ასტეროიდ რიუგუში სიცოცხლის წარმომქმნელი მასალები აღმოაჩინეს — რას ნიშნავს ეს
ახალი კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა ასტეროიდ რიუგუდან მოპოვებულ ნიმუშებში ურაცილი აღმოაჩინეს — რნმ-ის წარმოქმნისათვის აუცილებელი ერთ-ერთი კომპონენტი. იპოვეს ვიტამინი B3-იც, რომელიც დედამიწაზე მეტაბოლიზმისათვის საჭირო კოფაქტორია. ნაშრომს გამოცემაში Nature Communications გაეცნობით.
შესაძლოა, მიგნება იმაზე მიანიშნებდეს, რომ ურაცილის მსგავსი აზოტოვანი ფუძეები დედამიწაზე უცხოპლანეტური წარმოშობის ნახშირბადით მდიდარი ასტეროიდებიდან მოხვდა.
ასევე იხილეთ: ვების ტელესკოპმა ვარსკვლავის მიმდებარედ სიცოცხლის წარმომქმნელი მოლეკულები დააფიქსირა
თავად რიუგუ ჩვენს პლანეტასთან ახლოს მდებარე ასტეროიდია, რომელიც დედამიწასა და მარსს შორისაა მოთავსებული. ობიექტის დიამეტრი დაახლოებით ერთ კილომეტრს შეადგენს. მზის გარშემო ერთი ბრუნის შესასრულებლად მას 16 თვე სჭირდება.
2018 წელს რიუგუს იაპონური ხომალდი Hayabusa2 ეწვია და რამდენიმე სამეცნიერო დაკვირვება თუ ექსპერიმენტი ჩაატარა. შეაგროვეს ნიმუშებიც, რომელთა საშუალებით მეცნიერები იმედოვნებენ, რომ ადრეული მზის სისტემისა და დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის შესახებ მიიღებენ ინფორმაციას. სინჯები დედამიწაზე 2020 წლის დეკემბერში ჩამოიტანეს.
იასუჰირო ობამ და მისმა კოლეგებმა ახლად შექმნილი ტექნიკები გამოიყენეს, რომლებიც სპეციალურად მცირე მასშტაბის მქონე მასალების ანალიზისთვისა განკუთვნილი, და რიუგუდან მოპოვებული ნიმუშები შეისწავლეს. მათ ნიაცინი (ვიტამინი B3), ურაცილი და კიდევ რამდენიმე ისეთი ორგანული მოლეკულა აღმოაჩინეს, რომლებსაც სხვა კომპლექსური ორგანული მოლეკულების სინთეზში წამყვანი როლი აქვს.
ასევე იხილეთ: ისტორიაში პირველად, კოსმოსში არსებულ ასტეროიდში სიცოცხლის საშენი მასალა აღმოაჩინეს
შესაძლოა, დედამიწაზე სიცოცხლის წარმოქმნაში სწორედ ამ მოლეკულებმა შეიტანა წვლილი. მკვლევართა გუნდმა აქამდე ისინი დედამიწაზე აღმოჩენილ მეტეორიტებშიც შენიშნა, თუმცა ახალ ნიმუშებში მათი აღმოჩენა უცხოპლანეტურ წარმოშობაზე მიუთითებს.
კვლევის ავტორები ვარაუდობენ, რომ ეს ნივთიერებები ვარსკვლავთშორის ყინულში მიმდინარე ფოტოქიმიურ პროცესებს შეიძლება წარმოექმნა, რაც მზის სისტემის ფორმირებისას ასტეროიდებში მათ მოხვედრას გამოიწვევდა. მილიონობით წლის განმავლობაში მათ ულტრაიისფერი და კოსმოსური სხივები კიდევ უფრო შეცვლიდა.
მკვლევრები ფიქრობენ იმასაც, რომ მეტეორიტების მეშვეობით ამ ნაერთების დედამიწაზე მოხვედრა მნიშვნელოვან როლს შეასრულებდა ადრეული სიცოცხლის გენეტიკური პროცესების განვითარებაშიც.
საგულისხმოა, რომ საკმაოდ საფუძვლიანია იმაზე ფიქრიც, რომ ასეთი ორგანული მოლეკულები ბუნებრივად დედამიწაზე წარმოიქმნა — ზოგიერთი მეცნიერი იმასაც კი ფიქრობს, რომ სიცოცხლის ანდა მისი საშენი მასალების არამიწიერი წარმოშობის განხილვა ხელს შეგვიშლის, დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობა ვიკვლიოთ.
საბოლოო ჯამში, იმ შემთხვევაში, თუკი ეს მოლეკულები მზის სისტემაში მართლაც ასეთი გავრცელებულია, დიდია იმის შანსიც, რომ ისინი დედამიწაზეც ანალოგიური პროცესების შედეგად წარმოქმნილიყო.
კომენტარები