ხელოვნური სუნთქვა ჩემი ცოლის დაქალების შემქმნელებისგან
8 ივნისიდან რუსთავი 2-ის ეთერში ახალი ქართული სერიალი "ხელოვნური სუნთქვა" იწყება.
ხელოვნური სუნთქვა ფორმულა კრეატივის პროდუქტია, რომელზეც რეჟისორი გიორგი ლიფონავა მუშაობს, სცენარისტები კი, ჩემი ცოლის დაქალების სცენარისტი ქეთი დევდარიანი და დრამატურგი დავით გაბუნია არიან. On.ge მათ ახალ სერიალზე, პერსონაჟებზე და სტერეოტიპებთან ბრძოლაზე ესაუბრა.
სერიალის პირველი ტიზერი, რომელშიც მსახიობი თორნიკე გოგრიჭიანი სასწრაფოს მანქანაში, ექიმის უნიფორმაში გამოწყობილი ვნახეთ, ქმნიდა შთაბეჭდილებას, რომ ახალი შოუ სამედიცინო დრამა იყო. თუმცა, სცენარისტები განმარტავენ, რომ სერიალი ამ კონკრეტულ ჟანრს არ მიეკუთვნება.
ქეთი დევდარიანი: "ეს არ არის კლასიკური სამედიცინო დრამა. მთავარი გმირი სასწრაფოს ექიმია, რომელიც საშუალებას მოგვცემს, შევიდეთ ყველანაირ სახლში და ყველა სერიაში სხვადასხვა ამბავი ვაჩვენოთ".
ხელოვნურ სუნთქვაში ყველა სამედიცინო ქეისი, რომელსაც მთავარი პერსონაჟი პროფესიული საქმიანობის განხორციელების დროს შეხვდება, რეალურია. ასეთი ამბების ავთენტურობას სერიალის კონსულტანტი, თინიკო გაგუა აქცევს ყურადღებას.
მთავარი გმირი, შოთა, პროფესიულად იდეალური პერსონაჟია. ის კარგი ექიმია, რომელსაც აქვს კარიერული ზრდის შანსი, მაგრამ, რიგი მიზეზების გამო, ამაზე უარს ამბობს და რჩება სასწრაფოში. ხშირად მას რთულად გამოსაცნობი სამედიცინო სიტუაციები შეხვდება, მაგრამ თავისი პროფესიონალიზმის ხარჯზე, სწორად შეძლებს დიაგნოზის დასმას.
დავით გაბუნია: "სასწრაფო ძალიან მძიმე და ექსტრემალური საქმეა, ხშირია ხანგრძლივი მორიგეობები, ექიმები ურთულეს რეჟიმში მუშაობენ. წესით, კარგ ექიმს უნდა ერჩივნოს, რომ თავისთვის, კაბინეტში, მიღების საათები ჰქონდეს და წყნარად იცხოვროს, მაგრამ ამ კაცს აქვს რაღაც ისეთი ცხოვრებაში, რაც აიძულებს, რომ დარჩეს სასწრაფოში. აიძულებს კი არა, თავდადებული ექიმია".
ქ.დ.: "არჩევანია, ჰო. კარიერული აღმასვლა არ აინტერესებს".
თუმცა, დავითის თქმით, შოთას პროფესიონალიზმი და კარგი ექიმობა მისი პერსონაჟის ერთფეროვნებას არ გულისხმობს.
დ.გ.: "პროფესიულად კარგი ექიმია, მაგრამ საქმე ის არის რომ, ექიმსაც აქვს პირადი ცხოვრება და არც ისე დალაგებული. ასე რომ, თანაბრად მნიშვნელოვანია ორივე ამბავი, ორივე ხაზი. ის არ არის მითოლოგიური სუპერ-გმირი, რომელსაც არ აქვს ნაკლი, რომელიც რაღაც კოსტუმით მოვარდება და გიშველის. მის ცხოვრებაშიც არის აღმასვლები და დაღმასვლები. მისი პირადი დრამა პროფესიულ ცხოვრებაში უფრო გამოიკვეთება".
შოუში აქტიურად შემოვა მტკივნეული და სოციალური საკითხები. სასწრაფოს ექიმი პერსონაჟიც სწორედ ამიტომ აირჩიეს. შოთას პროფესია სცენარისტებს საშუალებას მისცემს, ნებისმიერი სოციალური ფენის ბინაში შეგვიყვანონ და გვაჩვენონ რა ხდება მათი ფანჯრებისა და ფარდების მიღმა:
დ.გ.: "ეს არის კინოს თვისება, ყველაზე მომხიბვლელი, რატომაც მომწონს მე პირადად — შეხედვა, შეჭვრეტა, ვიღაცის ცხოვრებაში ქექვა, რომელიც ყველას, ვაღიარებთ ამას თუ არა, გვაინტერესებს. და ეს მოტივია მთლიანად ამ სერიალში. ფანჯარაში ყურება და შიგნით შესვლა".
ქ.დ.: "ამიტომ ავირჩიეთ სასწრაფოს ექიმი. სასწრაფო არ არის რაღაც სეგმენტისთვის, ყველა ხდება ცუდად და ყველას სჭირდება. რომ შედიხარ, იქ რაღაც გხვდება, ტკივილის და სამედიცინო საჭიროების იქით. რა თქმა უნდა, ოჯახურ საგებს იმ 20 წუთში, როცა სასწრაფო იქ არის, ვერ მოვყვებით, მაგრამ ჩვენი გამოწვევაც ეს არის".
ცხადია, დროის მოკლე მონაკვეთში ახალი სიუჟეტისა და ამბის გადმოცემა, სერიალის სცენარისტებისა და მთელი ჯგუფისთვის დიდი გამოწვევაა. მაგრამ ასეთი დრამატურგია იძლევა საშუალებას, რომ შოუ ცოცხალი, დინამიური და საინტერესო გამოვიდეს.
სოციალურ თემატიკას, ზოგჯერ ძალიან მძიმესაც (ბულინგი, გაუპატიურება, მეუღლის ღალატი და ა.შ.) ჩემი ცოლის დაქალებშიც ხშირად ვხვდებით. თუმცა, ამ სერიალში სტერეოტიპებზე გამოხმაურება გროტესკით ხდება და მათი არა დანგრევა, არამედ დაცინვაა მიზანი. ჩემი ცოლის დაქალები, მაგალითად, არ გვასწავლის, როგორი ცუდია ქუჩის ბიჭობა, მონტანელობა ან ბაბულიკობა. აქ, ამ კატეგორიის ხალხის მკვეთრ დაცინვას ვხვდებით და წესით, მაყურებელს უნდა გაუჩნდეს განცდა, რომ ეს პერსონაჟები, მათი ცხოვრების სტილი და მათი ცხოვრებისეული არჩევანი სასაცილო არასერიოზული და უფრო მეტიც - "ბანძია". მაგრამ ხშირად, თუ სერიალის ფეისბუქ-გვერდზე შეიხედავთ, მაყურებელი ამ მესიჯებს არასწორად აღიქვამს.
ქ.დ.: "როცა ითხოვენ — უფრო პირდაპირი იყავი, ყველა მიხვდეს, რომ დასცინიო, — ეს ნიშნავს, რომ ძალიან უნდა გააბრტყელო ყველაფერი, რაც ჩემი აზრით, არ არის სწორი. ირონია იქ [სერიალში] აშკარაა, ამიტომ ვინმე მიხვდება თუ არ მიხვდება, ეს მისი პრობლემაა. თუ ვინმეს მოსწონს, რომ პერსონაჟი ცოლს სახეში უტყლაშუნებს, ან იგინება და დანარჩენ საზოგადოებას ეშინია, უცებ ყველამ გინება არ დაიწყოსო — ეს არ არის არც სცენარისტის და არც რეჟისორის პრობლემა. კამერა ცალსახად დასცინის ამ ყველაფერს, ეს გროტესკია. გროტესკის აღქმა კი უკვე მყურებელზეა".
ხელოვნურ სუნთქვაში გროტესკი არ იქნება. ახალი სერიალი ჩემი ცოლის დაქალებისგან განსხვავებული ჟანრია და ამბებსა და პრობლემებს სხვა კუთხით გადმოსცემს.
ქ.დ.: "ჩვენ ვაჩვენებთ, რომ კარგი ტიპი ნიშნავს პროფესიონალს; რომ სექსუალური გულისხმობს, რომ რასაც აკეთებს, აკეთებს კარგად. ესეც შეიძლება ახალი სტერეოტიპია, მაგრამ კარგი სტერეოტიპებიც ხომ არსებობს?"
თუმცა, გარკვეული “საშიშროება” მაყურებლის აღქმასთან მიმართებაში, ახალ სერიალსაც ექნება. პოპ-კულტურას, სერიალებსა და ფილმებს რომ მაყურებელზე დიდი გავლენა აქვს, ეს ახალი ამბავი არ არის. განსაკუთრებით დიდი პრობლემაა სამედიცინო სერიალები. მაგალითად, ცნობილი ამერიკული სერიალების House M.D.-სა და Grey’s Anatomy-ს ეთერში გასვლის შემდეგ, ამერიკელი ექიმები ხშირად ჩიოდნენ, რომ პაციენტები აუტანლები გახდნენ. სერიალების გავლენით, ბევრი მათგანი თვითდიაგნოზირებას ახდენდა და შემდეგ, ექიმებს შეშინებულები აკითხავდნენ, რადგან სერიალში ნანახი სიმპტომების მიხედვით, საკუთარ თავში მძიმე ავადმყოფობას "პოულობდნენ".
დ.გ.: "გვეკითხებიან, რადგან სერიალში სამედიცინო თემაა, იქნება თუ არა შოუ საგანმანათლებლოო. ქეთი ნაკლებად კატეგორიულად, მე — უფრო კატეგორიულად ვამბობ, რომ არავითარ შემთხვევაში! ეს არის მხატვრული ნაწარმოები. ჩვენ ძალიან სკურპულოზურად ვსწავლობთ სამედიცინო ქეისებს და პროფესიონალი კონსულტანტიც გვყავს. ჰაერიდან მოტანილი სამედიცინო შემთხვევები არ გვაქვს, მაგრამ ეს არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს, რომ "ხალხო უყურეთ და ამის მიხედვით იმკურნალეთ". არა — მიმართეთ ექიმს. ნამდვილ ექიმს".
ქ.დ.: "პასუხისმგებლობას ამ თემაზეც ვგრძნობთ და ვცდილობთ, არასწორი ინტერპრეტირება არ მოხდეს. მაგალითად, ასპირინზე არის ერთი ქეისი და თინიკომ [კონსულტანტმა] თქვა, ახლა ასპირინის არ შეეშინდეთო".
სერიალის მეორე მთავარი გმირი ჟურნალისტია, რომლის როლსაც მსახიობი ეკატერინე დემეტრაძე ასრულებს. ქეთი და დავითი თვლიან, რომ ესეც საკმაოდ რთული პროფესიაა, თავისი მძიმე სტერეოტიპებით.
დ.გ.: "ჩვენში ჟურნალისტი წარმოუდგენიათ, როგორც ჩერჩეტი, არაფრის მცოდნე".
ქ.დ.: "რამე კურიოზს ხომ ვერ გაიხსენებდით?!"
დ.გ.: "ჩვენი პერსონაჟი სრულებით სხვანაირია. ან, იმედია, სხვანაირი გამოვა. ეს არის ახალგაზრდა ქალი, რომელიც ვერ ეგუება რომ, მისგან სიყვითლეს ითხოვენ და უფრო სიღრმისეულ თემებზე უნდა წერა. თან, ტელევიზიაში არ მუშაობს, მწერალი ჟურნალისტია და თან — მწერალია. მას ერთი განსაკუთრებული უნარი და ინტერესი აქვს: გარედან უყურებს ყველაფერს. ცდილობს, რომ გვერდიდან შეხედოს, რაც თავის ცხოვრებაში ხდება და ფიქციად, მხატვრულ ტექსტად აღიქვას. ძალიან ანალიტიკური გონება აქვს და უყვარს დაკვირვება. და ახლა მიეცემა შანსი, რომ ექიმს დააკვირდეს".
ორი მთავარი პერსონაჟი რამდენიმე სერიის შემდეგ გადაიკვეთებიან, მანამდე კი მათი ამბავი ცალ-ცალკე განვითარდება.
ქ.დ.: "სიუჟეტი ორ-ხაზიანია. პარალელურად მიმდინარეობს ბიჭის ამბავი, მისი დღე და — გოგოს ამბავი, როგორ აცდნენ რამდენჯერმე ერთმანეთს ერთ ეზოში და შემდეგ შეხვდნენ... გოგო არშემდგარი მწერალია და მწერლობა უნდა. მისი მიზანი არ არის ჟურნალისტობა, საპირისპიროდ შოთასი, რომლსაც შეუძლია იყოს გადასარევი ექიმი, მაგრამ არ მიიწევს წინ".
ხელოვნური სუნთქვის მესამე მთავარი პერსონაჟი შოთას შვილია, რომლის როლსაც რუსკა ქარქაშაძე შეასრულებს. მამა-შვილი ერთად ცხოვრობენ, რუსკას გმირი 13 წლის გოგოა, რომელსაც, ცხადია, თინეიჯერული პრობლემები აქვს და ეს მამასთან ურთიერთობაზეც ისახება.
ქ.დ.: "მამა-შვილს ერთმანეთი ძალიან უყვართ, მაგრამ სიყვარული არ გულისხმობს სწორ და იდეალურ ურთიერთობებს. შეიძლება მამა ძალიან ბევრ შეცდომას უშვებდეს შვილის აღზრდაში, მაგრამ მთავარია, რომ მათ ერთმანეთი სჭირდებათ და უყვართ, ანუ ორივეს ერთად ცხოვრება უნდა — მთავარი ფუნდამენტი იდეალური და ჯანსაღია. მამას არ ეშინია შვილზე პასუხისმგებლობის აღება, მისი პრობლემების გაზიარება, მაგრამ კონფლიქტი ორ თაობას შორის გარდაუვალია. ცხადია, კონფლიქტი არ ნიშნავს, არსიყვარულს. პრობლემა გულგრილობაა ხოლმე, რაც მათ ურთიერთობაში არ არის".
ქეთის თქმით, ბავშვის სიუჟეტი მისი ასაკის მაყურებლისთვის ახლო იქნება, მაგრამ ძირითადი მესიჯები, მაინც უფრო მშობლებისთვის იქნება საინტერესო.
ქ.დ.: "[მშობელი] ყველაზე მეტ შეცდომას მაშინ უშვებ, როცა ფიქრობ, რომ [შვილი] ჯერ პატარაა რაღაცის ასახსნელად, მოსალაპარაკებლად, აზრის საკითხავად. არა და, ბავშვს აქვს უკვე ყველაფრის მიღებისა და გაგების მზაობა. ამაზე ბევრი მშობელი უნდა დაფიქრდეს, განსაკუთრებით მამები, რომლებსაც ვერ წარმოუდგენიათ, რატომ უნდა გაზარდონ შვილი, როდესაც ჰყავთ ბებიები, მამიდები, დეიდები და ა.შ. ქართველ მამებს ხომ არ ჰგონიათ, რომ ფულის შეტანის გარდა, ოჯახში რამე ევალებათ".
დ.გ.: "თუმცა, ჩვენი ამოცანა არ არის, რომ ვიღაცას რაღაც ვასწავლოთ".
ქ.დ.: "პროპაგანდა მიზანი არ არის, მაგრამ ეს თავის თავად გამოდის. შენ რა განწყობასაც დებ სერიალში, თუ ვიღაც გიყურებს 300 და 400 სერიის მანძილზე, თავისდა უნებურად გამოგდის შენი პოზიციის თავზე მოხვევა. თუნდაც ის, რომ ყველას თავის სიმართლე აქვს, ესეც კი ერთგვარი პროპაგანდაა, რომ ყველას თავისი სიმართლე აქვს".
დ.გ.: "სერიალი მხატვრული ნაწარმოებია და ეს ხშირად ავიწყდებათ ხოლმე, როდესაც რაღაცებს ითხოვენ. მით უმეტეს, სოციალურმა მედიამ, დღეს გააადვილა აზრის გამოთქმა და ჩნდება ხოლმე დიდი ალიაქოთი — ამას რატომ აკეთებთ, იმას რატომ აკეთებთ... საბოლოოდ შეიძლება ითქვას, რომ სერიალს არ აქვს პასუხები და იდეოლოგიზირებული მიდგომა მორალური თუ ამორალური საკითხების მიმართ".
ქ.დ.: "დიდი დისკომფორტი მაქვს ხოლმე. ამ ახალ სერიალზეც ვიცი, რომ წინასწარ მოსთხოვენ — "აი, ძალიან ბევრ ადამიანს აწუხებს რაღაც კონკრეტული და წამოწიეთ ეს პრობლემა". შეეცდებიან, რომ სერიალით აკეთონ ის, რაც სამოქალაქო აქტივობის ფუნქციაა. ჩვენ გვინდა ჩვენთვის, წყნარად, დრამის კეთება. სამყაროს შეცვლის მიზანი არ გვაქვს. ჩემი ცოლის დაქალებშიც გვინდოდა, რომ ერთად გვეცინა იმაზე, თუ რა სულელები ვართ ხანდახან ყველანი. ვნახოთ, რა გამოვა".
სცენარისტების თქმით, ხელოვნური სუნთქვის პირველ სეზონში სულ 18 სერია იქნება, მეორეში — უფრო მეტი. სეზონების რაოდენობა აქაც ქართული სპეციფიკისაა — წელიწადში ორი, განსხვავებით მსოფლიო ბაზრისგან, სადაც, როგორც წესი, წელიწადში ერთი სეზონი მზადდება და ყოველი სეზონი საშუალოდ 20-25 სერიას მოიცავს ხოლმე. ქეთის თქმით, ეს სცენარისტებისგან დამოუკიდებელი მიზეზებით არის გამოწვეული.
ქ.დ.: "სამწუხაროდ, არც ერთ ტელევიზიას არ აქვს იმის ფუფუნება, რომ გადაიხადოს ფული, მისცეს ჯგუფს ცხრა-ათი თვე პროდაქშენისთვის და დაელოდოს, როდის გადაიღებენ მთელს სერიალს. რა თქმა უნდა, ჩვენ გვერჩივნა, რომ დავმსხდარიყავით, დაგვეწერა თვრამეტივე სერია წყნარად, გადაგვეღო და ამის შემდეგ გასულიიყო ეთერში. და არა ისე, როგორც ახლა — ღამეების თევით. რაც მეტი სერიაა, მით მეტი შანსი აქვს სერიალს იცოცხლოს. ასეთი სპეციფიკური თავისებურება აქვს ქართულ სერიალს. ამიტომაც გადის ჩემი ცოლის დაქალები კვირაში სამი სერია; და არა იმიტომ, რომ სამია საჭირო".
სერიალის სოცოცხლისთვის მნიშვნელოვანია პროდაქტ-პლეისმენტიც, ანუ, რეკლამის სახეობა, როდესაც კონკრეტული პროდუქტი ფილმში ან სერიალში ჩანს და მაყურებელს გამაღიზიანებელი სარეკლამო ჭრების ნაცვლად, "ბუნებრივად" მიეწოდება რეკლამა.
პროდაქტ-პლეისმენტი ქართულ სატელევიზიო პროექტებში ერთ-ერთი ყველაზე რთული და დაურეგულირებელი თემაა. დამკვეთები ხშირად არ ითვალისწინებენ, რამდენად ბუნებრივად შეიძლება ჩაჯდეს მათი პროდუქტი ამა თუ იმ სიუჟეტში. უცხოეთში, ხშირად, პლეისმენტი ხელოვნების დონეზეა აყვანილი. მაგალითად, ვისაც HBO-ს სერიალის Sex and the City ერთი სერია მაინც უნახავს, მოდასთან და ფეხსაცმელებთან საერთოდ არანაირი კავშირი რომ არ ჰქონდეს, მაინც ემახსოვრება ფეხსაცმელების ბრენდი მანოლო ბლონიკი. ან, გავიხსენოთ NBC-ს 30 Rock, კომედიური სერიალი, რომელშიც მთავარი გმირები წვენის რეკლამას თავხედურად და სასაცილოდ აკეთებენ ან, სიუჟეტიდან ამოვარდნილად უყურებენ კამერას და შესრულებული პლეისმენტის სანაცვლოდ ფულს ითხოვენ. ეს იმდენად ბუნებრივი და სასაცილოა, რომ ყოველ ასეთ ეპიზოდს და ხუმრობას მოუთმენლად ელი.
ხელოვნური სუნთქვის გენერალური სპონსორი კლინიკათა ქსელი ევექსია.
ქ.დ.: "ჩვენი სპონსორი ევექსია, რომლის გარეშეც ამ სერიალს ვერ გავაკეთებდით. სხვა დანარჩენი, მხოლოდ არსებობისთვის საჭირო პლეისმენტები გვექნება. ვთქვათ, პერსონაჟი რომ რომელიმე მინერალურ წყალს სვამდეს ან რამეს მიირთმევდეს, არაფერი შავდება. მაგრამ ისე, როგორც ჩემი ცოლის დაქალებს სჭირდება თითქმის ყველაფრის ინტეგრირება, აქ ვეცდებით, რომ მაქსიმალურად შევიკავოთ თავი. სადღაც რომ ჩაივლი და იქ ბანკი გამოჩნდება, ეგ არაფერია, მაგრამ აქცენტირებული პლეისმენტები ნაკლებად იქნება, რადგან გვყავს ერთი დიდი, მთავარი სპონსორი".
პლეისმენტს, სარეკლამო ჭრასთან შედარებით, ერთი დიდი უპირატესობა აქვს — მაყურებელი მას ვერ გადაახტება. დღევანდელი ციფრული ტელევიზიის და ინტერნეტის პირობებში, მაყურებლები რეკლამებს ახვევენ. ის კი, ვინც პროდაქტ-პლეისმენტს ყიდულობს, ყიდულობს მაყურებელთან გარანტირებულ წვდომას.
ხელოვნურ სუნთქვას საეთერო კონკურენტი ჯერ-ჯერობით არ ჰყავს, ის ამჟამად ერთადერთი ქართული დრამაა.
დ.გ.: "ამჟამად ქართულ ტელევიზიებში კონკურენტი არ გვყავს, მაგრამ ზოგადად, მსოფლიო სერიალებში, ძალიან დიდი კონკურენციაა. სულ უკეთესი და უკეთესი გამოდის და ყველა ვიწრო ჟანრი დაკავებულია".
ქ.დ.: "ჩვენთან რამდენჯერმე მოვიდნენ, სხვადასხვა ქვეყნებიდან, რამდენიმე სერია გადაგვათარგმნინეს და წაიღეს. ანუ, თუ შესაძლებელია სერიალის გაყიდვა, ეს ნიშნავს, რომ სხვა ქვეყნის პროდუქციასთან შედიხარ კონკურენციაში. ისე არ გამომივიდეს, რომ ჩემი კონკურენტი HBO-ა, მაგრამ მოლაპარაკებები ერევანთან ან უკრაინასთან ნიშნავს, რომ შენ მზად უნდა იყო ქართული პროდუქტის კონკურენტუნარიანობისთვის, უნდა აკმაყოფილებდე რაღაც პარამეტრებს".
ჩემი ცოლის დაქალები ქართული სპეციფიკური თემების მქონე სერიალია, თუმცა, როგორც ქეთი ამბობს, პროდუქტის გაყიდვა არა თემატიკის, არამედ სხვა, ტექნიკური მიზეზების გამო ვერ მოხერხდა. ახალი სერიალიც, უცხოეთში გაყიდვის პერსპექტივით შეიქმნება, რაც თავისთავად ნიშნავს, რომ გუნდი მისი ხარისხის დაგდებას არ დაუშვებს.
ქ.დ.: "ნატოში შეგვიშვებენ თუ არა, ჩვენ უნდა გვინდოდეს იქ შესვლა. აქაც ასეა — გამოვა თუ არ გამოვა, მე იმედი მაქვს, რომ გამოვა. იმიტომ, რომ როგორც დავაკვირდი, რაც ძალიან გინდა და ბევრ დროს უთმობ, ის წესით გამოდის ხოლმე".
ხელოვნური სუნთქვა 8 ივნისიდან დაიწყება და რუსთავი 2-ის ეთერში ყოველ ოთხშაბათსა და ხუთშაბათს, 22:00 საათზე გავა. სერიალის შესახებ სიახლეების გასაგებად, თვალი ადევნეთ ოფიციალურ გვერდს ფეისბუქზე.
კომენტარები