ევროკავშირის მოსახლეობა მცირდება? — 2020 წლიდან მაჩვენებელმა ნახევარი მილიონით დაიკლო
ევროსტატის მონაცემებით, ევროკავშირის (EU) მოსახლეობა 2020 წლიდან მოყოლებული დაახლოებით ნახევარი მილიონითაა შემცირებული. ეს მნიშვნელოვანი ცვლილებაა, რადგან მრავალი წლის განმავლობაში, პირიქით, პოპულაციის ზრდის ტენდენცია შეინიშნებოდა.
EU-ს მოსახლეობის შემცირება შობადობის კლებასა და სიკვდილიანობის მატებას მოჰყვა. ამ მხრივ მნიშვნელოვანი გავლენა COVID-19-ის პანდემიამ იქონია: ვირუსის გამო უამრავი ადამიანი დაიხოცა, უმთავრესად შედარებით ასაკოვანი ხალხი; კარანტინის შედეგად ახალგაზრდებში სოციალური ინტერაქცია შემცირდა; ეკონომიკური პრობლემების გამო წყვილები ბავშვების ყოლას აჭიანურებენ ან სულაც უარს ამბობენ ამაზე.
2020 წლის იანვარში ევროპის კავშირის მოსახლეობა 447.49 მილიონს შეადგენდა. 2021 წლისთვის ეს მაჩვენებელი 447 მილიონამდე შემცირდა, ხოლო მომდევნო წლისთვის კი — უკვე 446.74 მილიონამდე. შესაბამისად, EU-მ ჯამში 585 ათასი ადამიანი დაკარგა.
პოპულაციაზე კოვიდის გავლენა გადამწყვეტი აღმოჩნდა. Eurostat-ის უწყებით, EU-ში 2020 წლიდან მოყოლებული "გადამეტებული სიკვდილიანობის" უზარმაზარი ტალღები შეინიშნებოდა, ანუ მოცემულ პერიოდში მოსალოდნელზე მეტი ადამიანი დაიხოცა.
პანდემიის დაწყებამდე ევროკავშირის მოსახლეობა მცირედით იზრდებოდა. 2001 წელს მაჩვენებელი 429.24 მილიონს უდრიდა, 2020-ისთვის კი — უკვე 447.49-ს. ეს დაახლოებით 4%-იანი მატებაა.
შესაძლოა, ევროპაში პოპულაციის შემცირება მეტად გლობალურ ტენდენციაზე მეტყველებდეს. აქამდე მოსახლეობის ზრდა იყო პრობლემა, თუმცა, ამჟამინდელი პროგნოზებით, ეს 2100 წლისთვის შეწყდება, შემდეგ კი მაჩვენებელი მუდმივ ვარდნას დაიწყებს. მაგალითისთვის, 1960-იანი წლების შემდეგ ჩინეთის პოპულაცია გასულ წელს პირველად შემცირდა.
ასევე იხილეთ: ჩინეთის პოპულაცია შემცირების პირასაა — რას ნიშნავს ეს მსოფლიოსთვის
ჯერჯერობით რთულია განვსაზღვროთ, რა გავლენას იქონიებს ეს ტენდენცია ეკონომიკაზე — ააყვავებს მას თუ კრიზისს შექმნის. პოპულაციის შემცირების შესამსუბუქებლად იმიგრანტების მიღებას ევროპის ნაწილი მიესალმება, თუმცა ნაწილში ანტიიმიგრაციული განწყობაა.
კომენტარები