ვინ არის ევროვიზიის ორგზის გამარჯვებული ლორენი და როგორ დაწერა მან ისტორია
როგორც ალბათ უკვე იცით, 2023 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსი შვედეთის გამარჯვებით დასრულდა. 39 წლის შვედმა პოპმომღერალმა ლორენმა საერთაშორისო ჟიურისა და მაყურებლისგან ჯამში 583 ქულა მიიღო, რითაც საკუთარ ქვეყანას ევროფესტივალზე მეშვიდე გამარჯვება მოუტანა. ამ შედეგით შვედეთი კონკურსის რეკორდსმენ ირლანდიას გაუთანაბრდა, რომელსაც ასევე შვიდჯერ აქვს ევროვიზია მოგებული. ამასთან, ევროვიზიის 67-წლიან ისტორიაში ლორენი პირველი ქალი შემსრულებელი გახდა, რომელმაც კონკურსი ორჯერ მოიგო — 2012 და 2023 წლებში.
"შენ დღეს ისტორია დაწერე", — ასე მიმართა კონკურსის ორგანიზატორი ევროპის მაუწყებელთა კავშირის (EBU) ხელმძღვანელმა, მარტინ ოსტერდალმა, ლორენს პრესკონფერენციაზე.
და მაინც, ვინ არის ლორენი — მომღერალი, რომელმაც შვედეთს ევროვიზიაზე ისტორიული გამარჯვება აჩუქა?
ვარსკვლავური კარიერა
ლორენი, რომლის ნამდვილი სახელი ლორინ სინებ ნურა ტალჰაუია, სტოკჰოლმში, 1983 წელს დაიბადა მაროკოელი მშობლების ოჯახში. მომავალი მომღერალი ექვსი შვილიდან ყველაზე უფროსი იყო, ამიტომ, მშობლების დაცილების შემდეგ უმცროსი და-ძმებისთვის ყურადღების მიქცევაც უხდებოდა. ლორენი ადრეულ ასაკშივე მოიხიბლა "ბგერების სამყაროთი", მოგვიანებით კი, ეს გატაცება მუსიკისადმი სიყვარულში გადაიზარდა.
მუსიკოსმა სამშობლოში ცნობადობა ჯერ კიდევ 2004 წელს მოიპოვა, როცა ქვეყნის Idol-ში მიიღო მონაწილეობა და, საბოლოოდ, მე-4 ადგილი დაიკავა. კონკურსის შემდეგ ლორენმა პირველი სინგლიც გამოუშვა.
თუმცა, ყველაფერი ჯერ წინ იყო — შვედების განსაკუთრებული სიყვარული მომღერალმა 2011 წელს დაიმსახურა, როცა ქვეყნის ყველაზე მასშტაბურ მუსიკალურ კონკურსში, მელოდიფესტივალენში, ჩაერთო. შვედეთში სწორედ ამ კონკურსით ირჩევა მონაწილე და სიმღერა ევროვიზიისთვის. მართალია, იმ წელს ლორენი შეჯიბრის ფინალშიც კი არ გასულა, მაგრამ მისმა საკონკურსო სიმღერამ My Heart is Refusing Me შვედეთის ჩარტებში 19 კვირა გაატარა, მოგვიანებით კი, წლის სიმღერადაც დასახელდა.
2012 წელს კი მომღერალი ნამდვილი შტორმით დაბრუნდა მელოდიფესტივალენზე. სიმღერით Euphoria ლორენი პირდაპირ ფინალში აღმოჩნდა, მერე კი კონკურსიც მოიგო. მაშინ უკვე ყველამ იცოდა, რომ ეს წლის ნამდვილი ჰიტი იყო, რომელიც ევროვიზიაზეც ადვილად გაიმარჯვებდა. პროგნოზი გამართლდა — Euphoria 2012 წლის ევროვიზიის ფინალში რეკორდული მაჩვენებლით, 18 მონაწილე ქვეყნიდან მიღებული უმაღლესი შეფასებით, კონკურსის გამარჯვებულად დასახელდა. ეს ამბავი კი ევროფესტივალზე არ დასრულებულა, რადგან კომპოზიციას გაუგონარი კომერციული წარმატება ხვდა წილად — 16 ქვეყნის ჩარტების ლიდერი გახდა და 10-გზის მიიღო პლატინის სტატუსი. 2010-იან წლებში კი სიმღერის ორიგინალური ვერსია თუ რემიქსი არაერთ კლუბსა და სავაჭრო ცენტრში გამუდმებით ისმოდა. ამდენად, გასაკვირი არაა, რომ ლორენიც და Euphoria-ც ევროვიზიის კლასიკად იქცნენ.
ტრიუმფიდან 5 წლის შემდეგ, ლორენი მელოდიფესტივალენზე ისევ დაბრუნდა. თუმცა, სიმღერით Statements რომ მუსიკოსი გამარჯვებას არ უმიზნებდა, ეს თავიდანვე ცხადი იყო. კომპოზიცია შოუზე სანახაობრივი წარმოდგენით შესრულდა — ალუზიებით პიეტას ქანდაკებაზე და დელაკრუას თავისუფლების ბარიკადებზე. "ჩვენ თქვენი განცხადებები არ გვჭირდება", — ისმოდა ლორენის სიმღერაში, რომელიც მსოფლიოში პოლიტიკურ კრიზისს ეხმაურებოდა. თუმცა, სიმღერა მელოდიფესტივალენის ფინალში ვერ მოხვდა.
ამის შემდეგ ლორენმა გადაწყვიტა, უფრო მეტად ფოკუსირებულიყო თავისი მუსიკის შემოქმედებით მხარეზე და ნაკლებად იმაზე, რომელ ადგილზე აღმოჩნდებოდა მისი სიმღერა ჩარტებში.
თუმცა, დადგა დრო და მომენტი, როცა მუსიკოსმა ისევ გადაწყვიტა მელოდიფესტივალენში მონაწილეობა. 2022 წლის მიწურულს გახდა ცნობილი, რომ იგი კონკურსზე ბრუნდებოდა, რასაც ზოგიერთი თავიდანვე სკეპტიკურად შეხვდა. "რატომ ბრუნდება უკვე გამარჯვებული კონკურსზე?" — ეს შეკითხვა ბოლო თვეების განმავლობაში ბევრჯერ დაისვა.
უპირველესად, უნდა აღინიშნოს, რომ, როგორც მელოდიფესტივალენი, ისე ევროვიზია, სიმღერის კონკურსია — მართალია, ლორენი ორგზის გამარჯვებულია, თუმცა, მაყურებელმაც და ჟიურიმაც ორივე ჯერზე საკონკურსო სიმღერები შეაფასეს.
"საქმე ხომ შემოქმედებას ეხება", — ასე უპასუხა ლორენმა შეკითხვას, რას ფიქრობს გამარჯვებულების კონკურსში დაბრუნებაზე, — "საბოლოო ჯამში, ეს ეხება შემოქმედებას, რომელსაც ხელოვანები თქვენ წარმოგიდგენთ. ამიტომ, ვფიქრობ, რომ ეს არ უნდა შეიზღუდოს".
წელს კი ისტორია ნამდვილად განმეორდა. მელოდიფესტივალენზე ლორენი სიმღერით Tattoo დაბრუნდა და თითქმის ყველამ თავიდანვე იცოდა, რომ მომღერალი ისტორიული გამარჯვებისთვის ემზადებოდა. სიმღერა 14 ქვეყნის ჩარტებში აღმოჩნდა. ევროვიზიაზე კი ლორენის ფანტასტიკურმა ვოკალურმა შესრულებამ, რომელსაც მომნუსხველი დადგმაც ერთოდა, საერთაშორისო ჟიურის არნახული მხარდაჭერა დაიმსახურა — მიიღო უმაღლესი შეფასება 15 ქვეყნიდან და ჯამში 340 ქულა, რასაც მოგვიანებით ტელემაყურებლის 243 ქულაც დაემატა.
"Euphoria მთვარის შუქია, Tattoo კი — მზის", — ასე ხსნის თავის ორ გამარჯვებულ სიმღერას შორის განსხვავებას ლორენი.
მომღერლის სამოქალაქო აქტივიზმი
გარდა მუსიკალური შემოქმედებისა, ლორენი აქტიურად გამოხატავს პოზიციებს სამოქალაქო საკითხებზე. როგორც ვახსენეთ, სწორედ ასეთი პოლიტიკური გზავნილი ჰქონდა სიმღერას Statements, რომელიც ძალაუფლების მქონე ხალხთან ერთად რიგით ადამიანებსაც მიემართებოდა.
"ისეთი მდგომარეობაა შექმნილი, როცა ყველას ეშინია", — ამბობდა მომღერალი 2017 წელს, — "ვფიქრობთ, ნეტავ ვინმეს თუ ეყოფა გამბედაობა, რომ იმედი მოგვცესო. ამიტომ, ჩავთვალე, რომ თუკი გამბედაობა გყოფნის და შესაძლებლობაც გაქვს, რატომ არ უნდა მიანიჭო ხალხს იმედი და სიმტკიცე?".
2012 წელს, როცა ევროვიზიას აზერბაიჯანი მასპინძლობდა, ლორენი ერთადერთი კონკურსანტი გახლდათ, რომელიც ადგილობრივ უფლებადამცველებს შეხვდა და მოგვიანებით ქვეყანაში ადამიანის უფლებების გამუდმებული დარღვევის შესახებ ღიად განაცხადა. ამ ქმედებას აზერბაიჯანის ხელისუფლების კრიტიკა მოჰყვა.
იმავე წელს ლორენმა ბელარუსში იმღერა, ქვეყანაში ყოფნისას კი ლუკაშენკას რეჟიმის პოლიტიკური პატიმრის ცოლს შეხვდა და ყველა პოლიტპატიმრის მიმართ მხარდაჭერა გამოხატა; მან ასევე ხელი მოაწერა ბელარუსში სიკვდილით დასჯის გაუქმების პეტიციას — ეს ყველაფერი იმის მიუხედავად, რომ იცოდა, ამის გამო შეიძლება დაეკავებინათ.
სხვადასხვა დროს მომღერალი ასევე იყო მრავალი საქველმოქმედო პროექტის მონაწილე. გასული წლის გაზაფხულზე კი, ომის დაწყების შემდეგ, უკრაინის მხარდასაჭერ კონცერტზეც იმღერა.
აღსანიშნავია, რომ ლორენი ღიად ბისექსუალია და ლგბტქ თემისადმი მხარდაჭერაც არაერთხელ გამოუხატავს.
"ძალიან მომაბეზრებელია ადამიანებისთვის იარლიყების მიწებება", — ამბობს მუსიკოსი, — "სიყვარული შესანიშნავი რაღაცაა, დიდი და ძლევამოსილი. სექსი მისი მხოლოდ მცირე ნაწილია. თქვენ თუ მოგწონთ იარლიყის მიწებება, გასაგებია, მაგრამ მე რატომ უნდა მოვიქცე ასე? არა. მე მომწონს კაცები, მე მომწონს ქალები. მე ყველა მომწონს".
შვედეთი, მუსიკა და ევროვიზია
დაბოლოს — რადგან უკვე ვიცით, რომ 2024 წლის ევროვიზიას შვედეთი უმასპინძლებს, ამ ქვეყნის ვარსკვლავურ ისტორიაზეც უნდა ვთქვათ ერთი-ორი სიტყვა.
შვედეთი მსოფლიო მუსიკალური ინდუსტრიის ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანაა. ის აშშ-ისა და გაერთიანებული სამეფოს შემდეგ მუსიკის ყველაზე დიდი ექსპორტიორია. ავიჩი, ABBA, რობინი, როქსეტი, ზარა ლარსონი, ტუვე ლო და, რა თქმა უნდა, თანამედროვეობის ერთ-ერთი უდიდესი პროდიუსერი მაქს მარტინი — ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ მუსიკალური განძისა, რომელიც შვედეთმა მსოფლიოს აჩუქა.
"დარწმუნებული ვარ, ამინდის ბრალია", — ხუმრობით ხსნის ევროვიზიის ორგზის გამარჯვებული ლორენი შვედეთის მიღწევებს მუსიკალურ ინდუსტრიაში, — "იმდენად საშინელი ამინდი გვაქვს ხოლმე, რომ სხვა გზა არ გვრჩება, სტუდიაში ყოფნას ვამჯობინებთ".
ევროვიზიაზე კი, 1958 წელს შემდგარი დებიუტის შემდეგ, შვედეთი კონკურსის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქვეყანა გახდა. ევროფესტივალზე პირველი გამარჯვება შვედეთის სახელით ABBA-მ მოიპოვა 1974 წელს. სწორედ ევროვიზიით დაიწყო ამ ჯგუფის ვარსკვლავური გზა მსოფლიოში.
სხვათა შორის, მომავალ წელს ევროვიზიაზე ABBA-ს გამარჯვებიდან 50 წელიც გადის. ამდენად, შეგვიძლია დარწმუნებულები ვიყოთ, რომ შვედები დაუვიწყარ შოუს მოგვიმზადებენ.
კომენტარები