სურათებში | მასობრივი შიმშილობის პორტრეტი
მკაცრი სამუშაო პირობების გამო გაბრაზებულმა ათმა მაღაროელმა შიმშილობა გამოაცხადა.
ყურადღება! სტატია შეიცავს სურათებს, რომელთა ნახვაც შეიძლება უსიამოვნო იყოს.
თებერვლის დასაწყისში კომპანია ჯორჯიან მანგანეზმა, რომელიც ქალაქ ჭიათურაში მანგუმის მაღაროებს აკონტროლებს, განაცხადა, რომ მოპოვებას ფეროშენადნობების ბაზრის გლობალური ვარდნის გამო აჩერებს.
სამი თვის განმავლობაში ხელფასის 60%-ის გაცემის შემდეგ, მუშები სამსახურში მაისის მიწურულს დაიბარეს და "ოპტიმიზების" გეგმა გააცნეს, რომლის მიხედვითაც ან 40%-ით მეტი მადანი უნდა მოეპოვებინათ, ან ხელფასების შემცირებას დათანხმებოდნენ.
მაღაროელებმა ეს მოთხოვნები შეუძლებლად და არაადამიანურად მიიჩნიეს და გაიფიცნენ.
შიმშილობა უკვე რამდენიმე დღეა, გრძელდება. OC Media 10-ვე გაფიცულს ესაუბრა და ჰკითხა, რატომ მიმართეს პროტესტის ასეთ უკიდურეს ფორმას.
"ეს ერთ-ერთი ყველაზე რთული და საშიში პროფესიაა. საფრთხე მუდმივად გვემუქრება"
"ყველაზე მეტად ცინიკური დამოკიდებულება მეზიზღება. როცა რაიმე პრეტენზია გაქვს, ცინიკურად გპასუხობენ. ჩვენ მათ მინიმალური მოთხოვნები წავუყენეთ — ის, რაც ისედაც ევალებათ, მაგრამ უარი გვითხრეს, რის გამოც გავიფიცეთ. ჩვენი დამცირების უფლებას არ მივცემთ".
"ეს რთული პროფესიაა და ნორმალურ ხელფასს ვიმსახურებთ. ჩვენ ვითხოვთ, ადამიანურად მოგვექცნენ. გვინდა მათ [ჯორჯიან მანგანეზმა] დააფასონ, რას აკეთებს თითოეული ჩვენგანი".
"ბევრი ვილაპარაკეთ. ხუთ შეხვედრას დავესწარი და მეხუთე შეხვედრიდან რომ გამოვედი, ისეთი განცდა დამრჩა, რომ ვერ გავაგებინეთ, რა გვინდოდა, თითქოს ჩვენი სიმართლის დამტკიცება ვერ შევძელით. ამიტომ გადავწყვიტე ტუჩების ამოკერვა, რადგან სულ ერთია, პირი ღია მაქვს თუ დახურული".
"ტრაქტორის მძღოლი ვარ და საშინელ პირობებში მიწევს მუშაობა. ჰაერი, რომელსაც ვსუნთქავთ, საშინელებაა. ამას ტრაქტორიდან გამომავალი კვამლი ემატება. ვთხოვეთ, ჩვეულებრივი ადამიანებივით მოგვქცეოდნენ და ჩვენთვის ღირსეული სამუშაო პირობები შეექმნათ".
"სამუშაო ადგილზე ნორმალურად სუნთქვა შეუძლებელია. ხელფასების გაზრდას ვითხოვთ, სხვა გზა არ გვაქვს".
"კომპანიამ ასეთ რთულ მდგომარეობაში ჩაგვაგდო. მთელი ქალაქი ჩვენთანაა, ხომ ხედავთ. ყველაფერს ვიზამთ, რომ მიზანს მივაღწიოთ, ნორმალური ანაზღაურება მოვიპოვოთ და ისე მოგვექცნენ, როგორც ადამიანებს და არა — მონებს. სხვას ვერაფერს ვიტყვი".
"არაერთხელ შევიცვალე მაღარო. ჯერ 7-საათიან ცვლებში ვმუშაობდი და შემდეგ 12-საათიანზე გადავედი. მათხოვრული ანაზღაურებისთვის გამოვიარე წამება".
"როცა მუშაობა დავიწყე, 600 ლარზე ნაკლები ხელფასი მქონდა. შემდეგ გავაპროტესტეთ და ზოგიერთი მოთხოვნა დააკმაყოფილეს. ახლა იგივე სიტუაციაში ვართ. ვითხოვთ ანაზღაურების ზრდას".
"მე ხე-ტყის შეგროვებასა და დამუშავებაზე ვიყავი პასუხისმგებელი. თვეში 360-400 ლარს მიხდიდნენ. ასეთი დაბალი ხელფასის გამო წამოვედი და სხვა სამსახურის ძებნა დავიწყე. საბოლოოდ, დავბრუნდი. ბოლო 4 წელია, გვირაბის გათხრებში ვარ თანაშემწედ ჩართული".
"ნორმალური სამუშაო პირობები გვინდა, კარგი ანაზღაურება, რომელიც ოჯახის გამოსაკვებად საკმარისი იქნება".
"პროტესტის მიზეზი შემდეგია: როცა მაღაროში ჩავდივართ, არ ვიცით, ცოცხლები ამოვალთ თუ არა. არავინ იცის. როცა ოჯახს ვემშვიდობებით და სამსახურში მივდივართ, არ ვიცით, დავბრუნდებით თუ არა. ოჯახის წევრები ნერვიულობენ".
"ეს ხელფასი ოჯახის სარჩენად საკმარისი არაა, წამლების საყიდლად არ გვყოფნის. ჩემი შვილები აქ იზრდებიან, ჩემი მეგობრების შვილები აქ იზრდებიან. როცა ჩემი შვილი სტუმრად მიმყავს, არ მინდა, სხვისი ტკბილეულობისა და სათამაშოების შურდეს. მეც უნდა შემეძლოს მისთვის კანფეტებისა და სათამაშოების ყიდვა. ამიტომაც ვარ აქ".
"ტრაქტორის მძღოლის თანაშემწე ვარ. საშინელ პირობებში ვმუშაობთ. ნორმალური ვენტილაცია არ გვაქვს. როგორც გითხარით, ტრაქტორის გამონაბოლქვი აუტანელია და სხეულზე მოქმედებს. იმედია, სიტუაცია მალე გამოსწორდება".
"ყურადღება გვინდა. ის გვინდა, რასაც ვიმსახურებთ. უსაფრთხო პირობები გვინდა".
"რთული საქმისთვის შესაბამისი ანაზღაურება გვინდა. თითოეული მაღაროელი იმსახურებს, იმდენს იღებდეს, რომ ოჯახის გამოკვება შეეძლოს".
"სამი მაღარო გამოვიცვალე და ყველგან ერთი და იგივე პრობლემებია. ყურადღებას არ გვაქცევენ, სანამ გაპროტესტებას არ დავიწყებთ, სანამ ვინმე პირს არ ამოიკერავს".
"ეს ჩემი პირველი გაფიცვა არაა. სამი წლის წინ ცხრა დღე ვშიმშილობდი. როგორც ჩემმა კოლეგამ თქვა, ყველაზე ცუდი ისაა, რომ ღირებულად არ გთვლიან. მე ამ ქვეყნის მოქალაქე ვარ და ჩემს საქმეს ვაკეთებ. მინდა, თავს დაფასებულად ვგრძნობდე. მზად ვართ, თვალებიც ამოვიკეროთ, თუ ჩვენს მოთხოვნებს არ გაითვალისწინებენ".
გაფიცვა გრძელდება
18 ივნისს, გაფიცვის მეცამეტე დღეს ერთ-ერთმა გაფიცულმა მაღაროელმა, მერაბ სარალიძემ კოლეგები და მხარდამჭერები ჭიათურის მერიასთან შეკრიბა, სადაც კიდევ ერთმა გაფიცულმა, გიორგი კუპატაძემ ნემსით და ძაფით თვალები ამოიკერა.
"ჯერ შიმშილობა დაიწყო, შემდეგ ერთ-ერთმა ტუჩები ამოიკერა, როცა სიმართლე ვერ დაამტკიცა. ახლა კი კიდევ ერთმა თვალები ამოიკერა, რადგან ამ უსამართლობის ყურება აღარ შეუძლია", — თქვა მან.
ამ ამბის შემდეგ ჯორჯიან მანგანეზმა გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ კომპანია მზადაა, "ოპტიმიზების" გეგმაზე უარი თქვას და მაღაროელებს ხელფასი 5%-ით გაუზარდოს.
მაღაროელები, რომლებიც ხელფასის 40%-იან ზრდას ითხოვენ, პირობებს არ დაეთანხმნენ. გაფიცვა გრძელდება. მუშების თქმით, მაღაროები გაჩერებული იქნება, სანამ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.
სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
კომენტარები