ამერიკელი მოსამართლე ქართულ სასამართლო სისტემაზე თავის დაკვირვებას გვიზიარებს
პეგი უოლკერი 30-წლიანი გამოცდილების მქონე ამერიკელი მოსამართლეა. ის ათი წლის განმავლობაში ეწეოდა საადვოკატო პრაქტიკას პრობაციის, კონტრაქტების, საოჯახო სამართლისა და გაკოტრების სფეროში. იყო არასრულწლოვანთა და საოჯახო სასამართლოების მოსამართლეთა ეროვნული საბჭოს ბორდის წევრი.
მისი ექსპერტიზა მოიცავს სამოქალაქო და სისხლის სამართლის საკითხებს, ასევე, მეურვეობასთან, ბავშვის მხარდაჭერასთან, შვილად აყვანასა და ოჯახურ ძალადობასთან დაკავშირებულ საქმეებს.
კარიერის განმავლობაში უოლკერი ამერიკელ მოსამართლეებს ასწავლიდა და მათ მენტორობას უწევდა. როგორც გამოცდილი მოსამართლე, ის აგრძელებს იურისტებისთვის საუკეთესო პრაქტიკისა და პროცედურების სწავლებას, მათ შორის, საოჯახო საქმეების განმხილველ სასამართლოებში.
უოლკერი საქართველოში USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის ფარგლებში ჩამოვიდა. ის პროცესებს ქუთაისის საქალაქო, ზესტაფონისა და სამტრედიის რაიონულ სასამართლოებში ესწრებოდა და თავის გამოცდილებას ქართველ მოსამართლეებს უზიარებდა.
ამერიკის შეერთებულ შტატებში გამგზავრებამდე მოსამართლე უოლკერს ვთხოვეთ, ქართულ სასამართლო სისტემაზე დაკვირვებისას აღმოჩენილ მთავარ მიგნებებზე ჩვენთან ესაუბრა.
თქვენ ხართ პირველი ქალი მოსამართლე გრძელვადიანი მენტორობის მისიით. როგორ აღმოჩნდით საქართველოში და რა იცოდით მანამდე ამ ქვეყნის შესახებ?
საკმაოდ იღბლიანი აღმოვჩნდი იმ თვალსაზრისით, რომ სანამ საქართველოში ჩამოვიდოდი, უკვე მყავდა მეგობრები, რომლებიც აქ ნამყოფები იყვნენ. მათ შემომთავაზეს საკითხავი მასალა, რომელიც მოსამზადებელ პერიოდში გადავიკითხე და საქართველოს ისტორიასა და კულტურას გავეცანი. თუმცა, საქართველოს შესახებ მას შემდეგ გავიგე, რაც აქ ჩამოვედი და ხალხი გავიცანი.
რას აკეთებდით პროგრამის ფარგლებში, როგორი იყო მენტორობის პროცესი, თქვენი წვლილი ქართველი მოსამართლეების შესაძლებლობების/ცოდნის განვითარებაში?
პირველ რიგში, ჩემთვის ძალიან დიდი პატივია საქართველოში ყოფნა, იქიდან გამომდინარე, რომ ამ პროგრამაში პირველი ქალი მოსამართლე ვარ. აშშ-ს სასამართლოებში არცთუ ისე ბევრი ქალი მოსამართლეა მაღალ პოზიციებზე. ერთ-ერთი აღმოჩენა აქ ყოფნისას არის ის, რომ საქართველოში საკმაოდ ბევრი ქალი მოსამართლე გყავთ და მოხარული ვიქნები, თუ მათ უფრო მაღალ, ხელმძღვანელ პოზიციებზე ვიხილავ.
ჩემთვის მენტორობა მოიცავდა სასამართლო პროცესებზე დასწრებას, შემდეგ ჩვენ მოსამართლეებთან დისკუსიები გვქონდა. მათ ძალიან ბუნებრივი ცნობისმოყვარეობა აქვთ და დაინტერესებულნი არიან იმ ადამიანით, ვინც ესწრება მათ პროცესებს, განსაკუთრებით, როცა ეს ადამიანი არის ქვეყნიდან, სადაც საერთო სამართალი მოქმედებს.
შესაბამისად, ეს გარემოება ორივე ჩვენგანს გვაძლევს შესაძლებლობას, რომ ერთმანეთისგან ვისწავლოთ. გარდა ამისა, ეს მენტორობის პროგრამა, ასევე, მოიცავს პრეზენტაციებს, შეხვედრებს, დისკუსიებს, ფასილიტაციას და ძალიან ინტენსიური ხასიათის პროცესია. ამაში ჩართულები არიან როგორც მოსამართლეები, ასევე, ადვოკატები და რა თქმა უნდა, ამერიკელი მოსამართლე.
რამდენად გამოავლინეს ქართველმა მოსამართლეებმა ახალი ცოდნისა და გამოცდილების მიღების მზაობა?
ვფიქრობ, ქართველი მოსამართლეები იყვნენ ძალიან დაინტერესებულები, ჩართულები, ახალი ინფორმაციის მიღების, სწავლის სურვილი ჰქონდათ. გარდა ამისა, საკმარისად გულისხმიერები იყვნენ და ამიხსნეს, რომ ზოგიერთ შემთხვევაში, იმის გამო, რომ სამოქალაქო სისტემასა და საერთო სამართლის სისტემებს შორის განსხვავება არსებობს, იქმნებოდა გარკვეული საკითხები, რომელთა განხორციელებასაც ისინი თავიანთი სამართლებრივი სისტემის გათვალისწინებით ვერ შეძლებდნენ.
თქვენი დაკვირვებით, რა არის სასამართლო სისტემის მთავარი პრობლემა საქართველოში და რა გამოწვევები დაასახელეს თავად მოსამართლეებმა?
მოსამართლეებს ძალიან ბევრი ფუნქცია და პასუხისმგებლობა აქვთ. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია საკითხი, რომელიც უკავშირდება მოსამართლეებისა და სასამართლო დარბაზების რაოდენობას.
მეორე დაკვირვება არის ის, რომ როდესაც მოსამართლე ვერ ცხადდება სასამართლოში გარკვეული მიზეზის გამო და ვერ ასრულებს თავის სამუშაოს, რაც შეიძლება იყოს დაკავშირებული მის ავადმყოფობასთან, შვებულებასთან, სასწრაფო და გადაუდებელ გარემოებასთან, ასეთ შემთხვევაში არ არის ისეთი სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს ამ მოსამართლის ჩანაცვლებას.
თავად მოსამართლეებმა რაც დაასახელეს მთავარ გამოწვევად, არის ის, რაც პირველ შემთხვევაში ვახსენე, რომ არ არის საკმარისი რაოდენობის სასამართლო სხდომის დარბაზები, რათა ისინი ყოველდღიური ინტენსივობით გამოიყენებოდეს. გარდა ამისა, ქუთაისში არ არის პატარა დავების განმხილველი სასამართლო, რაც ერთ-ერთ გამოწვევად არის შეფასებული. ეს, თავის მხრივ, ზრდის საქალაქო სასამართლოში განსახილველი საქმეების რაოდენობას. შესაბამისად, მათ აქვთ საკმაოდ ფართო იურისდიქცია და მოსამართლეები სამართლის ძალიან კომპლექსურ ნაწილებს ფარავენ.
სასამართლოს გადატვირთულობა ხშირად სახელდება მართლმსაჯულების სისტემის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად. როგორ ფიქრობთ, რა იწვევს ამ პრობლემას და როგორ შეიძლება მისი მოგვარება?
პირველ რიგში, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შეივსოს ის ვაკანსიები, რომლებიც უკავშირდება მოსამართლეთა რაოდენობას. გარდა ამისა, აუცილებელია, გაიზარდოს სასამართლო დარბაზების რაოდენობა, რაც ნიშნავს, რომ უფრო მეტი საქმის განხილვა მოხდება.
მესამე საკითხი ეხება სასამართლო შეტყობინების გადახედვას, ვინაიდან ასეთი შეტყობინებების ნაწილში სასამართლოზე ძალიან დიდი დატვირთვა მოდის. საკმაოდ ბევრ საქმეს დავესწარი, როდესაც ქეისის გაგრძელება და გადატანა მოხდა, რადგან სასამართლო შეტყობინების პრობლემა იყო.
თქვენი ერთ-ერთი მიზანი იყო ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება ქართველი იურისტებისთვის ბავშვთა უფლებებზე და მასთან დაკავშირებულ საკითხებზე. ამ კუთხით რა სამუშაო გასწიეთ?
ზოგადად, ადვოკატები ძალიან დაინტერესებულები და მოწადინებულები იყვნენ, რომ ბავშვთა უფლებების კოდექსის იმპლემენტაციაზე ესაუბრათ. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი მათთვის, რაც განსაკუთრებით აინტერესებდათ სახელმწიფო მზრუნველობას უკავშირდება — სახელმწიფო ზრუნვა დროებითი ხასიათის ღონისძიებად გამოიყენონ.
ამ საკითხმა ძალიან ბევრი დისკუსია გამოიწვია, მათ შორის, რა შეიძლება, იყოს სხვა ხასიათის ღონისძიებები, რათა უზრუნველყოფილი იყოს ბავშვის სტაბილური განთავსება. მეორე საკითხი უკავშირდება ოჯახის დახმარების სისტემას, რითაც ბავშვების ორივე მშობელთან ურთიერთობა იქნება უზრუნველყოფილი.
გარდა ამისა, ერთი თემა, ასევე, შეეხებოდა იმას, რომ, მაგალითად, როცა სასამართლო სხდომის დარბაზში განიხილება მშობლების განქორწინების საქმე, მნიშვნელოვანია, თითოეული მხარე იყოს ყურადღებით, როგორ საუბრობს პროცესზე. იმისთვის, რომ ამ პროცესმა ბავშვზე არ იქონიოს გავლენა და მას რომელიმე მხარის არჩევა არ მოუწიოს.
ასევე, ჩვენ ვისაუბრეთ ისეთ პრაქტიკაზე, როგორიც არის, მაგალითად, დამატებითი პირის მოყვანა სასამართლოში და ეს ადამიანი შეძლებს, რომ ბავშვთან ერთად იმყოფებოდეს სასამართლო სხდომის დარბაზს გარეთ, როცა მშობელი ესწრება სასამართლო სხდომას. ასეთი მეთოდის გამოყენებით შესაძლებელი იქნება, ბავშვები არ დაესწრონ ასეთ სასამართლო განხილვას და არ მოუსმინონ, მშობლები ერთმანეთს როგორ ადანაშაულებენ.
გარდა ამისა, ბავშვს აქვს სასამართლოში გამოცხადების უფლება, შესაბამისად, მას შეუძლია, რომ ესაუბროს მოსამართლეს, თუმცა კითხვები უნდა დაისვას მოსამართლის მხრიდან ბავშვის ასაკის გათვალისწინებით.
ბოლო დროს სულ უფრო და უფრო ხშირია ხმაურიანი სასამართლო პროცესები არასრულწლოვანთა მიმართ ძალადობის საქმეებზე. როგორ შეაფასებდით ქართველი იურისტების საქმიანობას ამ კუთხით და რა იყო მთავარი საკითხები, რომელთა გაუმჯობესებასაც ურჩევდით?
მიმაჩნია, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ადვოკატებისთვის, თავიანთი კლიენტი გულმოდგინედ დაიცვან. ამ პროცესის განმავლობაში დავაკვირდი იმას, რომ ადვოკატები ძალიან დიდი ენთუზიაზმითა და მონდომებით იცავდნენ კლიენტებს, თუმცა ზოგჯერ ისე ხდებოდა, რომ ეს ყველაფერი ძალიან ხმამაღალ და აგრესიულ დამოკიდებულებაში გადადიოდა. ამ პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია, მათ იცოდნენ, რა სახის გავლენა შეიძლება, ჰქონდეს ასეთ ქმედებას ბავშვებზე.
აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია როგორც მოსამართლეების, ისე იურისტების გადამზადება, რათა ისინი ტრავმის შესახებ ინფორმირებულები იყვნენ. ეს ნიშნავს, რომ მათ იცოდნენ და ჰქონდეთ ინფორმაცია იმაზე, რომ, როცა შენ ხარ აგრესიული და საუბრობ ხმამაღალი ტონით, ამით შენ არასრულწლოვანს ტრავმას და ზიანს აყენებ.
მას შემდეგ, რაც უკვე მოხდება მოსამართლეებისა და იურისტების გადამზადება ტრავმის შესახებ, უკვე შეიძლება შემდეგი ეტაპის დაწყება, რომელიც უკავშირდება ტრავმის საპასუხო ქმედებების განხორციელებას. ეს ნიშნავს, რომ უნდა დაბალანსდეს ადვოკატის ენთუზიაზმი და მისი გულმოდგინება იმგვარად, რომ გაიაზროს, რა სახის გავლენა შეიძლება, ჰქონდეს ამას არასრულწლოვანზე. გარდა ამისა, ბავშვმა ამ პროცესში, სასამართლო სხდომის დარბაზში თავი უსაფრთხოდ უნდა იგრძნოს.
საქართველოში სასამართლო სისტემისადმი ხალხის ნდობა დაბალია. ქართველ მოსამართლეებთან მუშაობისას დაინახეთ თუ არა რაიმე გამოწვევა, რომელიც ამას ხსნიდა და რა უნდა გაკეთდეს საზოგადოების ნდობის ასამაღლებლად?
რაც უფრო მეტად გადაიდება მართლმსაჯულების პოვნა, ეს ნიშნავს მართლმსაჯულებაზე უარის თქმას. შესაბამისად, დაგროვილი საქმეების შესამცირებლად, ძალიან მნიშვნელოვანია, იურისტებმა, მოსამართლეებმა, საზოგადოების წევრებმა ერთად იმუშაონ.
ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, მოსამართლეებმა გარკვეული დრო დახარჯონ იმაში, რომ ახსნან პროცედურული საკითხები, ასევე, გარკვეული კატეგორიის საქმეს მომავალში რა განვითარება შეიძლება ჰქონდეს. შემიძლია ვთქვა, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლეებს ნამდვილად აქვთ ამის უნარი.
შესაძლებელია, ნდობის გაზრდის პროცესში ერთ-ერთი დამხმარე როლი ჰქონდეს ასეთ სისტემას, რომ მოსამართლეების გადამზადება მოხდეს იმ კუთხით, თუ როგორ შეიძლება მათ აწარმოონ კომუნიკაცია მოქალაქეებთან, რათა შემდგომში მოქალაქეების ნდობა და ჩართულობა გაიზარდოს.
გარდა ამისა, თუ იარსებებს საჯარო ინფორმაციის ოფიცერი, ადამიანი, რომელიც პასუხისმგებელია საჯარო ინფორმაციის გაცემაზე, ეს ნდობის გაზრდას კიდევ უფრო წაადგება.
კიდევ ერთი მთავარი პრობლემა სასამართლოში კლანური მმართველობაა. ჩვენ გვყავს თქვენი ქვეყნის მიერ სანქცირებული მოსამართლეები და ისინი მოიაზრებიან კლანის ყველაზე გავლენიან წევრებად. გსმენიათ ამის შესახებ და გინახავთ მსგავსი პრობლემა იმ სფეროში, რომელშიც მუშაობდით?
სანამ საქართველოში ჩამოვიდოდი, წავიკითხე ამის შესახებ, თუმცა ამ საკითხთან დაკავშირებით პირად ინფორმაციას არ ვფლობ. რასაც დავაკვირდი როგორც ქუთაისის საქალაქო სასამართლოში, ისე რაიონულ სასამართლოებში, მოსამართლეები ძალიან შრომისმოყვარე საჯარო მოხელეები არიან. თითოეულმა მოსამართლემ თავისი პროფესიონალიზმი და საკმაოდ მაღალი ეთიკური სტანდარტი წარმოაჩინა.
გარდა ამისა, ისინი ნამდვილად მოქმედებდნენ საზოგადოების საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე და პატივს სცემდნენ სამართალს და სამართლებრივ სისტემას, ნებისმიერ პირად ინტერესზე მაღლა აყენებდნენ ყველა იმ საკითხს, რომელიც ჩამოვთვალე.
რა იყო ყველაზე საინტერესო გამოცდილება ამ მენტორული მისიიდან?
ძალიან გაოცებული და გაკვირვებული ვიყავი იმ ფაქტით, რომ სამართალწარმოების მხარეები ერთმანეთთან პირდაპირ ამყარებდნენ კომუნიკაციას. გარდა ამისა, მოსამართლესთანაც შეეძლოთ პირდაპირი ხასიათის კომუნიკაცია. ჩემთვის ეს გარემოება საკმაოდ უცნაური და გასაკვირი იყო.
ეს სისტემა, რომლის ფარგლებშიც სამართალწარმოების მონაწილეებს შეუძლიათ ყველასთან საუბარი, მოსამართლეების მიერ ძალიან კარგად არის დამენეჯმენტებული, კონტროლირებადი და მართული. თავად სამართალწარმოების მხარეები არიან საკმაოდ კმაყოფილნი, რომ მათ მოუსმინეს და ჰქონდათ შესაძლებლობა, მოსამართლესთან პირდაპირ ესაუბრათ. თავის მხრივ, ეს სასამართლოსადმი საზოგადოების ნდობას ზრდის.
შეგიძლიათ, დაასახელოთ მინიმუმ 2-3 ყველა თვალსაჩინო მსგავსება და განსხვავებაა ქართულ და ამერიკულ სასამართლო სისტემას შორის?
მსგავსებების შემთხვევაში შეგვიძლია, ვთქვათ, რომ მოსამართლეებს საკმაოდ დიდი რაოდენობის საქმეები აქვთ განსახილვევი და ძალიან ბევრს მუშაობენ. გარდა ამისა, მათ აქვთ კარგი უნარი, რომ ძალიან დაძაბული სიტუაციების დეესკალაცია შეძლონ. ასევე, მოსამართლეები იყენებენ დაკავებას, როგორც ყველაზე უკანასკნელ ზომას.
როდესაც მოსამართლეები პირს აკისრებენ ჯარიმას, ამ საკითხს გულისხმიერად ეკიდებიან და ეს ნიშნავს, რომ ეს ჯარიმა სამართალწარმოების მხარეებისთვის შეუსაბამოდ დიდი ტვირთი არ არის.
რაც შეეხება განსხვავებებს, აშშ-ში ისეთი კატეგორიის საქმეები, რომლებიც უკავშირდება ბავშვის ოჯახისგან გაყვანას, ღია სხდომაზე განიხილება. საქართველოში ეს საქმეები, როგორც წესი, დახურულ სხდომაზე განიხილება.
მეორე განსხვავება არის ის, რომ ჩვენ ვაგროვებთ ინფორმაციას ისეთ საკითხებთან დაკავშირებით, როგორიც არის, ბავშვის ოჯახისგან გაყვანისა და განცალკევების მიზეზები. გარდა ამისა, სახელმწიფო ზრუნვაში ბავშვის დარჩენის ვადები. ჩვენ ამ ინფორმაციას სასამართლოს გაუმჯობესების მიზნით ვიყენებთ.
გარდა ამისა, ერთ-ერთი მთავარი და ყველაზე დიდი განსხვავება, რაც საქართველოსა და ამერიკის სასამართლო სისტემას შორის არის, სასამართლო ზედამხედველობაა, რომელსაც ისინი ბავშვის განცალკევების საქმეებში იყენებენ. ასევე, აშშ-ში საქმის მონაწილე თითოეული მხარე ანგარიშვალდებულია და ყველა მხარეს გააჩნია გარკვეული ხასიათის პასუხისმგებლობა ისეთი ქმედებებისთვის, რაც ბავშვის საჭიროებებთანაა დაკავშირებული.
რა არის თქვენი მთავარი რეკომენდაცია ქართველი მოსამართლეებისადმი?
პირველ რიგში, უნდა ვახსენოთ ის, რომ ე.წ. სპეციალიზებული სასამართლოების არსებობა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან თქვენი სასამართლოს იურისდიქცია საკმაოდ ფართოა. კარგი იქნება, თუკი ასეთი სპეციალიზაცია საოჯახო სამართალთან და ბავშვის განცალკევების საკითხებთან დაკავშირებითაც იქნება. ასევე, კარგი იქნება, თუ იარსებებს სპეციალური სხდომის დარბაზები, რომლებიც არასრულწლოვანზე იქნება მორგებული.
მოსამართლეებს ბავშვთა უფლებების კოდექსის იმპლემენტაციასა და ბავშვის განვითარებასთან დაკავშირებულ საკითხებზე უფრო მეტი ტრენინგი სურთ. ასევე, ისეთ საკითხებზე, რომლებიც ბავშვის მიერ სასამართლოში ჩვენების მიცემისას ტრავმის მაქსიმალურ შემცირებასთან არის დაკავშირებული. ამასთან, მათ ისეთი ხასიათის დამხმარე მასალა სჭირდებათ, როგორიცაა, სასამართლო ბარათები, რითაც მოსამართლეები ხელმძღვანელობენ.
უშუალოდ ჩემი პირადი ხასიათის სურვილი რაც მექნება, განსაკუთრებით, ბავშვთა უფლებათა კოდექსის 26-ე მუხლთან დაკავშირებით, არის ის, რომ უფრო მეტად პროცედურული ხასიათის იყოს. ძალიან მნიშვნელოვანია ე.წ. რეინტეგრაციის გეგმის არსებობა, რომელიც მშობლებს აუხსნის, როგორ შეიძლება, ბავშვი ოჯახში დაიბრუნონ და რა უნდა გააკეთონ იმისთვის, რომ ბავშვის საუკეთესო ინტერესი იყოს დაცული.
თქვენ ენთუზიაზმით სავსე მოსამართლეები გყავთ, რომელთაც სურთ, თავიანთი საქმე სწორად შეასრულონ, თუმცა მათ ამ პროცესში დახმარება, მხარდაჭერა, ტრენინგი და რესურსები სჭირდებათ. ეს მენტორობის პროგრამა შესაძლებლობას მაძლევს, თქვენ გაგიზიაროთ ინფორმაცია, რამ იმუშავა ამერიკაში, როგორ შევძელით სასამართლო სისტემის შექმნა, რა სახის პრობლემები გვქონდა და რამ არ იმუშავა.
ინტერვიუ მომზადდა On.ge-ის მიერ USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით. პროგრამას ახორციელებს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI) ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით. ინტერვიუ შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია On.ge და მასში გამოთქმული მოსაზრებები, შესაძლოა, არ ასახავდეს ზემოთ ნახსენები საერთაშორისო ორგანიზაციების შეხედულებებს.
The interview was prepared by the On.ge with the support of the USAID Rule of Law Program funded by the United States Agency for International Development (USAID) through the East-West Management Institute (EWMI). The views expressed in this interview are the sole responsibility of the author and do not necessarily reflect the views of USAID and EWMI.
თუ მსგავსი სიახლეები გაინტერესებს, შემოგვიერთდი ჯგუფში: რა ხდება სასამართლოში. აქ განვიხილავთ ყველაფერს, რაც საქართველოში სასამართლო სისტემის შესახებ უნდა იცოდე და ხელს ვუწყობთ დისკუსიის წამოწყებას სასამართლო სისტემაში განვითარებული მოვლენების შესახებ.
კომენტარები