სანტა კლაუსი ზამთრის დღესასწაულების შეუცვლელი და უნივერსალური სიმბოლოა. ამ კეთილ გმირს, რომელსაც საშობაოდ ბავშვებისთვის საჩუქრები მოაქვს ხოლმე, დედამიწის ყველა წერტილში იცნობენ. მიიჩნევა, რომ სანტას ფოლკლორული სახე ჯერ კიდევ შუა საუკუნეებში იღებს სათავეს, მისი პროტოტიპი კი წმინდა ნიკოლოზია, რომელიც ქრისტიანულ კულტურაში ბავშვების მფარველ წმინდანად ითვლება.

საუკუნეების განმავლობაში, სანტა კლაუსის სახემ ბევრგვარი ტრანსფორმაცია განიცადა: იგი ხან ინგლისური მითოსის გმირთან, შობის მამასთან, იყო გაიგივებული, ხანაც ონავარ ელფად გამოსახავდნენ. ეგ კი არა, სანტა კლაუსის საშიში ვერსიაც კი არსებობდა. თუმცა, ცოტამ თუ იცის, რომ ისეთი ჯადოსნური სანტა, როგორსაც ჩვენ დღეს ვიცნობთ და გვიყვარს, არც მეტი, არც ნაკლები, კოკა-კოლამ გამოიგონა.

ყველაფერი კი 1931 წელს დაიწყო...

1931 წელს გამოქვეყნებული სარეკლამო პოსტერი, სადაც სანდბლომის სანტა პირველად გამოჩნდა.

ფოტო: Coca-Cola

სანტა კლაუსი, როგორც შობა-ახალწლის მთავარი სიმბოლო, კოკა-კოლას სადღესასწაულო რეკლამებში ჯერ კიდევ 1920-იანებში გამოჩნდა. საუკუნეზე მეტი ხნის წინ, 1923 წელს შექმნილ სარეკლამო პოსტერში, სლოგანით "წყურვილს სეზონი არ აქვს" (Thirst Knows No Season), სანტა კოკა-კოლის დალევისკენ მოგვიწოდებდა. თუმცა, სიმართლე ითქვას, ნახატზე გამოსახული პერსონაჟი არცთუ კეთილშობილად გამოიყურებოდა...

მოგვიანებით, 1930 წელს, მხატვარმა ფრედ მაიზენმა პოსტერზე გამოსახა სავაჭრო ცენტრში შეკრებილ ხალხს შორის გარეული სანტა, რომელიც კოკა-კოლას სვამდა.

1931 წლიდან კი ყველაფერი შეიცვალა. კოკა-კოლას დაქირავებული სარეკლამო სააგენტო D'Arcy-ის აღმასრულებელმა დირექტორმა არჩი ლიმ გადაწყვიტა, რომ მორიგ სადღესასწაულო კამპანიაში სანტას სიმბოლური და რეალისტური სახე შეექმნათ — უბრალოდ, გმირის კოსტიუმში გამოწყობილი კაცი კი არა, თავად სანტა! ამიტომ, მიჩიგანელ მხატვარს, ჰედონ სანდბლომს, მიმართეს. სწორედ სანდბლომმა შექმნა სანტას ის საკულტო სახე, რომელიც კოკა-კოლას რეკლამებში ათწლეულების განმავლობაში ჩნდებოდა. უფრო ზუსტად, სანდბლომის სანტა პირველად 1931 წელს გამოჩნდა ჟურნალში The Saturday Evening Post, მხატვარი კი 1964 წლამდე ხატავდა პოსტერებს, სადაც კლაუსი ხან წერილის კითხვას წყვეტდა და კოკა-კოლათი იტკბარუნებდა პირს, ხანაც პირდაპირ სახლებში მიჰქონდა სასმელი და სადღესასწაულოდ მაცივრებს ავსებდა.

სანდბლომის ნახატები ჟურნალებში, მაღაზიების ვიტრინებში, ბილბორდებსა და სხვა ბევრ ადგილას ჩნდებოდა, ორიგინალური ნამუშევრების დიდი ნაწილი კი დღეს კომპანიის არქივს და სხვადასხვა სამუზეუმო კოლექციას ამშვენებს.

როგორ შექმნა სანდბლომმა სანტას ახალი სახე

ჰედონ სანდბლომი და მისი მეზობელი ლუ პრენტისი, რომელიც მხატვრისთვის სანტას მოდელად იქცა.

ფოტო: Coca-Cola

ჰედონ სანდბლომისთვის შთაგონების წყაროდ იქცა კლემენტ კლარკ მურის მე-19 საუკუნის ლექსი წმინდა ნიკოლოზის სტუმრობა, იგივე შობისწინა ღამე. წმინდა ნიკოლოზის მურისეული აღწერა — "ვარდივით ღაჟღაღა ლოყები, ალუბალივით ცხვირი, სახეზე მშვილდივით გადაჭიმული ღიმილი და თოვლივით თეთრი წვერი" — საფუძვლად დაედო კოკა-კოლას რეკლამისთვის შექმნილ პირველ ნახატს.

თუმცა, სანდბლომს ცოცხალი მოდელი მაინც სჭირდებოდა, ამიტომ, ადგა და თავის მეგობარს, პენსიაზე გასულ მოვაჭრეს, ლუ პრენტისს, მიაკითხა. ბავშვები კი, რომლებიც სანტასთან ერთად ჩნდებოდნენ, თავად მხატვრის მეზობელი გოგოები გახლდნენ. მოგვიანებით, როცა პრენტისი გარდაიცვალა, სანდბლომმა ნატურად საკუთარი თავი აქცია და სარკეში ყურებით განაგრძო ხატვა.

კოკა-კოლას სანტას გავლენა

1990-იანებში პოსტერებზე სანტასთან ერთად, არც მეტი, არც ნაკლები, ვერტმფრენი გამოჩნდა.

ფოტო: Coca-Cola

კოკა-კოლას სადღესასწაულო რეკლამების განუყრელი გმირი ხალხმა ისე შეიყვარა, რომ სანტას სახეში სულ მცირე დეტალის ცვლილებასაც კი უმალ ამჩნევდნენ და მაშინვე წერილებს გზავნიდნენ კომპანიაში.

ასე მოხდა მაშინ, როცა, მაგალითად, ერთხელ სანდბლომმა სანტას ქამრის ბალთა უკუღმა დახატა (რა გასაკვირია, ის ხომ სარკეში უყურებდა თავის გამოსახულებას). იყო შემთხვევაც, როცა სარეკლამო პოსტერზე სანტა საქორწინო ბეჭდის გარეშე გამოჩნდა, დაკვირვებულმა და ცნობისმოყვარე ხალხმა კი მაშინვე წერილები აფრინა კოკა-კოლას ოფისში, მისის კლაუსს რა მოუვიდაო?!

მართალია, სანდბლომმა ლეგენდარული სანტას სახე ბოლოს 1964 წელს დახატა (ამ ნახატში ძაღლიც ჩნდებოდა, რომლის პროტოტიპად მხატვრის მეზობლის ნაცრისფერი პუდელი იქცა), თუმცა, მისი მემკვიდრეობა დღემდე ცოცხლობს კოკა-კოლას ჯადოსნურ რეკლამებში, რომლებიც, თავად სანტასი არ იყოს, შობა-ახალწლის შეუცვლელ ატრიბუტადაა ქცეული.