ამის შესახებ მათ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წინ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრეს.

რატომ არის მნიშვნელოვანი: ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი მთავარი არხის დამფუძნებელი, ნიკა გვარამია 2 ნოემბერს სააპელაციო სასამართლომ 3 წლითა და 6 თვით პატიმრობაში დატოვა.

  • გვარამია დამნაშავედ ცნეს უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ე.წ. რეკლამის გაყიდვისა და ავტომანქანის საქმეებზე.
  • NGO-ების, ევროპარლამენტარების, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების განცხადებით, გვარამიას საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია — ისინი პრეზიდენტს მთავარი არხის დამფუძნებლის შეწყალებისკენ მოუწოდებენ.
  • გვარამიას საქმეზე უკიდურეს შეშფოთებას გამოხატავს სახალხო დამცველიც.
  • აშშ-ის საელჩო კი ამბობს, რომ გვარამიას პატიმრობა რისკის ქვეშ აყენებს ქართველი ხალხის მკაფიო არჩევანს.
  • 16 თებერვალს ნიკა გვარამიას გათავისუფლების მოძრაობა შეიქმნა.

დეტალები: პროფესორი ზურაბ პაპასკირი ამბობს, რომ ნიკა გვარამიას თავისუფლება საქართველოს მომავალს სჭირდება.

  • "ნიკა გვარამია რომ უსამართლოდაა დაპატიმრებული, ეს ქვეყანამ იცის,მთელმა საქართველომ იცის, მაგრამ მთავარი ისაა, რომ ეს იცის უკვე ევროპამ. ეს იცის იმ ხალხმა, ვინც ცდილობს, ფიქრობს იმაზე, რომ საქართველო დააბრუნოს ევროპულ ოჯახში და ეს დიდი დამაბრკოლებელი პატიმრობა აუცილებლად უნდა შეწყდეს. გვარამიას თავისუფლება დღეს სჭირდება ჩვენს ქვეყანას", — თქვა მან.
  • პროფესორ-მასწავლებლები აცხადებენ, რომ გვარამიას გათავისუფლებისთვის საკმარისი სამართლებრივი საფუძველი არსებობს.
  • მთავარი არხის დამფუძნებლის შეწყალების თხოვნით პრეზიდენტს უკვე მიმართეს მწერლებმა და ლიტერატორებმა.