სხეული უწყლოდ: რა ხდება, როცა ორგანიზმს სითხე აკლია და როგორ "გვამოძრავებს" წყალი
ფოტო: Adobe Stock
სისუსტე ან გონების დაბინდვა ხომ არ გაწუხებთ? სანამ გუგლს ჰკითხავდეთ და ისიც სასიკვდილო განაჩენს გამოგიტანდეთ, ერთ მარტივ რამეზე დაფიქრდით: საკმარისი წყალი თუ დალიეთ?
ეს ჩვენი სხეულისთვის მთავარი სითხეა. შეიძლება ითქვას, სიცოცხლისთვის იგი საკვებზე მნიშვნელოვანიც კია — უწყლოდ ორგანიზმი ბევრად მალე კვდება, ვიდრე უჭმელად. ეს სითხე უჯრედების, ქსოვილებისა და ორგანოების გამოკვებაში, ასევე ტოქსინებისგან გასუფთავებაში გვეხმარება, ამიტომ ყველა სხეულებრივი პროცესი სწორ ჰიდრატაციაზეა დამოკიდებული.
ესვე განსაზღვრავს ჩვენს ფიზიკურ უნარებსაც — მაგალითად, რამდენად მარტივად ავივლით კიბეს, რამდენად დაგვტანჯავს ვარჯიში ანდა რამდენად კარგი ფეხბურთელი დადგებოდა ჩვენგან. მეტი ფიზიკური დატვირთვის ფონზე ეს საკითხი სპორტსმენებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თუმცა ორგანიზმში წყლის ნაკლებობა, ანუ დეჰიდრატაცია, ნებისმიერ შემთხვევაში შეგვიქმნის პრობლემებს.
დეჰიდრატაციის ფენომენისა და წყლის მნიშვნელობის უკეთ გასააზრებლად NEXT.On.ge-დან ეკა სანიკიძეს — მედიცინის დოქტორს, პროფესორსა და ჯანდაცვის ექსპერტს — გავესაუბრეთ. ეკა ამ საკითხებს დეტალურად აგვიხსნის.
ზოგადით რომ დავიწყოთ, რა მნიშვნელობა აქვს წყალს ჩვენი ორგანიზმისთვის?
წყალი უნიკალური სითხეა, უნიკალური გამხსნელია. სწორედ ამ თვისებების გამო მას ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი ფუნქცია აქვს ჩვენს ორგანიზმში: გადააქვს სხვადასხვა საკვები ნივთიერება უჯრედებში — მათ შორის ჟანგბადიც — და, პირიქით, გამოაქვს ტოქსინები.
ქიმიური და ფიზიკური თვისებების გამო წყალი საუკეთესო ნივთიერებაა, რომ სხეულს ტენიანობა და სითხის საჭირო რაოდენობა შეუნარჩუნოს. ეს სითხე ყველაფერშია — თითოეულ უჯრედში, ქსოვილსა თუ ორგანოში. მისი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფუნქცია ისაა, რომ საუკეთესო დამატენიანებელი, ანუ ლუბრიკანტია.
წყალს ჰიდრატაციისთვის და რეჰიდრატაციისთვის იმდენად დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ ჩვენი ორგანიზმი სითხეს ბუნებრივად, ანთროპოლოგიურად, გენეტიკურად ითხოვს. მისი არარსებობისას, ბუნებრივია, ის დაზიანებას იწყებს.
ჩვენს ქვეყანაში წყალი არ გვაკლია. ამის მიუხედავად, 2021 წელს თითქმის ორი მილიარდი ადამიანი ცხოვრობდა ისეთ ქვეყნებსა და ადგილებში, სადაც წყლის ნაკლებობაა; სხვადასხვა ხელსაწყოს გამოყენებით ცდილობდნენ წყლის გასუფთავებას და ეს რაოდენობა 1.7 მილიარდამდე შეამცირეს 2022 წლისთვის, თუმცა მაინც დიდი რიცხვია.
წლიურად დაახლოებით 500 ათასი ბავშვი — ხუთ წლამდე ასაკის ბავშვი — რომელთა სიკვდილის აცილებაც შეიძლებოდა, სწორედ იმიტომ იხოცება, რომ ნორმალური, სუფთა, ხარისხიანი სასმელი წყალი არ ჰქონდა.
რა ხდება დეჰიდრატაციის დროს? ორგანოების ანდა ჩვენს ფიზიკურ ფუნქციონირებაზე რა გავლენა აქვს?
როგორც უკვე აღვნიშნე, წყალი უნიკალური გამხსნელია. მასში მარილები, ფუძეები, მჟავები, ორგანული ნაერთები თუ სხვა ნივთიერებები უნდა გაიხსნას; ეს სითხე ასრულებს სატრანსპორტო ფუნქციასაც — უჯრედებში საკვები მიაქვს და დაგროვილი ტოქსინები გამოაქვს. წყლის ნაკლებობის დროს ეს ფუნქციები ვეღარ ხორციელდება. დაახლოებით ისეთი რამაა, მატარებელი რომ გაჩერდეს და მგზავრები ვერ გადაიყვანოს A-დან B პუნქტამდე ან პირიქით.
უჯრედებისთვის ეს დიდი სტრესია. დამატენიანებელი, ანუ ლუბრიკანტული, თვისებები აბსოლუტურად ყველა ორგანოში კლებულობს. თავბრუსხვევა, სისუსტე, გონების დაბინდვა და მსგავსი სიმპტომები იმიტომ ვითარდება, რომ რეალურად წყალი პირველ რიგში ტვინს აკლდება.
შესაბამისად, ფერხდება სხვადასხვა ფუნქცია, მათ შორის: ორგანოებისა და უჯრედების დაცვა, ასევე ნორმალური ტემპერატურის შენარჩუნება, რადგან წყალი ტემპერატურის ცვლაშიც მონაწილეობს. ამ სითხის გარეშე შარდისა და ოფლის გამოყოფა, ასევე ნაწლავების მოქმედება წარმოუდგენელია.
რა სიმპტომები ვლინდება ხოლმე, როცა ორგანიზმს წყალი აკლია?
დეჰიდრატაციის გამო შეიძლება შემდეგი პროცესები განვითარდეს: აზროვნების დაბინდვა, ზოგადი სისუსტე, ორგანოების მუშაობის გაუარესება თუ ტემპერატურის რეგულაციის მოშლა. სხვათა შორის, წყლის ნაკლებობის დროს შეიძლება შაკიკის მსგავსი დაავადებებიც კი განვითარდეს.
წყალი საშარდე გზების ინფექციების მხრივაც მნიშვნელოვანია, რადგან შარდს ტოქსინები გამოაქვს, გაუწყლოების დროს კი საჭირო რაოდენობის შარდი ვერ წარმოიქმნება და ტოქსინები გროვდება; შესაბამისად, იწყება ანთებითი პროცესების განვითარება. სწორი ჰიდრატაცია თირკმლის კენჭების წარმოქმნასა და ურო-გენიტალური გზების ინფექციების განვითარებას უშლის ხელს.
წყლის ნაკლებობა განწყობაზეც მოქმედებს. არსებობს აზროვნების დაბინდვა და გუნება-განწყობის ცვლილება, რომლებიც სწორედ დეჰიდრატაციითაა განპირობებული.
ბუნებრივია, ძალიან დიდი რისკები არსებობს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ წყალს ვიღებთ. მნიშვნელოვანია არამარტო რაოდენობა, არამედ ხარისხიც. თუ სასმელი წყალი სუფთა არ არის, შეიძლება წყლით გადამტანი დაავადებები განვითარდეს, იქნება ეს: ეშერიხია კოლი, ნაწლავის ჩხირი, ქოლერა თუ ჰეპატიტი A, ასევე სხვადასხვა სახის პარაზიტული ინფექცია.
როგორ მივხვდეთ, სუფთა წყალს ვიღებთ თუ არა?
ეს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფუნქციაა. წყლის ხარისხის შესამოწმებლად გლობალურ დონეზე მუშავდება გაიდლაინები. სახელმწიფოს ფუნქციაა, რომ სუფთა სასმელი წყლის მიწოდება უზრუნველყოს.
სახელმწიფო ყოველდღიურად უნდა აკონტროლებდეს და იღებდეს სინჯებს იმ სათავეებიდან და კოლექტორებიდან, საიდანაც მერე წყალი ნაწილდება; თუ სასმელ წყალში რაიმე საეჭვო აღმოჩნდება, შესაბამისი ზომები უნდა მიიღოს — მაგალითად, წუთების თუ საათების განმავლობაში წყალი გადაკეტოს და მისი გასუფთავების შემდეგ ისევ გაუშვას; მეორე ვარიანტია, საზოგადოებას ინფორმაცია მიაწოდოს, რომ სასმელი წყალი გარკვეული დროის განმავლობაში არ ვარგა და მხოლოდ ტექნიკური მიზნებით გამოიყენონ.
წყლის ხარისხის კუთხით მიკრობული, ქიმიური და რადიოლოგიური ასპექტებია გასათვალისწინებელი. სწორედ ამ ყველაფრის შემოწმების შემდეგ შეუძლია თქვას შესაბამისმა სამსახურმა, რომ წყალი სასმელად ვარგისია.
დამოუკიდებლად, ანალიზის გარეშე, სასმელი წყლის ხარისხს ვერ შევაფასებთ, მაგრამ გარეგნული ფაქტორითაც შეგვიძლია გავიგოთ, როდის არ უნდა მივიღოთ იგი: თუ მისი ფერი ან სუნი შეცვლილია, თუ სიმღვრივე აქვს ან მისი დაყენებისას გარკვეული ნივთიერებები ილექება, მაშინ უნდა მივხვდეთ, რომ წყალში რაღაცამ გაჟონა. შესაბამისად, სასურველია, იგი არ მივირთვათ.
ზოგადად, წყლის გადადუღება ჯანმრთელობისთვის დიდად სასარგებლო არ არის — წყალი იმიტომაა მარგებელი და სასიამოვნო, რომ პირდაპირ მივიღოთ წყაროდან. მეორე მხრივ, თუ არც ისე სუფთა წყალი გვაქვს, სულ სითხის გარეშე რომ არ დავრჩეთ და დეჰიდრატაცია ავირიდოთ თავიდან, ჯობია გადადუღებული წყალი მივიღოთ.
ბევრნაირი რეკომენდაცია არსებობს ამაზე და რას გვეტყვით, რამდენი წყალი უნდა დავლიოთ დღის განმავლობაში?
არსებობს სპეციალური გაიდლაინები, თუ რა რაოდენობით წყალი შეიძლება დალიოს ადამიანმა თავისი ასაკისა და სქესის მიხედვით. მიღებულია დღე-ღამეში ორ ლიტრამდე წყლის მიღება, ოღონდ ეს რაოდენობა სუფთა წყლის სახით არ იგულისხმება, არამედ საკვებსა და სხვადასხვა პროდუქტში შემავალიც მოიაზრება.
საერთო ჯამში, სასურველია, ქალებმა დაახლოებით ორ ლიტრამდე წყალი მიიღონ, კაცებისთვის კი ნორმა 2.7-2.8 ლიტრია. შემოწმებულია, რომ სხვადასხვა წყაროდან ამ რაოდენობით წყლის მიღების შემდეგ ადამიანი თავს კარგად გრძნობდა; მისთვის ეს სრულიად საკმარისი იყო დღე-ღამის განმავლობაში. ბავშვებისთვის ნორმა გაცილებით ნაკლებია წონის, ასაკისა და მდგომარეობის გათვალისწინებით.
მეორე მხრივ, იმ შემთხვევაში, თუ ადამიანს რაიმე პრობლემა აქვს, მაგალითად ვირუსული ინფექცია, მეტი სითხის მიღებაა რეკომენდებული. მიზანი ისაა, რომ ვირუსის ცხოველქმედების პროდუქტები რაც შეიძლება მალე განზავდეს და ინტოქსიკაცია შემცირდეს. ასეთ შემთხვევებში ადამიანს შეიძლება ვურჩიოთ, რომ 2.5-3 ლიტრი მიიღოს.
აქვე უნდა ითქვას, რომ გადამეტებული რაოდენობით წყლის მიღება არ შეიძლება. ზედმეტმა განზავებამ შეიძლება ისეთი ნივთიერებების კონცენტრაცია შეამციროს, რომლებიც ამა თუ იმ სიტუაციის დროს ან ზოგადად ჯანმრთელი ადამიანისთვის აუცილებელია. შესაბამისად, ნორმა ყოველთვის დაცული უნდა იყოს.
სხვადასხვა მდგომარეობის დროს ზოგჯერ წყალი იზღუდება კიდეც — მაგალითად, თუ ადამიანს შეშუპება ან გულის უკმარისობა აქვს ანდა თუ თირკმლის ფილტრაციის უნარი შესუსტებულია. წყლის ზედმეტად მიღებამ შეიძლება კიდევ უფრო გაამძაფროს შეშუპება ან თირკმელი ზედმეტად დატვირთოს.
სპორტულ კონტექსტში რა მნიშვნელობა აქვს სწორ ჰიდრატაციას? როგორ გვეხმარება ენერგიის მართვაში ან გამძლეობას თუ აუმჯობესებს?
წყალი მარტო წყალი არ არის. ყველაზე ცნობილი და მარტივი მიდგომაა, რომ ვარჯიშის, ოფლის გამოყოფისა და ენერგიის დახარჯვის შემდეგ თითქოს ადამიანი უბრალოდ იმ სითხეს აღიდგენს, რომელიც ოფლით გამოყო. ასე ვუყურებთ, მაგრამ ამ დროს სინამდვილეში ენერგიაც აღდგება, რადგან ოფლის გამოყოფისას არამხოლოდ სითხეს ვკარგავთ, არამედ სითბოსაც გავცემთ.
ვარჯიშის შემდეგ სპორტსმენს წყლის მიღება ისევ სჭირდება, რადგან ეს სითხე მნიშვნელოვან როლს ასრულებს ტემპერატურის რეგულაციაში, ენერგიის აღდგენასა და უჯრედებისთვის იმ ნივთიერებების მიწოდებაში, რომლებიც ფიზიკური აქტივობისას იხარჯება. წყლის მიღებით გამოფიტულ უჯრედებს საჭირო ნივთიერებები მიეწოდება. ნორმალური ჰიდრატაცია გვეხმარება როგორც საკვები ნივთიერებების დროულად, სწორად მიღებასა და განაწილებაში, ასევე დაგროვილი ტოქსინების — ვარჯიშის შემდეგ მარილმჟავა გროვდება — გამოყვანაში.
წყლის როლი სპორტზეცაა დამოკიდებული. თუ ვსაუბრობთ ფიზიკურ სპორტზე, რომელიმე სახსარი ყოველთვის მუშაობს. ხახუნის შედეგად რომ არ დაზიანდეს, იგი ნორმალურად დატენიანებული უნდა იყოს. ამ მხრივაც ასრულებს წყალი ლუბრიკანტის ფუნქციას.
როგორ უნდა მივიღოთ წყალი, როცა ვვარჯიშობთ? ვარჯიშის დროს ჯობია, ამის შემდეგ თუ საჭიროების მიხედვით?
ჰგონიათ, რომ წყალი ვარჯიშისას ყოველ წუთს უნდა დალიონ, თუმცა არ არის ასე, პირიქით. არ შეიძლება წყლის არასწორად მოხმარება. თუ ვვარჯიშობთ, ჩვეულებრივად უნდა ვივარჯიშოთ. იმ შემთხვევაში, თუ პირი გამოგვიშრა ან ვგრძნობთ, რომ ყლაპვა გვიჭირს და ნერწყვის წარმოქმნა გაძნელებულია, რა თქმა უნდა, სიმშრალის შესამცირებლად შეგვიძლია რამდენიმე ყლუპი მივიღოთ.
რეკომენდებული არ არის, რომ წყალი იმის მიხედვით მივიღოთ, თუ რა დატვირთვით ვასრულებთ ამა თუ იმ ვარჯიშს. ადამიანმა უნდა ივარჯიშოს და წყალი ვარჯიშის დასრულებიდან ცოტა ხანში მიიღოს, როგორც კი დაისვენებს და სუნთქვა ნორმაში ჩაუდგება. სითხე, რომელიც ვარჯიშის დროს დაკარგა, უნდა მიიღოს ყლუპებად, ნელ-ნელა, სვენებ-სვენებით — უცებ არა.
რა შეიძლება მოხდეს, თუ წყალს სწრაფად მივიღებთ?
წყალი სითხეა და კუჭში არ ყოვნდება, პირდაპირ ნაწლავებში გადადის და ამ ორგანოებსაც თავისი გამტარობა აქვს. როდესაც დიდი რაოდენობით წყალს ვიღებთ, ეს სითხე პირდაპირ ნაწლავებში გადადის; აქ მისი შეთვისების დრო და რაოდენობა ერთმანეთს არ შეესაბამება, ამიტომ ყველა საჭირო ნივთიერების შეწოვას ნაწლავი უბრალოდ ვერ ასწრებს. ამის გამო ჯობია ყლუპებად, ნელ-ნელა, მიღება.
ბევრ ადამიანს არ უყვარს წყალი და უჭირს მისი საკმარისი რაოდენობით მიღება. რჩევას ხომ არ მისცემდით მკითხველს, როგორ გავიმარტივოთ ეს პროცესი?
უნიკალური რეცეპტი არ არსებობს, ამიტომ ვურჩევდი ყველას, საკუთარ თავზე მოსინჯონ, რა მდგომარეობაში, რა რაოდენობით და რა ტემპერატურის წყალი სიამოვნებთ. წყლის მიღება სიამოვნებასთან უნდა ასოცირდებოდეს, რომ ის სარგებელი მოგვიტანოს, რომლისთვისაც არსებობს დედამიწაზე.
ვურჩევდი ასე: მოსინჯონ რამდენიმე ვერსია — რამდენი ყლუპი წყლის მიღება სიამოვნებთ ერთ ჯერზე; რა მდგომარეობაში — მწოლიარე უნდა იყვნენ, მჯდომარე თუ ფეხზე დამდგარი; რომელი ტემპერატურის უნდა იყოს სითხე — ოთახის, მაცივრის თუ ნელ-თბილი. ამ ყველაფერს უნდა დააკვირდნენ და იმისდა მიხედვით მიიღონ წყალი.
ზოგს სიამოვნებს, მაცივრიდან გამოიღოს და ერთი ბოთლი პირდაპირ დალიოს, მაგრამ, ცხადია, ესეც არ ვარგა — ყოველთვის ყლუპებად დალევა ჯობია, რომ სხეულმა ათვისება მოასწროს.

კომენტარები