თბილისის საქალაქო სასამართლოში ექსპრეზიდენტის ადვოკატის შუამდგომლობით მორიგი სასამართლო პროცესი იმართება, მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელისგან განთავისუფლების ან სასჯელის შემდგომი გადავადების თაობაზე.

რატომ არის მნიშვნელოვანი: უკვე რამდენიმე თვეა ექსპრეზიდენტის ოჯახის წევრები, ექიმები და ადვოკატები მისი ჯანმრთელობის მკვეთრ გაუარესებაზე საუბრობენ და საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანას და სასჯელის გადავადებას ითხოვენ.

  • სააკაშვილის ჯანმრთელობაზე ემპათიის დასკვნაში ნათქვამია, რომ "მოსალოდნელია კომა და სიკვდილი".
  • ნიკოლოზ სააკაშვილის განცხადებით, ექსპრეზიდენტს ნევროლოგიური, ფსიქიატრიული, გასტროენტეროლოგიური და ჰემატოლოგიური დაავადებების რთული კომბინაცია აქვს, ხოლო ამ დაავადებების სათავედ იგი მძიმე მეტალებით მოწამვლას მიიჩნევს, რაც ნელ სიკვდილს იწვევს.

დეტალები: სხდომაზე შალვა ხაჭაპურიძემ ორი შუამდგომლობა დააყენა.

  • იგი მოითხოვს სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელის, მალხაზ ურთმელიძის დაკითხვას და სხვა წინასწარ მოთხოვნილი მოწმეების მოხსნას პროცესიდან.
  • ასევე, ექსპრეზიდენტის ადვოკატი აყენებს შუამდგომლობას, სასამართლოში მოწმის სახით დაიკითხოს საქართველოს იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძე.
  • ხაჭაპურიძის მტკიცებით, იუსტიციის მინისტრის განცხადებები და შეფასებები სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, რომ მიხეილ სააკაშვილი შეგნებულად არ ჭამს და თვითდაზიანებას იყენებს, ცილისწამება და პატიმარზე ზეწოლაა.
  • ადვოკატების სურვილია, სასამართლო პროცესზე ჰკითხონ იუსტიციის მინისტრს, თუ რა მიზეზით არ უწევს სისტემა ექსპრეზიდენტს ადეკვატურ მკურნალობას.

მოსამართლემ ადვოკატების არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და განაცხადა, რომ დამატებითი მოწმის დაკითხვა დროის კარგვაა, ხოლო იუსტიციის მინისტრი არ არის ექსპერტი, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბროს.

  • აცხადებს, რომ სააკაშვილის საქმე რეზონანსულია და "არ შეიძლება ვსდიოთ ყველას, ვინც განცხადებას გააკეთებს".
  • "თქვენ გინდათ რომ მე აქ მოვიყვანო იუსტიციის მინისტრი, თითი ვუქნიო, ყური ავუწიო და გავუშვა", — ამბობს იგი.