ჩრდილოეთ დაკოტაში მდებარე ჰელ ქრიქი გვიანდელი ცარცული პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სამარხია. იქ მეცნიერებმა მოზაზავრის კბილი აღმოაჩინეს, რომელმაც ისინი მოულოდნელ დასკვნამდე მიიყვანა. როგორც ჩანს, ზღვის ამ გიგანტურმა მტაცებლებმა მტკნარი წყლის გარემოსთან ადაპტირება შეძლეს, თანაც ისე, რომ ზომაში არ დაპატარავებულან.

ეს აღმოჩენა 2022 წელს პალეონტოლოგმა ტრისა ფორდმა ჰელ ქრიქის ნალექების კვლევისას გააკეთა. მან შემთხვევით ტირანოზავრ რექსის დაზიანებულ კბილს მიაგნო. ნამარხის უსაფრთხოდ ამოღების შემდეგ ჩრდილოეთ დაკოტას გეოლოგიური სამსახურის ხელმძღვანელმა, დოქტორმა კლინტ ბოიდმა, ამ ადგილის დეტალური კვლევა დაიწყო. ამ პროცესში ნალექიდან შემთხვევით მეორე კბილიც გადმოვარდა, რომელიც ტირანოზავრ რექსს ნამდვილად აღარ ეკუთვნოდა.

მოზაზავრის კბილი და აღმოჩენის ადგილი.

ფოტო: Melanie During

ბოიდმა აღმოჩენის შესახებ საზღვაო ქვეწარმავლების სპეციალისტს აცნობა, რომელმაც კბილი Prognathodontini-ს ქვეოჯახის მოზაზავრს მიაკუთვნა. მოზაზავრები ოკეანის ქვეწარმავლების ოჯახია, რომლებიც ცარცული პერიოდის ბოლოს გადაშენდნენ. აღმოჩენის მთავარი საიდუმლო გეოგრაფიული მდებარეობა იყო. დღეს ჰელ ქრიქი ოკეანიდან თითქმის 2 000 კილომეტრითაა დაშორებული და ცარცული პერიოდის ბოლოსაც იგი ზღვისპირა გარემოდ ვერ ჩაითვლებოდა.

პარადოქსის ასახსნელად გუნდს დოქტორი მელანი დიურინგი შეუერთდა. ამ მკვლევარმა ადრე აღმოაჩინა, რომ ასტეროიდი, რომელმაც დინოზავრების გადაშენება გამოიწვია ჩრდილოეთ ნახევარსფეროს გაზაფხულის პერიოდში ჩამოვარდა. დიურინგისა და მისი კოლეგების შეფასებით კბილი ნამდვილად ამ რეგიონს ეკუთვნის და იგი სხვა ადგილიდან არ გადმოუტანიათ. მაშ ჩნდება კითხვა, როგორ მოხვდა ზღვის გიგანტური ცხოველის კბილი ჰელ ქრიქში?

მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ამ მოზაზავრის წინაპრებმა მდინარის ეკოსისტემასთან შეგუება შეძლეს და შეიძლება პერიოდულად ხმელეთის ცხოველებზე, მათ შორის დინოზავრებზეც, ნადირობდნენ.

დინოზავრების ეპოქის დიდი ნაწილის განმავლობაში ჩრდილოეთ ამერიკა დასავლეთის შიდა ზღვით ორ ნაწილად იყო გაყოფილი, რაც ზღვის აღმოსავლეთსა და დასავლეთში სახეობების დამოუკიდებელ ევოლუციას განაპირობებდა. ეს ზღვა დიდი ხნის განმავლობაში არქტიკის ოკეანესა და მექსიკის ყურეს უკავშირდებოდა. ამის გამო იქ მარილიანობის დონე მაღალი იყო და მოზაზავრებისთვის იდეალურ გარემოს ქმნიდა.

ამის მიუხედავად, ცარცული პერიოდის ბოლოს ეს სურათი რადიკალურად შეიცვალა. დიურინგის თქმით, აქტიურმა ტექტონიკურმა მოძრაობებმა კონტინენტის ფორმა შეცვალა. დასავლეთის შიდა ზღვა ჯერ მექსიკის ყურეს მოწყდა, შემდეგ კი არქტიკის ოკეანეს, ხოლო ინტენსიურმა ნალექებმა მარილიანი წყლები გამორეცხა. ჰელ ქრიქის რეგიონი თანდათან მდინარეთა ქსელად გადაიქცა, სადაც ხმელეთის ეკოსისტემები ჭარბობდა.

ამ ცვლილებების მიუხედავად, მოზაზავრები გადარჩნენ და ახალ პირობებს მოერგნენ. მკვლევრების შეფასებით, მარილიანი წყლის გარემოსთან ადაპტაცია მტკნარ წყალში დაბრუნებაზე გაცილებით რთულია. სწორედ ამიტომ, ზღვის ცხოველებისთვის მდინარის სისტემებში შეღწევა ბიოლოგიურად უფრო რეალისტურია, რასაც თანამედროვე ვეშაპებისა და სელაპების ქცევაც ადასტურებს.

უნგრეთში ადრე აღმოჩენილმა მტკნარი წყლის მოზაზავრის ნამარხებმა უკვე აჩვენა, რომ ასეთ გარემოში ცხოვრება შესაძლებელი იყო, მაგრამ ის ინდივიდები გაცილებით პატარა ზომის იყვნენ. ჰელ ქრიქში აღმოჩენილი კბილის ზომა კი დაახლოებით 11-მეტრიან ცხოველზე მიუთითებს, რომელიც სიგრძით თანამედროვე ნიანგებსა და დიდ თეთრ ზვიგენსაც კი აღემატება.

ჰელ ქრიქის საბადოში აღმოჩენილი ედმონტოზავრის ნეკნი.

დიურინგი ამ ადაპტაციას ავსტრალიის მარილიანი წყლის ნიანგებს ადარებს, რომლებიც როგორც მარილიან, ისე მტკნარ წყალში თავისუფლად გადაადგილდებიან. მკვლევარი დაზუსტებით ვერ ამბობს, შეეძლო თუ არა ასეთ მოზაზავრს ხმელეთზე გადაადგილება, მაგრამ აღნიშნავს, რომ უნგრეთში აღმოჩენილ ნამარხებს ხმელეთის ცხოველებისთვის დამახასიათებელი ზოგიერთი ნიშანი გააჩნდათ.

მტკნარი წყლის გიგანტური მოზაზავრის იდეა თავდაპირველად რთულად დასაჯერებელი იყო, მაგრამ დიურინგმა დამატებითი მტკიცებულებები მოიპოვა. მათ შორისაა ნამარხის გეოლოგიური კონტექსტი, კბილის ემალში ჟანგბადისა და სტრონციუმის იზოტოპების თანაფარდობა და ის ფაქტი, რომ სავარაუდოდ, დასავლეთის შიდა ზღვის ადრეული მოზაზავრები ნაწილობრივ მტკნარ წყლებში ცხოვრობდნენ.

მოზაზავრები ტრადიციულად თევზებითა და მყარ ნაჭუჭიანი ცხოველებით, მაგალითად კუებით, იკვებებოდნენ. ამის მიუხედავად, ჰელ ქრიქში აღმოჩენილ კბილში ნახშირბადის იზოტოპების თანაფარდობა სხვა ნიმუშებისგან იმდენად განსხვავდება, რომ ეს მოვლენა უფრო მეტად ხმელეთის კვებით ჯაჭვს შეესაბამება. ამის საფუძველზე დიურინგი ვარაუდობს, რომ მოზაზავრის რაციონში შესაძლოა ლამბეოზავრებიც შედიოდნენ.

კვლევა ჟურნალ BMC Zoology-ში გამოქვეყნდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.