ჩინეთის პოპულაცია შემცირების პირასაა — რას ნიშნავს ეს მსოფლიოსთვის
მსოფლიოს ყველაზე ხალხმრავალი ქვეყნის პოპულაცია შემცირების პირასაა. ალბათ, ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ 4 დეკადის შემდეგ, როცა ჩინელების რაოდენობა 660 მილიონიდან 1.4 მილიარდამდე გაიზარდა, გარკვეული დაღმასვლა შეინიშნება. მსგავსი რამ ბოლოს 1959-1961 წლების შიმშილობის პერიოდში მოხდა.
ჩინეთის სტატისტიკის სახელმწიფო ბიუროს ინფორმაციით, ქვეყნის პოპულაციის რიცხვი შარშან 1.41212 მილიარდიდან მხოლოდ 1.41260 მილიარდამდე გაიზარდა, ანუ რეკორდულად დაბალი რაოდენობით — 480 000-ით. შედარებისთვის, წინა დეკადაში ეს წლიური მაჩვენებელი 8 მილიონი იყო.
ფერტილერობის კოეფიციენტი (შობადობა თითო ქალზე) 1980-იან წლებში 2.6-სს შეადგენდა, რითაც 2.1-ით აღემატებოდა სიკვდილიანობის გადასაფარად საჭირო ზღვარს. 1994 წლის შემდეგ ის 1.6-1.7-ს შორის მერყეობდა, 2020-ში 1.3-ზე ჩამოვიდა, შარშან კი 1.15-ზე. ეს იმის მიუხედავად, რომ ჩინეთში უკვე 1-ზე მეტი შვილის ყოლა არათუ აკრძალულია, არამედ წახალისებულიცაა, თუმცა სხვადასხვა სოციალურ-ეკონომიკური მიზეზების გამო, ამით არაფერი იცვლება.
ასეთი სტატისტიკის ფონზე, შანხაის სოციალურ მეცნიერებათა აკადემიაში 2021 წლის შემდეგ ყოველწლიურად პოპულაციის 1.1 პროცენტით შემცირებას პროგნოზირებენ, რაც იმას ნიშნავს, რომ 2100 წლისთვის ქვეყნის მოსახლეობის რიცხვი 587 მილიონი იქნება, დღევანდელზე ბევრად ნაკლები. ეს ეფუძნება ვარაუდს, რომ 2030 წლამდე ფერტილურობის კოეფიციენტი 1.1-ზე ჩამოვა და საუკუნის ბოლომდე ასე შენარჩუნდება.
ეს ყველაფერი ჩინეთის ეკონომიკაზე უარყოფით გავლენას იქონიებს, რადგან მშრომელთა რაოდენობა (ასაკის გათვალისწინებით) საგრძნობლად შემცირდება და 2080 წლისთვის, მას ხნიერთა პოპულაცია გადაუსწრებს. მარტივად რომ ვთქვათ, თუ ახლა ყოველ 100 შრომისუნარიან ჩინელზე 20 ხანდაზმული მოდის, საუკუნის ბოლოს უკვე 100/120-ზე იქნება. ეს ეკონომიკურ წინსვლას შეუშლის ხელს და მუშახელის სიიაფეზე ორიენტირებულ საწარმოო პროცესს სხვა ქვეყნებისკენ მიმართავს, როგორიც ვიეტნამი, ბანგლადეში და ინდოეთია.
ასევე, ჩინეთი იძულებული იქნება, უფრო მეტი ადამიანური რესურსი გადაანაწილოს მედიცინისა და ხანდაზმულთა მოვლის სერვისებში, საპენსიო გასავალი კი გაიზრდება. ამ ყველაფრის ფონზე ეს ქვეყანა ექსპორტიორებისთვის, მაგალითად, ავსტრალიისთვის, მიმზიდველი აღარ იქნება, ისევე, როგორც აშშ-ის მსგავსი იმპორტიორებისთვის.
შეიძლება საწარმოო ცენტრად ინდოეთი იქცეს, რომლის პოპულაციაც ჩინეთისას მალე გადაასწრებს.
კომენტარები