იტალიელები ყველაზე მეტად თავიანთი კერძებით, არქიტექტურითა და ხანგრძლივი სიცოცხლით არიან განთქმულნი. მიიჩნევა, რომ ამ უკანასკნელში ყველაზე დიდი წვლილი ხმელთაშუაზღვის დიეტას მიუძღვის. მიუხედავად ამისა, ახალი გენეტიკური კვლევის თანახმად, იტალიელებს, რომლებიც 100 წელს აღწევენ, უფრო მეტი მონადირე-შემგროვებლური გენი აქვთ და მათი დღეგრძელობის მთავარი საიდუმლო სწორედ ესაა.

იტალიელების გენეტიკურ წინაპრებად რამდენიმე პრეისტორიული ჯგუფი მოიაზრება, მათ შორის, ბრინჯაოს ხანის მენახირეები პონტოს-კასპიის სტეპებიდან, ნეოლითური ხანის ფერმერები შუა აზიიდან და მეზოლითური ხანის მონადირე-შემგროვებლები დასავლეთ ევროპიდან (WHG). WHG-მ უკანასკნელი მყინვარული მაქსიმუმის დროს უფრო ადრეული ხანის ევროპელები ჩაანაცვლა.

ახალი კვლევის ავტორებმა 100 წელს გადაცილებული 333 იტალიელის გენომი შეისწავლეს. საკონტროლო ჯგუფს 690 ჯანმრთელი იტალიელი შეადგენდა. მიღებული მონაცემები მეცნიერებმა ბოლო 20 000 წლის ევროპელების 103 გენომს შეადარეს.

აღმოჩნდა, რომ WHG წინაპრების ყოლასა და 100 წელზე მეტხანს სიცოცხლეს შორის მნიშვნელოვანი კორელაცია არსებობს: ამ უკანასკნელთ უფრო მეტი WHG გენი აქვთ. აღსანიშნავია ისიც, რომ დღეგრძელობასთან სხვა არცერთი უძველესი გენეტიკური წინაპრის კავშირი არ გამოვლენილა.

აუცილებლად უნდა ითქვას, რომ ბუნდოვანია, ზუსტად რას ნიშნავს ეს ყოველივე. სიცოცხლის ხანგრძლივობას უამრავი ფაქტორის კომბინაცია განაპირობებს: გენეტიკასთან ერთად, ცხოვრების სტილიც ძალიან მნიშვნელოვანია. საჭიროა დამატებითი კვლევები იმის გასაგებად, თუ რამდენად პირდაპირია WHG გენების ზეგავლენა დღეგრძელობაზე. ისიც შესაძლებელია, საქმე ის იყოს, რომ ნეოლითური ხანიდან დაწყებულმა გენეტიკურმა ცვლილებებმა ჩვენი სიცოცხლის ხანგრძლივობა შეამცირა.

მაგალითად, იმ ნეოლითურ პოპულაციებს, რომლებმაც WHG ჯგუფები ჩაანაცვლეს, ანთებისკენ გენეტიკური მიდრეკილება მეტად ჰქონდათ განვითარებული. თავდაპირველად, ეს გენეტიკური ვარიანტები ინფექციებთან გამკლავების კუთხით სასარგებლოც კი შეიძლება ყოფილიყო.

მეორე მხრივ, თანამედროვე მედიცინის განვითარებამ ადამიანების სიცოცხლის ხანგრძლივობის გაზრდას შეუწყო ხელი, ამ შემთხვევაში კი ეს გენები უკვე ქრონიკულ ანთებასა და ხანდაზმულობასთან დაკავშირებულ დაავადებებს აყალიბებენ.

კვლევა გამოცემაში GeroScience გამოქვეყნდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.