსტერონის წარმოქმნა იწყება. ამას გენიტალიებსა და ტვინში უჯრედთა გენეტიკურ აქტივობაზე აქვს გავლენა. მიუხედავად ამ ცვლილებებისა, მამრ ინდივიდში ძუძუსთავები მაინც არსად ქრება.
მაშ, რატომ უნარჩუნდებათ კაცებს ეს ნარჩენი სტრუქტურა?
მართალია, მას ევოლუციური დატვირთვა აღარ აქვს, თუმცა ძუძუსთავების ქონას მამრებისთვის არანაირი ზიანი არ მოაქვს; მის შესანარჩუნებლად არც დიდი ენერგია იხარჯება. შესაბამისად, ევოლუციური თვალსაზრისით, კაცებისთვის ძუძუსთავების მოშორება პრიორიტეტული ნამდვილად არ არის.
კომენტარები