გაინტერესებთ რა შეიძლება იყოს მოსამართლის კრედო? ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა ქართველმა მოსამართლემ, სანქცირებულმა ლევან მურუსიძემ "ერთი კუპლეტით" გვითხრა:

სოლომონის განძს, კრეზის სიმდიდრეს,
ლეგენდად ოქროს, ლალს მობრდღვიალეს,
მე მირჩევნია ერთი ხოხობი,
ალაზანზე რომ შეიფრთხიალებს.

გიორგი ლეონიძის საკმაოდ ომახიანად წარმოთქმულ ლექსთან ერთად გაგვიმხილა ისიც, რომ სანქციების არ ეშინია და "ამიტომ ვერ მოერევიან".

იქვე კიდევ ერთმა ცნობილმა სანქცირებულმა მოსამართლემ, ირაკლი შენგელიამ ჟურნალისტს ღიმილიანი სახით დაუდასტურა, რომ ისეთივე თამადაა, როგორიც მოსამართლე.

განა ამით დაკმაყოფილდნენ. ქართული მრავალხმიანობის საუკეთესო ტრადიციით "გოგოვ გენაცვალე" და "აბა ულაც" გვიმღერეს.

ეს მოვლენები 12 მაისს მოხდა, როცა წინსწრებით, ქეიფით აღნიშნეს მოსამართლის დღე. მაშინ სოციალურ ქსელში იხუმრეს, რომ ქართულმა სამართალმა მართლა "პური ჭამა" და კიდევ ერთხელ გაჟღერდა ხშირად განმეორებადი ფრაზა — "აქ ჩივილს ან ბრძოლას რა აზრი აქვს".

ქვეყანაში სასამართლოს მიმართ ნდობა დიდი ხანია შერყეულია და ნამდვილად ვერ ვიტყვით, რომ მოსამართლეთა ეს ნაწილი ცდილობს, სიტუცია შეცვალოს. უნდობლობას ნიჰილიზმი და ეს ხშირად გამეორებადი ფრაზა მოსდევს. შედეგად, მოქალაქე არ ინტერესდება სისტემის საქმიანობით, არ იცის, როგორ უნდა მიმართოს მას და რა გზები არსებობს იმისთვის, რომ თავისი უფლებები დაიცვას. ამას ემატება ხარჯები, რომელიც დავებს უკავშირდება, ბიუროკრატია და საბოლოოდ, ადამიანი სასამართლოსკენ მიმავალ გზას თავადვე კეტავს.

ჩვენ უკვე მოგიყევით, როგორ მუშაობს ქართული სასამართლოები, მათ შორის, ნაფიცი მსაჯულების, გესაუბრეთ იმაზე, რაში გვჭირდება სამართლიანი სასამართლო, ამ სტატიაში კი იურისტებთან ერთად გაგიზიარებთ ინფორმაციას, რომელიც დაგეხმარება, რომ პური მხოლოდ მოსამართლემ კი არა, სამართალმაც ჭამოს.


საქართველოში არაერთი არასამთავრობო ორგანიზაცია მუშაობს, რომლებიც მოქალაქეებს უფასო იურიდიულ კონსულტაციებსა და დახმარებას სთავაზობენ. მაგალითად: ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, საფარი, სოციალური სამართლიანობის ცენტრი, დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი, საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველო, საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა, პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის, უფლებები საქართველო, ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი, ადამიანის უფლებათა ცენტრი, საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება და მრავალი სხვა.

ეს NGO-ები, რომელთა დისკრედიტაციაში მთავრობა ბევრ დროს და რესურს ხარჯავს და ცოტა ხნის წინ აგენტებად შერაცხვასაც კი უპირებდა, დაგეხმარებიან, რომ სამართალი იპოვო.

თუ ფიქრობ, რომ შენი უფლებები ირღვევა და არ იცი, როგორ უნდა მოიქცე, ისინი შეისწავლიან შენ საქმეს, დაგაკვალიანებენ სასამართლოსთვის მისამართად, დაგინიშნავენ ადვოკატს და შენთან ერთად იბრძოლებენ ყოველგვარი ფინანსური ინტერესის გარეშე. დღეს რამდენიმე მათგანზე გიამბობთ.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) მიზანი საზოგადოებაში სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება და კანონის უზენაესობის დამკვიდრება, სამოქალაქო საზოგადოებისა და სამართლებრივი სახელმწიფოს საკანონმდებლო ბაზის განვითარება, ადამიანის ღირსების, უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა, იურიდიული პროფესიის განვითარება და პროფესიული ეთიკის ნორმების დამკვიდრებაა.

საიაში ფუნქციონირებს სამართლებრივი დახმარების პროგრამა, რომელიც მოქალაქეებს ემსახურება, როგორც თბილისში, ასევე, რეგიონულ ოფისებში: ბათუმში, ოზურგეთში, ქუთაისში, ზუგდიდში, გორში, დუშეთში, რუსთავში, თელავში.

ყველა ამ ოფისში მოქალაქეებს შეუძლიათ, გარკვეულ საკითხებზე მიიღონ უფასო სამართლებრივი კონსულტაცია და სასამართლოში წარმომადგენლობითი მომსახურება — ადვოკატი. საიას საქმიანობა მოიცავს:

  • შიდა ეროვნულ დონეზე, საერთო სასამართლოებში მიმდინარე საქმის ფარგლებში დახმარებას სამოქალაქო, სისხლის სამართლის და ადმინისტრაციული საქმეებზე;
  • საკონსტიტუციო სამართალწარმოებას;
  • საერთაშორისო მექანიზმების გამოყენებას.

როგორც საიას სამართლებრივი დახმარების პროგრამის დირექტორი შორენა ლოლაძე განმარტავს, მეტ-ნაკლებად ყველა საკითხზე მუშაობენ კონსულტაციის დონეზე — პირადი, სატელეფონო და ონლაინ. გარკვეული თემატიკის საქმეებზე კი შეუძლიათ, სამართლებრივი დოკუმენტების მომზადება — სარჩელის, შესაგებლის, ადმინისტრაციული საჩივრის დაწერა.

შორენა ლოლაძე

შორენა ლოლაძე

ფოტო: ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია

"რაც შეეხება საადვოკატო მომსახურებას, ეროვნულ დონეზე თუ სტრასბურგის მიმართულებით, ამ შემთხვევაში უფრო ვიწრო კრიტერიუმები გვაქვს და სამწუხაროდ, ყველა ტიპის საქმეზე საადვოკატო მომსახურების გაწევა არ შეგვიძლია ხოლმე. ეს საჭიროებს ძალიან დიდ რესურსებს.

ცხადია, ყველა ეტაპზე, ნებისმიერი მიმართულების და ნებისმიერი სახის მომსახურების მიღება საია-დან არის უფასო. გვაქვს ჩვენი შიდა წესები — რიგის მიხედვით მოქალაქეთა მიღება, დადგენილი გვაქვს ვადები, როგორ ვპასუხობთ მოქალაქეებს. ამის დაცვით ხვდება ჩვენი მხრიდან სამართლებრივი კონსულტაციების პროცესში ჩართვა", — განმარტავს ლოლაძე.

როცა საია ვერ ახერხებს საქმის აღებას, ცდილობს მოქალაქეებს სხვა მხრივ შეუწყოს ხელი. ლოლაძის განცხადებით, თუ მათ სოციალურად დაუცველი პირი მიმართავს და მის თემატიკას ვერ ფარავენ, ამისამართებენ იურიდიული დახმარების სამსახურში — ეს არის სერვისი, რომელსაც სახელმწიფო სთავაზობს სოციალურად დაუცველებს გარკვეული ტიპის დავებზე. თუმცა, როგორც ამბობს, ისეც ხდება, რომ სახელმწიფო სერვისი მოქალაქეებს მათთან ამისამართებს.

საკონტაქტო ინფორმაცია

საიას მუშაობაზე მეტი შეგიძლიათ გაიგოთ მათ ფეისბუქსა და ვებგვერდზე.

საჭიროების შემთხვევაში შეგიძლიათ მიხვიდეთ საიას ცენტრალურ და რეგიონულ ოფისში. ან დაუკავშირდეთ:

♦ (995 32) 293 61 01 — ცენტრალური ოფისი;
♦ 295 23 53 — ცენტრალური ოფისი;
♦ (995 32) 299 50 76 — იურიდიული კონსულტაცია;
♦ 2 99 50 76 — სამოქალაქო და ადმინისტრაციული მიმართულების საკონტაქტო ;
♦ 2 30 72 36 — სისხლის სამართლის მიმართულების საკონტაქტო;
♦ 577 07 05 78 — საერთაშორისო საქმეების მიმართულების საკონტაქტო;
♦ ელ-ფოსტა: [email protected].


საფარი

საფარი ქალთა ორგანიზაციაა, რომლის მისიაა, მოწყვლადი ჯგუფების უფლებების დაცვით და ქალების გაძლიერებით, ხელს შეუწყოს თანასწორი, არადისკრიმინაციული და არაძალადობრივი გარემოს შექმნას. ორგანიზაცია მუშაობს ქალებთან, ლგბტ თემის წარმომადგენლებთან და ბავშვებთან.

საფარის მომსახურება მოიცავს ყველა სახის სამართლებრივ დახმარებას:

  • როგორც სამოქალაქო, ადმინისტრაციულ, ასევე, სისხლის სამართლის საქმეებზე;
  • წარმომადგენლობა სასამართლოში, ადმინისტრაციულ და საგამოძიებო ორგანოებთან, პროკურატურაში.
  • დავა საქართველოს საერთო და საერთაშორისო სასამართლოებში, გაეროს ქალთა და ბავშვთა კომიტეტებში.

ორგანიზაციის იურისტი ცირა ჯგერენაია გვესაუბრა იმაზე, რომ სასამართლო დისკრედიტირებულია და ადამიანებს სამართლიანი გადაწყვეტილებების მოლოდინი არ აქვთ. ამის მიუხედავად, ის ყველას მოუწოდებს, იბრძოლონ სიმართლის დასადგენად და განმარტავს, რომ კერძო დავებში ხშირად დგება სამართლიანი განაჩენი.

მისი თქმით, როცა საქმეში მოწინააღმდეგე გავლენიანი ან პოლიტიკური პირია, ბევრს მუშაობენ და ცდილობენ, აიძულონ სისტემა, სამართლიანი განაჩენი დადოს და არ მოარგოს ვინმეს ინტერესებს — ასეთ დროსაც კი იშვიათია, როცა ვერ აღწევენ სამართალს, მაგრამ თუ ასე მოხდა, ბრძოლას აგრძელებენ და საერთაშორისო სასამართლოს მიმართავენ.

ცირა ჯგერენაია

ცირა ჯგერენაია

ფოტო: საფარი

"რა თქმა უნდა, ყოველთვის აქვს აზრი მიმართვას. მე თამამად ვეტყვი ყველას, რომ ჩვენ უფრო მეტად დავზარალდებით, თუ არ მივმართავთ სასამართლოს, არ დავიწყებთ დავას. ყველა შემთხვევაში ვართ ბევრად უფრო მოგებულები მაშინ, როცა ჩვენი უფლებების დასაცავად ვიბრძვით და ეს შესაძლებელია სასამართლოსთვის მიმართვით", — აცხადებს ჯგერენაია.

რაც შეეხება ფინანსებს, ჯგერენაია განმარტავს, რომ მათი სამართლებრივი მომსახურება უფასოა და ეს მნიშვნელოვნად ამცირებს მოქალაქის ხარჯებს. თუმცა არის შემთხვევები, როცა ქონებრივი დავის დაწყებისთვის საჭიროა დიდი თანხის, ბაჟის გადახდა, ასეთ დროს ცდილობენ, სხვა სამართლებრივი ბერკეტებით დაეხმარონ — მიმართონ ბაჟისგან გათავისუფლებაზე, გადავადებაზე, შემცირებაზე და ა.შ.

საფარის ვებგვერდი ხუთენოვანია და დაინტერესებულ პირს სთავაზობს ინფორმაციას, როგორც ქართულ, ასევე, სომხურ, აზერბაიჯანულ, უკრაინულ ენებზე. ორგანიზაციას ეთნიკური უმცირესობებისთვის აქვს პროექტები ფანჯარა და განძი.

საფარმა გაუშვა აპლიკაცია Safe You, რომლის მიზანია, ძალადობის სიტუაციაში მოულოდნელად აღმოჩენილ ქალს შესაძლებლობა მიეცეს, საშველად გამოიძახოს არასამთავრობო ორგანიზაციების იურისტები და პოლიცია. აპლიკაცია, ისევე, როგორც საფარის ცხელი ხაზი ხელმისაწვდომია ეთნიკური უმცირესობებისთვის აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე.

საკონტაქტო ინფორმაცია:

საფარის მუშაობაზე მეტი შეგიძლიათ გაიგოთ მათ ფეისბუქზე, ტვიტერზე, ინსტაგრამზე, ტიკტოკსა და ვებგვერდზე.

საჭიროების შემთხვევაში შეგიძლიათ დაუკავშირდეთ:

♦ 599 407 603 — უფასო საკონსულტაციო ხაზი (მოქმედებს WhatsApp და Viber);
♦ 0322 307 603 — ოფისის ნომერი;
♦ 598 856 333 — საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი;
♦ ელ-ფოსტა — [email protected].

რეგიონებში მომუშავე იურისტების ნომრები:
♦ 595 407 428 — აჭარა;
♦ 599 141 936 — ქვემო ქართლი;
♦ 598 611 107 — იმერეთი;
♦ 568 618 741 — კახეთი.


დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი

DRI საჯარო პოლიტიკის ანალიტიკური ინსტიტუტია, რომლის მიზნებში შედის ადამიანის უფლებების პოპულარიზაცია, დაცვა და ადვოკატირება; კანონის უზენაესობასა და ადამიანის უფლებების დაცვაზე ორიენტირებული, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული სახელმწიფო მმართველობის დამკვიდრება.

ორგანიზაციის ვებგვერდზე შესვლისას ყურადღებას იქცევს გრაფა "შეგვატყობინე დისკრიმინაცია". DRI-ის განმარტებით, მსხვერპლთა უმრავლესობას, შესაძლოა გარკვეული მიზეზების გამო არ სურდეს დისკრიმინაციის ფაქტის შეტყობინება შესაბამისი სახელმწიფო ორგანოებისათვის, ამიტომ დაზარალებულ პირთა დასაცავად შექმნეს ონლაინ ფორმა, რომლითაც ვინაობის მითითების გარეშე შესაძლებელია ფაქტის დაფიქსირება.

DRI-ის იურისტი და მკვლევარი ანა გახოკიძე გვესაუბრა, რა ხდება შეტყობინების მიღების შემდეგ:

  • იურისტი უკავშირდება და აზუსტებს მოქალაქის შესახებ ინფორმაციას;
  • უწევს სამართლების კონსულტაციას;
  • უზრუნველყოფს დოკუმენტების მომზადებას, რომ მიმართლოს სახალხო დამცველს;
  • დეტალების გარკვევის შემდეგ, თუ მოქალაქეს სურს, მიმართოს სასამართლოს, უზრუნველყოფს უსასყიდლო დახმარებას.
ანა გახოკიძე

ანა გახოკიძე

ფოტო: დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი

გარდა ამისა, გახოკიძე განმარტავს, რომ მოქალაქეებს იურიდიულ კონსულტაციას უწევენ ნებისმიერ დავაზე, მაგრამ თუ საქმე არ ეხება ადამიანის უფლებების ჭრილს და მათი პროფილი არ არის, ამისამართებენ შესაბამის არასამთავრობო ორგანიზაციასთან. საჭიროების შემთხვევაში, მათი იურისტები ეხმარებიან აქციაზე დაკავებულ პირებს.

ორგანიზაცია იურიდიულ დახმარებას უწევს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ან საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ მოქალაქეებს. ასევე სამართლებრივ კონსულტაციებს უწევს მათ, ვინც ლტოლვილის დახმარების ან საცხოვრებლის მიღებას ცდილობს.

პროგრამა ერთი თვეა მოქმედებს და საოკუპაციო ხაზზე ან ხაზთან მცხოვრებ ადამიანს შეუძლია, ორგანიზაციას მიმართოს ნებისმიერ საკითხზე ყოველდღე, 24 საათის განმავლობაში. იქნება ეს უკანონო დაკავება, ჯანმრთელობის პრობლემები, სახელმწიფოს მხრიდან დახმარების მიღება, სამართლებრივ დავაში დახმარება თუ სხვა.

ორგანიზაციას ჰყავს თარჯიმნები იმისთვის, რომ დახმარება გაუწიონ აფხაზურ, ოსურ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე.

საკონტაქტო ინფორმაცია:

DRI-ის მუშაობაზე მეტი შეგიძლიათ გაიგოთ მათ ფეისბუქსზე, ტვიტერზე, ინსტაგრამსა და ვებგვერდზე.

საჭიროების შემთხვევაში შეგიძლიათ დაუკავშირდეთ:

♦ (+995) 32 237 52 28 — ცხელი ხაზი (მოქმედებს Signal და WhatsApp)
♦ ელ-ფოსტა: [email protected]


სოციალური სამართლიანობის ცენტრი

სოციალური სამართლიანობის ცენტრი ადამიანის უფლებებსა და სოციალურ სამართლიანობაზე მომუშავე მემარცხენე ორგანიზაციაა, რომლის მიზანია, გამოავლინოს ეკონომიკური, სოციალური და პოლიტიკური უსამართლობის სტრუქტურული მიზეზები, გაავრცელოს კრიტიკული ცოდნა და ხელი შეუწყოს არსებული წესრიგის დემოკრატიული გზებით გარდაქმნას.

  • სასამართლოს მიმართულებით მუშაობენ ინსტიტუციური რეფორმების საკითხებზე;
  • ჩართული არიან მართლმსაჯულებაზე ცნობიერების ამაღლების საკითხებში;
  • სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში უფასო სამართლებრივ კონსულტაციას უწევენ მოქალაქეებს;
  • ორგანიზაცია იღებს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის საქმეებს და სამართლებრივ დახმარებას უწევს მათ;
  • ახორციელებენ სტრატეგიულ სამართალწარმოებას, როგორც ადგილობრივად, საკონსტიტუციო სასამართლოში, ასევე სტრასბურგში.

ცენტრის იურისტი, ანა პაპუაშვილი განმარტავს, რომ ქვეყანაში სამართლებრივი ცნობიერების დონე საკმაოდ დაბალია ამ მიმართულებით ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკა არ არსებობს. საუბრობს ფიზიკურ, ინფრასრუქტურულ, გეოგრაფიულ, ფინანსურ ბარიერებზე.

ანა პაპუაშვილი

ანა პაპუაშვილი

ფოტო: სოციალური სამართლიანობის ცენტრი

"ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული, ხშირად დასახელებული მიზეზი არის ის, რომ დიდ ფინანსურ ხარჯებთან არის დაკავშირებული სასამართლო დავის წარმოება.

არის კულტურული ბარიერებიც, საზოგადოებაში გაბატონებული შემთხვევები. ჩვენ ის ქვეყანა ვართ, სადაც ქურდული მენტალიტეტი იყო გაბატონებული. შესაბამისად, ეს არაფორმალური დავის გადაწყვეტის გზები, სამეზობლო იქნებოდა, თუ ავტორიტეტების ჩართულობა, უფრო მეტად იყო საზოგადოებაში გავრცელებული, ვიდრე სასამართლოს გზით დავის წარმოება", — განმარტავს ის.

საკონტაქტო ინფორმაცია:

მათ მუშაობაზე მეტი შეგიძლიათ გაიგოთ მათ ფეისბუქზე, ტვიტერსა და ვებგვერდზე.

საჭიროების შემთხვევაში შეგიძლიათ დაუკავშირდეთ:

♦ 599 65 66 11
♦ +995 32 2 233 706
♦ ელ-ფოსტა — [email protected]


თუ მსგავსი სიახლეები გაინტერესებს, შემოგვიერთდი ჯგუფში: რა ხდება სასამართლოში. აქ განვიხილავთ ყველაფერს, რაც საქართველოში სასამართლო სისტემის შესახებ უნდა იცოდე და ხელს ვუწყობთ დისკუსიის წამოწყებას სასამართლო სისტემაში განვითარებული მოვლენების შესახებ.

სტატია მომზადდა On.ge-ის მიერ USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით. პროგრამას ახორციელებს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI) ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით. სტატიის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია On.ge და მასში გამოთქმული მოსაზრებები, შესაძლოა, არ ასახავდეს ზემოთ ნახსენები საერთაშორისო ორგანიზაციების შეხედულებებს.

The article was prepared by the On.ge with the support of the USAID Rule of Law Program funded by the United States Agency for International Development (USAID) through the East-West Management Institute (EWMI). The views expressed in this article are the sole responsibility of the author and do not necessarily reflect the views of USAID and EWMI.