გაიცანით ვლადიმერ კომაროვი — კაცი, რომელიც "კოსმოსიდან ჩამოვარდა"
ფოტო: Mil.ru/Wikimedia Commons
1967 წელს საბჭოთა კავშირი დაარსებიდან 50 წლის იუბილეს აღნიშნავდა. მასშტაბური სახმელეთო ზეიმის პარალელურად, იუბილეს სიმბოლურ კულმინაციად კოსმოსში დაგეგმილი საჩვენებელი მისია უნდა ქცეულიყო. ეს ფრენა ტექნოლოგიური პროგრესისა და სახელმწიფოს ძლიერების დემონსტრაციას ემსახურებოდა, მაგრამ საბოლოოდ იგი ტრაგედიით დასრულდა — ასტრონავტი ვლადიმერ კომაროვი ტრაგიკულად დაიღუპა. დღეს მას ხშირად მოიხსენიებენ კაცად, რომელიც კოსმოსიდან ჩამოვარდა.
მისიის მიზანი ამბიციური და რთული იყო. გეგმის მიხედვით, ორბიტაზე ორი კოსმოსური ხომალდი უნდა გაეშვათ. პირველ ეტაპზე უნდა აფრენილიყო კოსმოსური ხომალდი საიუზ 1, რომლის ბორტზეც ვლადიმერ კომაროვი იმყოფებოდა. მეორე დღეს კი მას საიუზ 2 უნდა შეერთებოდა, რომელზეც დამატებით ორი ასტრონავტი იყო.
ორბიტაზე შეხვედრის შემდეგ კომაროვი ღია კოსმოსში გასვლით ერთი ხომალდიდან მეორეში უნდა გადასულიყო, ხოლო საიუზ 2-ის ერთ-ერთი წევრი მის ადგილს დაიკავებდა. ამის შემდეგ კი ორივე ხომალდი დედამიწაზე უსაფრთხოდ დაბრუნდებოდა. გეგმის მიხედვით, ასეთი მანევრი საბჭოთა კოსმოსური პროგრამის ტექნოლოგიურ შესაძლებლობებს წარმოაჩენდა და ქვეყანას საერთაშორისო ასპარეზზე მნიშვნელოვან პრესტიჟს მოუტანდა.
ისტორიკოსებს შორის ეს საკითხი კვლავ სადავოა, მაგრამ არსებობს თეორია, რომ ფრენის სერიოზული რისკები მისიის გაშვებამდე რამდენიმე თვით ადრე უკვე ნათელი იყო. იური გაგარინზე დაწერილი წიგნის, Starman-ის მიხედვით, ხომალდის ინსპექციისას მან და სხვა უფროსმა სპეციალისტებმა 203 სტრუქტურული და ტექნიკური ხარვეზი აღმოაჩინეს.
გავრცელებული ინფორმაციით, აღმოჩენილი პრობლემების შესახებ დეტალური ჩანაწერებიც არსებობდა, მაგრამ მისი უმაღლესი პოლიტიკური ხელმძღვანელობისთვის გადაცემა ვერავინ გაბედა. საბჭოთა კავშირში მსგავსი პასუხისმგებლობის აღება კარიერულ და პირად საფრთხეებს უკავშირდებოდა.
Starman-ის ავტორების თქმით, რომლებმაც გაგარინის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი KGB-ს აგენტი ვენიამინ რუსაევი გამოჰკითხეს, კომაროვის მეგობრები ცდილობდნენ ასტრონომი უარის თქმაზე დაეთანხმებინათ. მათი აზრით, ეს მისია სასიკვდილო რისკს შეიცავდა. ამის მიუხედავად, ზოგიერთი ისტორიკოსი მიიჩნევს, რომ რუსაევის მონათხრობი შეიძლება გადაჭარბებული იყოს.
თავად კომაროვმა კარგად იცოდა, რომ თუ იგი უარს იტყოდა მის ადგილს იური გაგარინი დაიკავებდა. მეგობრის სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდებას ის არ აპირებდა და რისკების მიუხედავად მისიაში მონაწილეობას დათანხმდა.
არსებობს ცნობები, რომ კომაროვს ერთგვარი სიმბოლური პროტესტიც კი ჰქონდა დაგეგმილი. მან ითხოვა, რომ მისიის ტრაგიკული დასასრულის შემთხვევაში ღია კუბოთი დაემარხათ. ეს იქნებოდა უხმო ბრალდება იმ სისტემის მიმართ, რომელმაც იგი პრაქტიკულად სასიკვდილო მისიაზე გაგზავნა.
საიუზ 1 ორბიტაზე წარმატებით გავიდა, მაგრამ პრობლემები თითქმის მაშინვე დაიწყო. ერთ-ერთი მზის პანელი არ გაიხსნა, რის შედეგადაც ხომალდს ენერგიის მწვავე დეფიციტი გაუჩნდა. ამას სხვა სისტემური გაუმართაობებიც მოჰყვა და მისიის გაგრძელება შეუძლებელი გახდა.
დედამიწიდან ხომალდის დაშვების ბრძანება გაიცა, მაგრამ დაბრუნებისას კაფსულიმ უკონტროლო ბრუნვა დაიწყო. ხომალდის რეგულირება შეუძლებელი გახდა და მისი სწორ პოზიციაში გაჩერება ვერ მოხერხდა. შედეგად, სადესანტო სისტემები ვერ ამოქმედდა და კაფსული მიწას პრაქტიკულად თავისუფალი ვარდნის სიჩქარით დაეჯახა.
Starman-ის მიხედვით, კომაროვის ბოლო სიტყვები თურქეთში განთავსებულმა ამერიკულმა რადიოსადგურებმა დააფიქსირა. ჩანაწერებში ისმის მისი აღელვებული ხმა: "ეს ეშმაკის ხომალდია! რასაც ხელს ვკიდებ არაფერი მუშაობს სწორად". ამ ფრაზას გაბრაზებული და სასოწარკვეთილი შეძახილები მოჰყვება.
საბჭოთა ოფიციალური ტრანსკრიპტები, რომელთა სანდოობასაც მკვლევრები სკეპტიკურად უყურებენ, განსხვავებულ სურათს გვიხატავს. ამ ჩანაწერების მიხედვით, კომაროვის ბოლო სიტყვები იყო: "თავს შესანიშნავად ვგრძნობ, ყველაფერი რიგზეა. გმადლობთ ინფორმაციისთვის. [განცალკევება] მოხდა".

კომენტარები