ისტორიაში პირველად, კოსმოსში არსებულ ასტეროიდში სიცოცხლის საშენი მასალა აღმოაჩინეს
ისტორიაში პირველად, იაპონელმა მეცნიერებმა რიუგუში, დედამიწიდან 320 მილიონი კილომეტრით დაშორებულ ასტეროიდში, 20-ზე მეტი ამინომჟავა აღმოაჩინეს. ამინომჟავები ცილების შენებისათვის საჭირო კომპონენტებია, რომელთა გარეშეც დედამიწაზე სიცოცხლე არ იარსებებდა.
ჯერ კიდევ 2019 წელს იაპონიის კოსმოსური სააგენტოს (JAXA) ხომალდმა, Hayabusa2-მა, ასტეროიდ რიუგუს ზედაპირიდან და სიღრმიდან 5.4 გრამი ნიმუში შეაგროვა და დედამიწაზე ჩამოიტანა. პირველი მსგავსი აღმოჩენა მეცნიერებმა სწორედ ამ სინჯების შესწავლისას გააკეთეს.
როგორც ქვანახშირიანი ასტეროიდი, რიუგუ ნახშირბადით მდიდარ ორგანულ ნივთიერებებს ჭარბად შეიცავს, რომელთა დიდი ნაწილი, სავარაუდოდ, იმავე ნებულიდან წარმოიშვა, რომელმაც 4.6 მილიარდი წლის წინ მზე და მზის სისტემის პლანეტები წარმოქმნა. წინა ნიმუშის ანალიზმა მიგვანიშნა ისიც, რომ ასტეროიდზე წყალი გვხვდება.
ჰისაიოში იურიმოტოს, ჰოკაიდოს უნივერსიტეტის პროფესორის თქმით, რიუგუს მასალა მზის სისტემის ყველაზე პრიმიტიული მასალაა, რომელიც კი ოდესმე შეუსწავლიათ.
მეცნიერებმა დაადგინეს, რომ, ჩვენს პლანეტაზე არსებული ორგანული მოლეკულებისაგან განსხვავებით, ასტეროიდის ნიმუშები დედამიწასთან ურთიერთქმედებას არ შეუცვლია, ვინაიდან ისინი მოხვედრილი სინათლის მხოლოდ 2-3 პროცენტს ირეკლავს. შესაბამისად, მათი შედგენილობა ისეთივეა, როგორიც ადრეულ მზის სისტემაში იყო.
"სინჯებში არაერთი პრებიოტური ორგანული ნაერთი აღმოვაჩინეთ, მათ შორის პროტეინოგენური ამინომჟავები, პოლიციკლური არომატული ნახშირწყალბადები და აზოტის ნაერთები", — განაცხადა ჰიროში ნარაოკამ, მკვლევართა გუნდის ხელმძღვანელმა — "შესაძლოა, სხვადასხვა მიზეზის გამო ეს პრებიოტური ორგანული მოლეკულები რიუგუს ზედაპირიდან პლანეტათაშორისი მტვრის სახით მზის სისტემაში გავრცელდეს".
გასათვალისწინებელია ისიც, რომ 2019 წელს კოსმოსური წარმომავლობის ორგანული მოლეკულები აღმოაჩინეს 3.3 მილიარდი წლის ქვებში, რომლებიც სამხრეთ-აფრიკაში იპოვეს. ეს კიდევ უფრო მეტ საფუძველს სძენს მოსაზრებას, რომ სიცოცხლის არსებობისათვის აუცილებელი ეს მოლეკულები დედამიწაზე კომეტებისა და ასტეროიდების საშუალებით მოხვდა.
"ასტეროიდებში ამინომჟავათა არსებობის დამტკიცება იმის ალბათობას ზრდის, რომ ეს ნაერთები დედამიწაზე კოსმოსიდან აღმოჩნდა", — განაცხადა კენსეი კობაიაშიმ, ასტრობიოლოგიის ემერიტუს პროფესორმა იოკოჰამას ეროვნულ უნივერსიტეტში.
აქედან გამომდინარე, შესაძლოა, ამინომჟავები სხვა პლანეტებსა და ბუნებრივ თანამგზავრებზეც ვიპოვოთ. ეს იმის მომასწავებელი იქნება, რომ სიცოცხლე სამყაროში იმაზე მეტ ადგილას არსებობს, ვიდრე წარმოგვიდგენია.
მკვლევრები რიუგუს სინჯების ანალიზს განაგრძობენ, ასტეროიდის ფორმირებისა და შედგენილობის შესახებ მეტი მონაცემი კი მალე გახდება ცნობილი.
კომენტარები