რა გვინარჩუნებს სიფხიზლეს: მეცნიერებმა "ცნობიერების ძრავა" აღმოაჩინეს
აღმოჩენები, შესაძლოა, ერთ დღეს გამოვიყენოთ ადამიანების კომიდან გამოსაყვანად, ცნობიერების დარღვევების სამკურნალოდ ან ინტენსიური პროცედურების დროს პაციენტების ანესთეზიური მდგომარეობის შესანარჩუნებლად.
ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ ტვინის ციცქნა ნაწილი ცნობიერების გააქტიურებაში მთავარ როლს თამაშობს. აღმოჩენები, შესაძლოა, ერთ დღეს გამოვიყენოთ ადამიანების კომიდან გამოსაყვანად, ცნობიერების დარღვევების სამკურნალოდ ან ინტენსიური პროცედურების დროს პაციენტების ანესთეზიური მდგომარეობის შესანარჩუნებლად.
წარსული კვლევების მიხედვით, ტვინის გარკვეული უბნები, როგორებიცაა: პარიეტალური ქერქი და თალამუსი — გადამწყვეტი მნიშვნელობისაა ცნობიერებისთვის. კვლევაში, რომელიც ჟურნალ Neuron-ში გამოქვეყნდა, მეცნიერთა ჯგუფმა გამოიყენა ელექტროდები ორი მაკაკა მაიმუნის ტვინის სხვადასხვა ნაწილის სტიმულირებისთვის. მაკაკას ტვინი ძალიან ჰგავს ადამიანისას, რაც მათ ცნობიერების შესასწავლად იდეალურ მოდელად აქცევს.
გუნდმა მაიმუნების ტვინის ელექტრული სტიმულირება მოახდინა, როდესაც ცხოველებს ეღვიძათ, ეძინათ და ანესთეზირებულები იყვნენ. მაგრამ წინა კვლევებისგან განსხვავებით, მეცნიერებმა ჩაიწერეს აქტივობა ტვინის მრავალი უბნიდან ერთდროულად, რათა დაედგინათ, თუ რომელი ნაწილები ამოძრავებს ცნობიერებას.
"გადავწყვიტეთ, წავსულიყავით კლასიკურ მიდგომაზე შორს, რომელიც ტვინის მხოლოდ ერთ უბანს აღბეჭდავს", — განუცხადა Cell Press-ს უფროსმა ავტორმა, იური საალმანმა, ვისკონსინის უნივერსიტეტის ასისტენტმა პროფესორმა. "ჩვენ ჩავწერეთ აქტივობა რამდენიმე ზონიდან ერთდროულად, რათა გვენახა, როგორ მოქმედებს მთელი ქსელი."
მიზანი იყო ცნობიერების წარმოებისთვის აუცილებელი "მინიმალური მექანიზმების" დადგენა. ამისათვის მკვლევრებმა გატესტეს, გამოიწვევდა თუ არა ტვინის გარკვეული ნაწილების სტიმულირება მაიმუნების გაღვიძებას ანესთეზიიდან. ელექტროდები სპეციალურად შეიმუშავეს იმგვარად, რომ მიებაძა ტვინის აქტივობისთვის, რომელსაც მაიმუნები აჩვენებენ სიფხიზლის დროს.
"ამან საშუალება მოგვცა უშუალოდ გვემართა ცნობიერება და ჩაგვეწერა ცვლილებები კომუნიკაციისა და ინფორმაციის ნაკადში სივრცითი და დროითი სპეციფიკის ძალიან მაღალი ხარისხით", — განუცხადა Inverse-ს კვლევის თანაავტორმა, მიშელ რედინბაუმ, ვისკონსინის უნივერსიტეტის მკვლევარმა.
როდესაც ჯგუფმა ელექტრული სტიმულირება მოახდინა ცენტრალურ გვერდით თალამუსზე, რომელიც მდებარეობს წინა ტვინში, მაიმუნებმა გაიღვიძეს: მათ გაახილეს და დაახამხამეს თვალები, აამოძრავეს ხელები, შეიცვალეს გამომეტყველება და ა.შ.
"ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ როდესაც ვასტიმულირებდით ტვინის ამ პაწაწინა უბანს, შეგვეძლო გამოგვეღვიძებინა ცხოველები და აღგვედგინა მთელი ნერვული აქტივობა, რომელსაც, ჩვეულებრივ, ვხედავთ ქერქში სიფხიზლის დროს", — განუცხადა საალმანმა Cell Press-ს. "ისინი იქცეოდნენ ზუსტად ისევე, როგორც ღვიძილის დროს. როდესაც სტიმულაცია გამოვრთეთ, ცხოველები მაშინვე დაუბრუნდნენ უგონო მდგომარეობას."
მკვლევრების თქმით, ტვინის ეს უბანი, შესაძლოა, ფუნქციონირებდეს როგორც "ცნობიერების ძრავა". წარსულმა კვლევებმაც აჩვენა, რომ ელექტრულ სტიმულაციას შეუძლია ადამიანისა და ცხოველის ტვინი აღაგზნოს, მაგრამ ახალი აღმოჩენები უნიკალურია, რადგან ცხადყოფს, რომელი სპეციფიკური ნეირონული ურთიერთქმედება წარმოადგენს ცნობიერებისთვის საჭირო მინიმალურ მექანიზმს.
კომენტარები