სად გადის ზღვარი პოლიტკორექტულობასა და ცენზურას შორის
სულ ცოტა ხნის წინ ცნობილი ქართველი მსახიობისა და მთარგმნელის, ნინო ბურდულის, იშვიათ სატელევიზიო ინტერვიუს ვუყურე, სადაც მან განაცხადა, კარგი ხელოვნება დამყარებულია პიროვნულ ხედვაზე და სამყაროს აღქმის ინდივიდუალურ რაკურსზეო. როგორც ადამიანს, რომელსაც მიაჩნია, რომ სიტყვის თავისუფლება თანამედროვე დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთი მთავარი მონაპოვარია, ბურდულის სიტყვები მენიშნა — მით უმეტეს, რომ აღნიშნული ნათქვამი მსახიობმა ბოლო პერიოდის უცნაურ ტენდენციაზე საუბარს მოაყოლა.
უცნაური ტენდენცია კი ის გახლავთ, რომ უკანასკნელი რამდენიმე წლის განმავლობაში არაერთი თანამედროვე და კლასიკური ნაწარმოები იქცა ეგრეთ წოდებული პოლიტკორექტული ცენზურის სამიზნედ — ზოგი აიკრძალა, ზოგიც შესწორებული სახით გამოიცა. ამ პროცესმა იმდენად მასშტაბური სახე მიიღო, რომ ბევრი ლიტერატორის შეშფოთებაც გამოიწვია; რა ბედი ელის ხელოვანის და ხელოვნების თავისუფლებას მომავალში, როცა ზღვარი ზემოხსენებულ ორ სხვადასხვა ცნებას — პოლიტკორექტულობასა და ცენზურას — შორის გაბუნდოვანებულია?
რა ხდებოდა ადრე
1905 წელს, ნიუ-იორკში, ბრუკლინის საჯარო ბიბლიოთეკამ მარკ ტვენის მაგნუმ ოპუსად მიჩნეული ჰეკლბერი ფინის თავგადასავალი ყოვლად აბსურდული ახსნით მიაბრძანა საყმაწვილო სექციიდან — პერსონაჟი "პერსპირაციის ნაცვლად ოფლს" ამბობსო. ნუ, ჩვენ კი ვფიქრობთ, რომ ეს მიზეზი აბსურდულია, მაგრამ ბიბლიოთეკის მესვეურებს, როგორც ჩანს, ქვასავით მყარ არგუმენტად მიაჩნდათ.
საუკუნის წინანდელ ოკეანისმიღმეთს რომ არ გადავწვდეთ, "მყარი" არგუმენტებით წიგნების აკრძალვა ჩვენს ახლო წარსულშიც ჩვეულებრივი ამბავი იყო. საბჭოეთის ჩაკეტილ სივრცეში ხომ მსოფლიოში აღიარებული ავტორების ბევრი ნაწარმოები ვერ აღწევდა, ხოლო რაც აღწევდა, ისიც მკაცრ ცენზურას გადიოდა და მხოლოდ მას შემდეგ ხვდებოდა მკითხველის ხელში.
უკეთესი სიტუაცია არც კიდევ უფრო ახლო წარსულში გვხვდება: 21-ე საუკუნის დასაწყისში რელიგიური ფანატიზმით გატაცებულმა საზოგადოებებმა როულინგის ჰარი პოტერს გამოუცხადეს ბრძოლა. პოტერიადის "მაგიურობით" შეშფოთებულმა საეკლესიო პირებმა ზოგან წიგნებიც კი დაწვეს. სხვათა შორის, ეს ნაწარმოები იმავე საბაბით ჩვენთანაც კარგა ხნის განმავლობაში მოიაზრებოდა აკრძალულ ხილად — ერთ-ერთი საეკლესიო გაზეთი ხომ ვრცელი მიმოხილვით ჯერ კიდევ 2003 წელს წერდა, რომ ჰარი პოტერი "ბნელეთს აიდეალებდა" და "მოზარდს ეშმაკისეული გზის ორი მიმართულების: გაცხადებული ბოროტებისა და შელამაზებული ბოროტების — შავი და თეთრი მაგიის არჩევანის წინაშე" აყენებდა.
აღსანიშნავია, რომ პოტერიადის წიგნების დაწვას სულ რამდენიმე წლის წინ სრულიად სხვა ჯგუფმა მიჰყო ხელი — ამჯერად მათი მოტივი მწერლის პიროვნული შეხედულებები გახდა.
ცენზურა რომ ტოტალიტარული რეჟიმების ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელია, ამას, მგონი, თქმაც არ სჭირდება. სწორედ ამიტომ მიმაჩნია, რომ დღევანდელობაში სიტყვის თავისუფლების სადარაჯოზე დგომა აუცილებელია. მით უმეტეს, რომ ეს ღირებულება თავდასხმის მუდმივ ობიექტად რჩება.
აი, ეს კი მხოლოდ ჩემი მოსაზრება როდია. 2020 წელს ასზე მეტმა მწერალმა, აქტივისტმა და აკადემიკოსმა ღია წერილი გამოაქვეყნა და განაცხადა, რომ სიტყვის თავისუფლებას საფრთხე ემუქრება. წერილის ხელმომწერებს შორის იყვნენ ისეთი ცნობილი ავტორები, როგორებიც სალმან რუშდი და მარგარეტ ეტვუდი არიან.
"რედაქტორებს საკამათო შეხედულებების გამო სამსახურიდან ათავისუფლებენ, წიგნებს კრძალავენ არაავთენტიკურობის ბრალდებით, ჟურნალისტებს კონკრეტულ თემებზე წერა აკრძალული აქვთ, ლექტორების მიერ ლიტერატურული პერიფრაზის მოყვანის გამო გამოძიება იწყება, მკვლევრებს ცუდი გამოხმაურების მქონე აკადემიური ნაშრომის გამო სამსახურებიდან ითხოვენ და ორგანიზაციის ხელმძღვანელებს თავიდან მხოლოდ იმ შეცდომების გამო იშორებენ, რაც შეიძლება ნებისმიერმა უნებლიეთ დაუშვას", — ნათქვამი იყო ღია წერილში.
თუმცა, მნიშვნელოვანია ისიც, რომ ამჯერად უკვე არარელიგიური ფანატიზმის ტალღამ სამიზნეში არა მხოლოდ ახალი ტექსტები და გამოცემები ამოიღო, არამედ უკვე გამოცემული და ცნობილი პუბლიკაციებიც.
რა ხდება დღეს
2022 წელს პულიცერის პრემიის მფლობელი პირველი და ამ დრომდე ერთადერთი გრაფიკული რომანი, MAUS, აშშ-ის ერთ-ერთ სკოლაში აკრძალეს. მიზეზი იმაზე კომიკურია, ვიდრე საუკუნეზე მეტი ხნის წინ ჰეკლბერი ფინის ბიბლიოთეკიდან გაძევების მოტივი გახლდათ — სკოლის საბჭომ გრაფიკულ რომანში, რომელიც ჰოლოკოსტის მძიმე ისტორიებს ჰყვება, მიუღებლად მიიჩნია ტექსტში გამოყენებული 8 სალანძღავი სიტყვა და, არც მეტი, არც ნაკლები, შიშველი თაგვის ნახატი.
აკრძალვას ხომ, როგორც წესი, საპირისპირო შედეგი მოჰყვება ხოლმე — ჰოდა, MAUS-იც გამოცემიდან 40 წლის შემდეგ ისევ ბესტსელერი გახდა.
თუმცა, ბრძოლა რაიმე მიზეზით მიუღებელი წიგნების წინააღმდეგ მხოლოდ ცალკეულ სკოლებში როდია. სამწუხაროდ, ტენდენციამ კიდევ უფრო უცნაური ფორმით საგამომცემლო ინდუსტრიაშიც შეაღწია.
2023 წლის დასაწყისში ერთ-ერთმა ყველაზე მსხვილმა ინგლისურენოვანმა გამომცემლობამ, Penguin, განაცხადა, რომ ცნობილი ბრიტანელი მწერლის, როალდ დალის, წიგნები მალე "შესწორებული" სახით გამოიცემოდა. მწერლის გარდაცვალებიდან ათწლეულების შემდეგ, მისი ნამუშევრების რედაქტირებისთვის გამომცემლობამ გაერთიანება Inclusive Minds-თან ითანამშრომლა, რომელიც მიზნად ისახავს "საბავშვო ლიტერატურაში ინკლუზიურობის, მრავალფეროვნებისა და თანასწორობის" დამკვიდრებას.
ამ მიზნების მიუხედავად, Penguin-ის გადაწყვეტილებას მწვავე კრიტიკა მოჰყვა, როგორც რიგითი მკითხველების, ასევე ცნობილი მწერლების მხრიდან. სალმან რუშდიმ, რომელიც 2022 წელს თავდასხმას გადაურჩა, პირდაპირ განაცხადა, რომ საქმე "აბსურდულ ცენზურასთან" გვქონდა.
"როალდ დალი ანგელოზი არ ყოფილა, მაგრამ ეს აბსურდული ცენზურაა", — დაწერა რუშდიმ ტვიტერზე, — "გამომცემელს და დალის მემკვიდრეობის მფლობელებს უნდა რცხვენოდეთ".
საბოლოოდ, კრიტიკის შემდეგ, Penguin-მა გადაწყვიტა, წიგნების ორგვარი ვერსია დაებეჭდა — ორიგინალური და რედაქტირებული. თუმცა, ტენდენცია, რომელიც ამ გამომცემლობაში არ დაწყებულა, არც აქ დასრულდა.
"რასისტული მონაკვეთების" ამოღების გადაწყვეტილება მიიღეს ჯეიმს ბონდის რომანების ახალი გამოცემებისთვისაც. მიზეზი "თანამედროვე მკითხველისთვის შეურაცხმყოფელი წესები და შეხედულებებია", რომელიც, გამომცემლის ცნობით, ნაწარმოების დაწერის ეპოქაში იყო გავრცელებული და წიგნშიც აისახა. სერიის სხვადასხვა რომანიდან ამოიღეს ეროვნებების დასახელებები და აღწერები. ზოგიერთ შემთხვევაში კი, წინადადებები შეიკვეცა ან უზუსტო პერიფრაზის საშუალებით გადმოიცა.
"თანამედროვე მკითხველზე" მორგებული ახალი გამოცემების საჭიროება დაინახეს კიდევ ერთ დიდ გამომცემლობაში, HarperCollins-ში. ამჯერად, სამიზნე დეტექტივების დედოფლის, აგათა კრისტის, რომანები აღმოჩნდა. ნაწარმოებებიდან ამოიღეს მონაკვეთები, რომლებიც "შეურაცხმყოფელ ენას" შეიძლება შეიცავდეს — ამდენად, რედაქტირებას დაექვემდებარა ეთნიკური კუთვნილების აღმნიშვნელი სიტყვები, პრობლემურად მიჩნეული ტერმინები, აღწერები და პერსონაჟის ფიქრებიც კი.
პრობლემა და გამოსავალი
ამერიკელი მწერალი და ჟურნალისტი, ლაიონელ შრაივერი, რომელსაც მკითხველები ყველაზე მეტად რომანით კევინზე უნდა დაგელაპარაკო იცნობენ, "პოლიტკორექტული ცენზურის" საშიშროებაზე ჯერ კიდევ 2018 წელს საუბრობდა. მისი თქმით, ეს ტენდენცია მხატვრულ ლიტერატურას "გაუბედავ, ერთგვაროვან და პირქუშ" სივრცედ აქცევს.
"სამწუხაროდ, ჩვენ, მწერლებს, ახლა გვიწევს, გავუმკლავდეთ ტალღას, რომელიც მოგვიწოდებს, რა გავაკეთოთ და რა — არა", — წერდა შრაივერი, — "შედეგად, ჩვენი ფანტაზია იზღუდება, წერისა და გამოცემის პროცესს კი უკვე შიში ახლავს თან".
შრაივერს ალბათ ნინო ბურდულიც დაეთანხმებოდა, რომელიც ზემოხსენებულ ინტერვიუში ამატებს, ხელოვნება "იდეოლოგიებზე, მეინსტრიმებსა და პოლიტკორექტულობაზე" დამყარებული არაო.
ეს კი მართალია — ხელოვნებას ჩარჩოები და საზღვრები კლავს. სწორედ ამიტომ არის საშიში ტენდენცია, რომელიც მისი ნებისმიერი მოტივით "მოთვინიერებას" ცდილობს. აუცილებელია, გვესმოდეს, რომ ხელოვნება, მით უმეტეს, ლიტერატურა, არა მხოლოდ პოლიტკორექტულობისგან, არამედ რეგულირების სხვა ყველა თანამედროვე თუ ძველი პრაქტიკისგან თავისუფალი სივრცე უნდა იყოს. სხვაგვარად ის, უბრალოდ, ვერ განვითარდება და დაკარგავს ფუნქციას, რადგან, შრაივერის თქმის არ იყოს, გახდება ერთგვაროვანი და გაუბედავი. რუმინელი მკვლევარი ანა სკალკაუ თავის ნაშრომში პოლიტკორექტულობის პარადოქსები წერს, რომ პოლიტკორექტულ ცენზურას "პროგრესულის" გარდა ყველაფერი შეიძლება ეწოდოს, რადგან "პროგრესი ვერ მოხდება [აზრთა] დაპირისპირების, კონფლიქტისა და დებატების გარეშე".
კიდევ უფრო პრობლემური შეიძლება იყოს წლების წინ გამოქვეყნებული ტექსტების დაჩეხა "თანამედროვე მკითხველზე მორგების" მიზნით. მხატვრული პროზა ხომ მხოლოდ გამოგონილი ამბები არაა — ეს რეალობის ანარეკლიცაა, რომელიც ჩვენი წარსულის ნაწილს ინახავს. ამდენად, მათი შეცვლა თანამედროვე კულტურული კონტექსტის შესაბამისად ისტორიის წაშლაცაა. რასაკვირველია, ჩვენ ვვითარდებით და ვსწავლობთ, მაგრამ მნიშვნელოვანია, ისიც გვახსოვდეს, საიდან მოვდივართ.
სწორედ ამიტომ, ოპტიმალურ გზად ის გამოსავალი მესახება, რომელსაც რამდენიმე წლის წინ დისნეიმ მიაგნო. ერთ-ერთმა უდიდესმა კომპანიამ გადაწყვიტა, თავის შემოქმედებით წარსულს არ გაჰქცეოდა. ამის ნაცვლად, დისნეიმ პლატფორმაზე ძველი ანიმაციები ორიგინალური ფორმით განათავსა, თუმცა, დაურთო გაფრთხილება, რომ ისინი რასისტულ მოტივებსა და კულტურულ სტერეოტიპებს შეიცავენ, რომლებიც "წინათაც არასწორი იყო და დღესაც ასეა".
ცხადია, სხვა გამოსავლის პოვნაც შეიძლება. თუმცა, ამისათვის აუცილებელია, სადისკუსიოდ და თუნდაც დაძაბული დებატებისთვის ღია სივრცე გვქონდეს. და, რაც მთავარია, გვახსოვდეს, რომ ხელოვნება ცოცხალი და დამოუკიდებელია.
კომენტარები