სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.

OC Media-ს რედაქცია ამჯობინებს, არ გამოიყენოს ისეთი ტერმინები, როგორიცაა "დე ფაქტო", "არაღიარებული" ან "ნაწილობრივ აღიარებული", როდესაც სტატია ეხება ოკუპირებულ აფხაზეთს ან ე.წ. სამხრეთ ოსეთს, ასევე, მთიან ყარაბაღს. ეს არ ასახავს რედაქციის პოზიციას მათ სტატუსთან დაკავშირებით.

უკრაინაში რუსეთის ომის გავლენა მკვეთრად იგრძნობა ჩრდილოეთ კავკასიაში, მიუხედავად იმისა, რომ დაღუპულთა რაოდენობა მკაცრად არის გასაიდუმლოებული. გასულ წელს ჩრდილოეთ კავკასიიდან ათასობით ადამიანის მობილიზება მოხდა, მათ შორის იყვნენ პატიმრებიც, რომლებსაც ომში ბრძოლის სანაცვლოდ თავისუფლებას დაჰპირდნენ.

მოღრუბლულ დღეს ვლადიკავკაზში 39 წლის ვიტალი ურტაევს კრძალავენ.

ამ რეგიონში დაკრძალვები ტრადიციულად მრავალრიცხოვანია, გარდაცვლილს რამდენიმე ასული ადამიანი მიაცილებს. არც ურტაევის გასვენებაა გამონაკლისი: გარდაცვლილის მეზობლები ეზოში ხორცს ამზადებენ, ქალები კი ხაძარში, 5-სართულიან შენობებს შორის დიდი ღონისძიებებისთვის სპეციალურად მოწყობილ ნაგებობაში სუფრას შლიან. სიკვდილის გარემოებები ნაკლებად ტრადიციულია.

"კარგი ბიჭი იყო, ზრდილობიანი. დიდხანს უნდა ეცოცხლა. მუშაობდა და თავის ოჯახს ეხმარებოდა", — ამბობს მეზობელი გიორგი.

ურტაევი გასულ შემოდგომაზე გაიწვიეს ომში, ის, გადმოცემით, ჩრდილოეთ ოსეთიდან გაწვეულ 1000 კაცს შორის იყო. მათი გარდაცვალების შესახებ ამბები თითქმის ყოველდღიურად მოდის. ვლადიკავკაზის აღმოსავლეთ სასაფლაოზე უკრაინაში დაღუპულებისათვის ცალკეული ადგილია გამოყოფილი, თუმცა სივრცე სწრაფად ივსება, იმის გათვალისწინებითაც კი, რომ დაღუპულ ჯარისკაცებს ხშირ შემთხვევაში წინაპრების გვერდით მარხავენ.

"უკვე ვეღარ ვითვლი, რამდენი ბიჭი ჩამოასვენეს ჩვენს სოფელში", — გვეუბნება აზა ჰ. ის სოფელ ტარსკოეში ცხოვრობს, ვლადიკავკაზიდან ნახევარი საათის სავალზე.

თუმცა ამატებს, რომ მისი ინფორმაციით, ომში ყველა თავისი სურვილით წავიდა.

ყველას შემთხვევაში ასე ნამდვილად არაა: გაწვეულთა ნაწილი ომში ძალდატანების შედეგად მოხვდა, მათ შორის იყვნენ ომის მოწინააღმდეგე აქტივისტების შვილები. მათ შესთავაზეს, ციხეში მრავალწლიანი სასჯელის მოხდის ნაცვლად ფრონტზე ექვსი თვე ებრძოლათ.

იმის მიუხედავად, ვინ რა გზით მოხვდა უკრაინაში, გაწვევის შემდეგ თითოეული პირის ადგილსამყოფელი და მდგომარეობა მკაცრად დაცულ საიდუმლოდ იქცევა. დამკვირვებლებს, ჟურნალისტებს, ოჯახის წევრებსა და მეგობრებს სიმართლის დადგენა უჭირთ და მხოლოდ მაშინ იგებენ ზუსტ პასუხს, როცა კუბოს თავს ხდიან.

"სამუდამოდ ვერ გაგიმართლებს"

ვაგნერის კერძო სამხედრო კომპანიამ მაშინვე დაიწყო ჩრდილოეთ კავკასიაში პოტენციური ახალწვეულების შეგროვება, როგორც კი დაადასტურა, რომ რუსეთის მიერ წამოწყებულ ომში ჩაერთვებოდა. დაინტერესებულებს ეძებდნენ, როგორც თავისუფალ მოქალაქეებს, ისე პატიმრებს შორის.

ბევრისთვის მთავარი მომხიბვლელი ფაქტორი ანაზღაურება იყო. ოფიციალური მინიმალური ხელფასი რუსეთის მხარე მებრძოლებისთვის, როგორც სახელმწიფო, ისე კერძო ჯარში თვეში დაახლოებით ₽200,000-ია ($2,600), დაზიანების ან მტრის აღჭურვილობის განადგურების შემთხვევაში დამატებითი პრემიები გაიცემა.

ჩრდილოეთ კავკასიაში ეს ცოტა ფული არაა. მაგალითად, ინგუშეთის დედაქალაქ ნაზრანში პოპულარული რუსული სარეკლამო ვებსაიტი Avito დასაქმებულებს ₽15,000–₽30,000-ს უხდის, რაც $190–$380-ია. მსგავსი ხელფასებია ჩრდილოეთ კავკასიის სხვა ქალაქებშიც. სამთავრობო სტატისტიკის თანახმად, ჩრდილოეთ კავკასიაში საშუალო ხელფასი ₽37,000 ($470)-ია, რაც უკრაინაში მებრძოლთა მინიმალურ ანაზღაურებაზე თითქმის შვიდჯერ ნაკლებია.

ზოგიერთის აზრით, დაქირავებულ ჯარში მსახურება სახელმწიფო სამხედრო სამსახურს სჯობს.

"მე არ ვიყავი ჩართული [მობილიზაციის] პირველ ტალღაში", — ამბობს იგორი, რომელიც რამდენიმე წლის წინ ჩრდილოეთ ოსეთიდან კრასნოდარის მხარეში გადავიდა საცხოვრებლად.

"გამიმართლა. მაგრამ სამუდამოდ არ გაგიმართლებს, არა? არ მაქვს ქრონიკული დაავადებები, არ მყავს შვილები, ჯარში ვმსახურობდი. ამიტომ მივწერე ვაგნერს, რომ იქ დავსაქმებულიყავი".

იგორი დარწმუნებულია, რომ მობილიზაციის მეორე და მესამე ტალღაც იქნება და ირწმუნება, რომ ვაგნერს უკეთესი აღჭურვილობა აქვს, ვიდრე რუსულ არმიას და ხელფასებსაც დროულად გასცემს.

"უკვე ყველაფერი მოგვარებული მქონდა და მათ ბაზაზე ვაპირებდი წასვლას, მაგრამ ბოლო მომენტში შევყოყმანდი. ჩემს დაბადების დღემდე დავიცდი [ივნისში] და თუ მანამდე არ დამთავრდა ომი, ალბათ, წავალ", — ამბობს იგორი.

ბრძოლის თავისუფლება

სხვებს სხვანაირი არჩევანის გაკეთება უწევთ.

2022 წლის ზაფხულში გაირკვა, რომ ვაგნერის კომპანიის ხელმძღვანელი ევგენი პრიგოჟინი პირადად სტუმრობდა ციხეებს პატიმრების გადმობირების მიზნით. გარიგება მარტივი იყო: ფრონტის ხაზზე 6-თვიანი სამსახური თავისუფლების სანაცვლოდ.

მსგავს შეთანხმებას ლეგალური საფუძველი არ გააჩნია: კერძო სამხედრო კომპანიების შექმნა რუსეთის კანონმდებლობას ეწინააღმდეგება. მეტიც, პატიმრების შეწყალების უფლება მხოლოდ რუსეთის პრეზიდენტს აქვს.

ცნობილია, რომ პრიგოჟინს მჭიდრო კავშირები აქვს რუსეთის პრეზიდენტთან და მის ჯგუფს სირიიდან სამხრეთ სუდანამდე არაერთ კონფლიქტში მიუძღვის დანაშაული ადამიანთა უფლებების დარღვევის კუთხით. სწორედ ამ კავშირების შედეგად ჩაერთო ვაგნერი რუსეთის სამხედრო მოქმედებებში და, გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს თქმით, მათი 50 000 მებრძოლი რუსეთის დაპყრობითი მოქმედებების "მთავარ გამწევ ძალად" შეიძლება ჩაითვალოს.

იანვარში თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სპიკერმა ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ მათგან 80% ციხიდან გაიწვიეს.

დანაშაულები, რომელთა გამოც ვაგნერის მებრძოლები სასჯელს იხდიდნენ, ხშირად მხოლოდ მათი სიკვდილის შემდეგ ხდება ცნობილი, როცა ადგილობრივი მმართველები ნეკროლოგებს აქვეყნებენ, სადაც გარდაცვლილებს "გმირებად" მოიხსენიებენ.

მაგალითად, ოლეგ ძარახოხოვი უკრაინაში 2022 წლის ნოემბერში მოკვდა. 2016 წელს მას ციხეში 19 წლის გატარება მიუსაჯეს მკვლელობისთვის, კრიმინალური დაჯგუფების ხელმძღვანელობისთვის და იმ კრიმინალურ გაერთიანებაში მონაწილეობისთვის, რომელიც კავკასიასა და მოსკოვში პოლიტიკოსებისა და ბიზნესმენების მკვლელობაშია ეჭვმიტანილი. ერთ-ერთი ბრალდების თანახმად, ის 2013 წელს, ბესლანში ბიზნესმენ ალან ტორჩინოვის გასვენებაში მასობრივი ჩაცხრილვის ორგანიზატორი იყო.

სერგეი კადატსკი ოლეგის მსგავსად უკრაინაში 2022 წლის ნოემბერში გარდაიცვალა და მას სიკვდილის შემდეგ "სიმამაცის" მედალი გადასცეს. ოთხი წლით ადრე მან როსტოვის რეგიონის ცენტრალურ გზაზე ესროლა მანქანას, რომელშიც მისი ყოფილი ცოლი და სიმამრი ისხდნენ. ქალი გარდაიცვალა, მამამისის კი მძიმედ დაშავდა. კადატსკიმ სასჯელის თავიდან არიდება სცადა და თქვა, რომ აფექტის მდგომარეობაში იმყოფებოდა. მას ციხეში 15 წლის გატარება მიუსაჯეს.

იანვრის შუა რიცხვებში კი კრასნოდარში ვაგნერის კომპანიის მიერ დაქირავებული ალექსანდრე სიტავიჩუსის გარდაცვალების ამბავი გავრცელდა. მას 2019 წელს 21 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს სამმაგი მკვლელობისთვის. პატარა კაფეში მომხდარი კონფლიქტის შემდეგ ის ადგილზე ცეცხლსასროლი იარაღით დაბრუნდა და კაფეში მჯდომ სტუმარს, დიჯეისა და გარეთ მანქანაში მჯდომ 18 წლის უცნობს ესროლა.

დაქირავებული ჯარის მებრძოლების სიკვდილის შესახებ ცნობები დროდადრო ვრცელდება, რითაც მათი დაქირავების შესახებ დადასტურებულ ინფორმაციას ვიღებთ — ეს პროცესი სხვა მხრივ საიდუმლოდ დარჩებოდა. ცხადი ხდება, რომ ისინი, რომლებიც გადარჩენას შეძლებენ, საკუთარ საცხოვრებელს გმირების სტატუსით დაუბრუნდებიან, იმის მიუხედავად, თუ რა დანაშაულების გამო მოხვდნენ ციხეში.

უცნობი რაოდენობა

უკრაინაში მოკლული რუსების ზუსტი რაოდენობა უცნობია, ოფიციალური და დამოუკიდებელი მონაცემები მნიშვნელოვნად განსხვავდება.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ოფიციალური მონაცემები ბოლოს 2022 წლის სექტემბერში გამოაქვეყნა და უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან მოყოლებული 5937 სიკვდილი დაადასტურა. სამინისტრომ ასევე აღიარა 2023 წლის 1-ლი იანვრის ღამეს მაკიივკაში, დონეცკში დაბომვისას 89 სამხედრო მოსამსახურის დაღუპვა, რაც გარდაცვლილების რაოდენობას ჯამურად 6000-მდე ზრდის.

უკრაინის დათვლით, რუსეთის დანაკარგი ბევრად დიდია. 22 მარტს უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ თქვა, რომ ომის დაწყებიდან დღემდე 168 000-მდე რუსი ჯარისკაცი მოკვდა. 15 მაისის მონაცემებით, კი რიცხვი 199 000 იყო. დასავლური სადაზვერვო სააგენტოების გათვლებიც მნიშვნელოვნად განსხვავდება რუსეთის ოფიციალური მონაცემებისაგან. ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს ვარაუდით, თებერვლისთვის უკრაინაში 40 000-60 000 რუსი იყო მოკლული.

როგორც დასავლური, ისე დამოუკიდებელი რუსული წყაროების ცნობით, უამრავ ჯარისკაცს, განსაკუთრებით კი ციხეებიდან მობილიზებულებს ფრონტზე მცირე ან არარსებული წვრთნისა და ცუდი აღჭურვილობის იმედად უშვებენ. ზოგიერთი ახალწვეული ირწმუნება, მათ ისე უყურებენ, როგორც ქვემეხის საწვავს, მარტივად ჩანაცვლებად რესურსს.

რუსული დამოუკიდებელი გამოცემა Mediazona BBC-ის რუსულ სამსახურთან ერთად უკრაინაში დადასტურებულად დაღუპული ჯარისკაცების სახელობით სიას აწარმოებს. 5 მაისის მონაცემებით, მათ 22 055 ადამიანი ჰყავთ აღრიცხული.

მსგავსი სია, ოღონდ მხოლოდ ჩრდილოეთ კავკასიისთვის აქვს RFE/RL-საც, რომელიც რაიონული ადმინისტრაციების ოფიციალურ სამძიმრებს, სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებულ ცნობებსა და მათი წყაროების ანგარიშებს ეყრდნობა. 14 მაისის ცნობით, მხოლოდ ჩრდილოეთ კავკასიიდან 3 370 ადამიანია დაღუპული, რომელთაგანაც ადგილობრივი ხელისუფლება 1 551 პირის გარდაცვალებას ადასტურებს.

პროპორციულად ყველაზე მეტი დაღუპული (დაახლოებით 560) დაღესტნიდანაა. გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის შეჭრის პირველი დღეებიდან მოყოლებული დაღესტანმა ყველა სხვა რუსულ რეგიონთან შედარებით ჯამურად ყველაზე მეტი ჯარისკაცი დაკარგა.

ჩრდილოეთ ოსეთი რუსეთის შედარებით პატარა რეგიონია, როგორც ფართობით, ასევე მოსახლეობით. თუმცა რეგიონში მინიმუმ 200 "ტვირთი 200"-ის გადაზიდვა განხორციელდა — ეს სამხედრო ტერმინოლოგიაა თუთიის კუბოების აღსანიშნად, რომელშიც ჯარისკაცების ცხედრებია.

უცნობია, ფრონტზე გაგზავნილთაგან რამდენი პროცენტი ბრუნდება ცოცხალი და ჯანმრთელი, ეს ინფორმაცია რუსულ მედიაში არ ქვეყნდება. უცნობია ასევე მათი რიცხვი, ვინც საკუთარი სურვილით გაწევრიანდა არმიაში. გაწვეულთა მეგობრები და ნათესავები ინფორმაციულ სიცარიელეში არიან და უბრალოდ იმედოვნებენ, რომ მათი საყვარელი ადამიანები უვნებლად დაბრუნდებიან შინ.

აზა იხსენებს მეზობლის სიტყვებს, რომლის შვილიც უკრაინაში მოკლეს:

"სანამ ამ ამბავს გაიგებდა, მითხრა, რომ ცოტა ხნით ადრე შვილი დაესიზმრა, რომელიც მივიდა მასთან და უთხრა, რომ ერთმანეთს ვეღარასდროს ნახავდნენ — არ დამელოდო, ძალიან მიყვარხარ, პატარებს მიხედე", — გვიყვება აზა.

"ძალიან ცუდად იყო, რომ ვერ უკავშირდებოდა, ხმას ვერ აწვდენდა და მხოლოდ შემოდგომაზე გაიგო, რომ დიდი ხნით ადრე მოკლეს. დასამარხი ბევრი არაფერი იყო. ხანდახან მეკითხება ხოლმე: იქნებ ის არ იყო? იქნებ ტყვედ აიყვანეს? ამბობს, რომ შვილი აღარ ესიზმრება".