ამის შესახებ ინფორმაცია BBC-ის რუსულმა ბიურომ გაავრცელა, მოგვიანებით კი უფლებადამცველმა, დარიანა გრიაზნოვამ ფორმულასთან დაადასტურა

რატომ არის მნიშვნელოვანი: რუსეთში კრიტიკულად განწყობილ ჟურნალისტებს, პოლიტიკოსებს, აქტივისტებსა და უფლებადამცველებს კრემლი დევნის, ამიტომ ისინი ქვეყნიდან გარბიან, მათ შორის, საქართველოში.

  • ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ჩვენთან არ უშვებენ ან შემოსვლისას აბრკოლებენ კრემლისადმი კრიტიკულად განწყობილ რუს ჟურნალისტებსა და უფლებამცველებს.
  • მაგალითად, არ შემოუშვეს დოჟდის ჟურნალისტი და რუსი ფოტოჟურნალისტი, რომელიც Associated Press-სთან და The Insider-თან მუშაობს, ასევე, ბლოგერი, რომელსაც რუსეთში შინაპატიმრობა ჰქონდა მისჯილი.
  • არაერთხელ გავრცელდა ინფორმაცია რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისა და აქტივისტების არშემოშვების შესახებაც.
  • ამავდროულად, საქართველოს სტუმრობდნენ და უპრობლემოდ შემოვიდნენ რუსი პროპაგანდისტი წამყვანები და მოქალაქეები, რომლებიც მობილიზაციას გამოექცნენ.

დეტალები: როგორც BBC წერს, გრიაზნოვა საქართველოში პარტნიორთან ერთად, რომელიც ასევე უფლებადამცველია, 2021 წლის მაისიდან ცხოვრობდა.

  • მისი ფეისბუქაქტივობებიდან ჩანს, რომ უკრაინის მხარდამჭერია და სოლიდარობა გამოუცხადა ქართველებს მარტის აქციების დროს, რუსული კანონის წინააღმდეგ.
  • გრიზანოვა მაშინ არ შემოუშვეს, როცა სტამბულიდან საქართველოში ბრუნდებოდა და სხვა საბუთებთან ერთად გაეროს სპეციალური წარმომადგენლის, მერი ლოულორის წერილიც ჰქონდა, რომელიც სთხოვდა მთავრობას, იურისტი ქვეყანაში შეეშვათ.
  • BBC-ის ინფორმაციით, წერილში ეწერა, რომ გრიაზნოვა აწარმოებდა სასამართლო საქმეებს, ქალთა უფლებებისა და დისკრიმინაციის საკითხებზე.
  • ასევე ნათქვამი იყო, რომ ამჟამად მუშაობს ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული ცენტრის იურიდიულ მრჩევლად და ევრაზიის მიმართულებით იურიდიულ მრჩევლად Equality Now-ში — არასამთავრობო ორგანიზაციაში, რომელიც ქალთა უფლებებს იცავს.
  • მომხდარს გამოეხმაურა ლოულორიც და ტვიტერზე დაწერა, რომ გრიაზნოვა ყოველგვარი ახსნა-განმარტებისა და დამადასტურებელი დოკუმენტების გარეშე გააბრუნეს.
  • მისი თქმით, ძალიან აწუხებს, რომ ეს შეიძლება დაკავშირებული იყოს საქმიანობასთან, ადამიანის უფლებების დაცვასთან და სურს, ნახოს დოკუმენტები, რომლებშიც მიზეზებია განმარტებული.

გრიაზნოვაც ამბობს, რომ შემოშვებაზე უარს მის საქმიანობას უკავშირებს.

  • "საქართველოს ხელისუფლება ხშირად საუბრობს, რომ ვალდებული არიან შეამოწმონ ქვეყანაში შემომსვლელი ადამიანები. მაგრამ თუ გადავხედავთ რუსეთის მოქალაქეების რიცხვს, რომლებიც თავისუფლად შემოუშვეს და შევადარებთ რუსი უფლებადამცველების რიცხვთან, ვისაც არ უშვებენ ქვეყანაში, გაოგნდებით", — განაცხადა მან ფორმულასთან.
  • მისივე თქმით, საზღვარზე პასპორტს ფოტოს უღებენ, ვოთსაფით სადღაც აგზავნიან და ამის ემშდეგ იღებენ გადაწყვეტილებას, რაც მიანიშნებს, რომ ხელისუფლებას აქვს სია, რომლითაც ხელმძღვანელობს.
  • "არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ რუსეთის და საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ერთმანეთთან მჭიდროდ თანამშრომლობენ და არასასურველი ხალხის სიებს ერთმანეთს უზიარებენ", — განაცხადა მან.
  • On.ge-მ მიზეზების გარკვევა შსს-ში სცადა, თუმცა, ტრადიციულად, პასუხი არ მიუღია.
  • თუ უწყებისგან ოფიციალური განმარტება იქნება, მასალა განახლდება.