რატომ არის მნიშვნელოვანი: სალომე ზურაბიშვილი საქართველოს დამოუკიდებლობისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა და პრემიერმინისტრის თანდასწრებით მთავრობის განცხადებები და გადაწყვეტილებები გააკრიტიკა.

  • პრეზიდენტმა ისაუბრა ფრენების აღდგენაზე, ოკუპაციაზე, ევროინტეგრაციაზე სერგეი ლავროვის ოჯახის ქეიფზე და ანწუხელიძისა და ოთხოზორიას ოჯახებს ბოდიში მოუხადა.
  • თქვა ისიც, რომ გაუგებარი და შეურაცხმყოფელია, როცა დღეს ვითვლით, თუ რამდენ მილიონს მოგვიტანს "ფრენების საჩუქარი".
  • "და ახლა ამ ტრიბუნიდან მინდა მივმართო გიორგი ანწუხელიძის და გიგა ოთხოზორიას ოჯახებს. მე, როგორც ამ ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდალი ბოდიშს გიხდით შეურაცხყოფისთვის", — თქვა მან, რა დროსაც გაისმა შეძახილი, რომელიც პირდაპირი ეთერისას სრულად არ აღიქმება.

  • ისმის მხოლოდ წინადადების ნაწილი — "... ხარ შენ"
  • მოგვიანებით ისმის კიდევ ერთი ფრაზა: "9 აპრილს მე ვიბრძოდი რუსების წინააღმდეგ!"

დეტალები: ეს რეპლიკები, სავარაუდოდ, ქართული ოცნების დეპუტატს, ირაკლი ქადაგიშვილს ეკუთვნის.

  • რადიო თავისუფლებასთან ის მხოლოდ ერთი ფრაზის წამოძახებას ადასტურებს.
  • "მე ვთქვი, 9 აპრილს მე ვიბრძოდით-მეთქი [...] როცა გაბრალებენ, რუსეთის იმეებად გამოგვიყვანა, უნდა იცოდეს, ვის მიმართოს", — განუცხადა გამოცემას დეპუტატმა.
  • მისი თქმით, ბევრი უკმაყოფილება იყო პრეზიდენტის დღევანდელი სიტყვის გამო და აღარ იცის, ვინ რას ამბობდა.
  • მედიასთან საუბრისას კი დეპუტატი ამტკიცებდა, რომ სიტყვა მოღალატე არ თქმულა.
  • მას შემდეგ, რაც ჟურნალისტმა უთხრა, რომ დამადასტურებელ ვიდეოს მოასმენინებს, ქადაგიშვილმა ნათქვამი შეცვალა.
  • "შეიძლება, ვიღაცამ თქვა სიტყვა ეგეთი, მაგრამ მე არ მითქვამს ეგეთი სიტყვა და არც გამიგია. ვიღაცამ შეიძლება თქვა, ჩემგან არ ყოფილა", — განაცხადა დეპუტატმა.
  • ამბობს, რომ გააპროტესტა პრეზიდენტის სიტყვა, რადგან იგი არ შეეფერებოდა საქართველოს დამოუკიდებლობას.