რა მოხდება, თუკი ზღვის წყალს დალევთ?
ყველამ იცის, რომ ზღვის წყლის სასმელად გამოყენება არ შეიძლება. ამის მიზეზი არა მხოლოდ მასში არსებული ბაქტერიებია, არამედ — მარილიც.
ნატრიუმი, მარილის მთავარი ელემენტი, ჩვენთვის უარყოფითი სულაც არ არის. სინამდვილეში, ის სასიცოცხლო მნიშვნელობის ელექტროლიტია, რომელიც ეხმარება სისხლის მოცულობისა და სხეულის სხვა ფუნქციების რეგულირებას. თირკმელების წყალობით კი მარილი, რომელიც არ გვჭირდება, შარდვისას იფილტრება. ამიტომ, ჩიფსების ჭამის შემდეგ შეიძლება წყურვილის გრძნობა დაგეუფლოთ, რადგან ტვინი გაძლევთ სიგნალს, დალიოთ მეტი წყალი, რომ თირკმელებმა შეძლოს ზედმეტი მარილის გამოდევნა.
ზღვის წყალიც, რა თქმა უნდა, წყალსა და მარილს მოიცავს, თუმცა მასში არსებული მარლის რაოდენობა მეტისმეტად ბევრია იმისათვის, რომ ორგანიზმმა გადაამუშაოს. დოქტორ კრისტან კოფის (კალიფორნიის უნივერსიტეტის სან დიეგოს გადაუდებელი მედიცინის განყოფილების ასისტენტი კლინიკური პროფესორის) თქმით, ზღვის წყალში მარილის კონცენტრაცია (მარილიანობა), დაახლოებით, 35 გრამია ლიტრზე. ჩვენი სისხლის მარილიანობა კი ლიტრზე მხოლოდ 9 გრამს შეადგენს.
"ეს ნიშნავს, რომ ზღვის წყალი სისხლზე ოთხჯერ უფრო მარილიანია", — განმარტა კოფიმ. "თუკი ზღვის წყალს დალევთ, მარილის ეს უზარმაზარი მატება უჯრედებში არსებულ წყალს გადაანაცვლებს სისხლში, რაც სწრაფად იმოქმედებს ტვინის მუშაობაზე და შეიძლება დააჩქაროს სიკვდილი."
უჯრედებში არსებული ნატრიუმი და წყალი უნდა იყოს დაბალანსებული უჯრედების მიღმა მყოფ ნატრიუმსა და წყალთან. თუკი ზღვის წყლიდან ნატრიუმი თქვენს სისხლძარღვებში შეაღწევს, უჯრედები ეცდება, შეინარჩუნოს წონასწორობა წყლის სისხლის ნაკადში გაშვების გზით. თირკმელები კი გამოიყენებს წყალს, რათა რაც შეიძლება მეტი ნატრიუმი გამოეყოს ორგანიზმს, რაც გამოიწვევს უკიდურეს დეჰიდრატაციას.
თუკი შემთხვევით ზღვის წყალი გადაგეყლაპებათ, მიიღეთ ბევრი სუფთა წყალი, რათა თავიდან აიცილოთ მსუბუქი სიმპტომები, როგორებიცაა: პირის სიმშრალე, იშვიათი შარდვა, თავბრუსხვევა და დაღლილობა.
კომენტარები