პლასტიკური ყვავილები დაკრძალვაზე: პატარა ქალაქის ცხოვრება ბლოკადაში
დაბა ჭართარი, რომელიც მთიანი ყარაბაღის მარტუნის რეგიონში მდებარეობს, მეორე თვეა ბლოკადაშია. გაზის შეფერხების გამო, რამაც საწვავის დეფიციტი და ტრანსპორტის შეზღუდვა გამოიწვია, ზოგიერთი ადგილობრივი მაცხოვრებელი თავს გარე სამყაროსგან ორმაგად მოწყვეტილად გრძნობს.
ბოლო ერთი თვის განმავლობაში სტეფანაკერტის მთავარი ავტოსადგური ჩვეულებრივზე მშვიდი იყო და იქ ერევნისკენ მიმავალ-მომავალი ავტობუსები აღარ მოძრაობენ. საწვავის დეფიციტის გამო, საზოგადოებრივი ტრანსპორტი მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე შეფერხებებით მუშაობს.
სტეფანაკერტის აღმოსავლეთით 78-ე კილომეტრში, ქალაქ ჭართარში, 13-ადგილიანი მიკროავტობუსი განკუთვნილ რაოდენობაზე ორჯერ მეტ მგზავრებს იტევს. მგზავრების ნახევარი ფეხზე დგას. ზამთრის ჩაცმულობით მგზავრობა მიკროავტობუსს კიდევ უფრო არაკომფორტულს ხდის.
მძღოლი ამბობს, რომ ორასზე მეტი მანქანა დგას რიგში ბენზინის შესავსებად და არ იცის, როდის მოვა მისი რიგი.
"ლოდინს აზრი არ აქვს", — ამბობს ის.
ერთი მგზავრი, რომელიც პლასტმასის ყვავილები მიაქვს ჭართარში ნათესავის დაკრძალვაზე, ხუმრობს, რათა დეფიციტის შესახებ საუბარი შეამსუბუქოს.
"არ არის გაზი და ელექტროენერგია. მათ შეუძლიათ წყლის გაწყვეტაც. რისთვის დაგვჭირდება წყალი ამ ცივ ზამთარში", — ხუმრობს ის.
ისინი, ვინც ავტობუსით არ მგზავრობენ, სახლში დასაბრუნებლად ავტოსტოპით მოძრაობენ.
ლაჩინის დერეფანი — მთიანი ყარაბაღის მაშველი ხაზი სომხეთსა და გარე სამყაროსთვის — 12 დეკემბრიდან აზერბაიჯანის მთავრობის მიერ მხარდაჭერილი "ეკო აქტივისტების" მიერაა ბლოკირებული.
ბლოკირებამ საკვებისა და მედიკამენტების მიწოდების თითქმის სრული შეჩერება გამოიწვია, ხოლო რუსი სამშვიდობოების და წითელი ჯვრის იშვიათი ჰუმანიტარული დახმარება მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებს. ასევე, არაერთხელ შეფერხდა რეგიონისთვის ელექტროენერგიის, ინტერნეტისა და ბუნებრივი აირის მიწოდება, რომელიც გასათბობად და სატრანსპორტო საწვავისთვის გამოიყენება.
საწვავის ეს დეფიციტი ნიშნავს, რომ ზოგიერთ რეგიონსა და სტეფანაკერტისგან მოშორებით ხალხი თავს ახლა უფრო იზოლირებულად გრძნობს, ვიდრე ოდესმე.
მთიანი ყარაბაღის პატარა ქალაქი ალყაში
ჭართარში ცხოვრება ძალიან ჰგავს მთიანი ყარაბაღის სოფლების ცხოვრებას. მაგრამ, როგორც მარტუნის ყველაზე დიდი სოფლის დასახლება, იგი ოფიციალურად არის კლასიფიცირებული, როგორც ქალაქი. ქალაქში ცხოვრობს დაახლოებით 4 000 ადამიანი, მათ შორის 200-მდე დევნილი მეორე მთიანი ყარაბაღის ომიდან.
ჭართარის საავადმყოფო მიმდებარე სოფლების მცხოვრებლებს ემსახურება. ბლოკადის გაგრძელების და გათბობის არ ქონის გამო პაციენტები და ექიმები საავადმყოფოში დარჩენას ვერ ახერხებენ. ზოგჯერ ძნელია სატრანსპორტო საშუალების პოვნა, რომ ხალხი საავადმყოფოდან სოფლებში ან პირიქით გადაიყვანონ.
"ბავშვებს აქ ვერ დავიტოვებთ, რადგან შენობა არ თბება; როგორც ხედავთ, ჩვენ წყალს ღუმელზე ვაცხელებთ, რომ ვიმუშაოთ", — ამბობს საავადმყოფოს ექიმი ჰასმიკ ღაჰრამანიანი.
"არ არის სწორი პაციენტების აქ დატოვება და არც მათი ყოველდღე მოსვლა და წასვლა".
მთიანი ყარაბაღს გაზის მიწოდება იანვრის შუა რიცხვებიდან შეუწყდა. დაზიანდა სომხეთიდან გაზის გამტარი მილები, რომლებიც აზერბაიჯანის მიერ დაკავებულ ტერიტორიაზე გადის. რამდენიმე დღის შემდეგ მიწოდება ნაწილობრივ აღდგა, მაგრამ არ არის საკმარისი იმისათვის, რომ შენობები და სხვა ობიექტები მუდმივი გათბობით იყოს უზრუნველყოფილი.
"წამლებიც ძნელი საპოვნელია; არ არსებობს ანტიბიოტიკები, არ არსებობს უბრალო წამლის ტაბლეტები, რომლებიც შემიძლია გამოვწერო ბავშვებისთვის", — ამბობს ღაჰრამანიანი.
"მოზარდებისთვისაც ძალიან რთული სიტუაციაა. ბოლო დღეებში უკვე ოთხი გარდაცვალება გვქონდა. ზოგს წითელი ჯვარი ეხმარება, მაგრამ ამჟამად წამალი არ არის, ხომ გესმით, რომ ავადმყოფობის შემთხვევაში ლოდინი შეუძლებელია".
წითელი ჯვრის შუამავლობით მთიანი ყარაბაღიდან სომხეთის საავადმყოფოებში გადაყვანილია 5 ათამდე პაციენტი, რომლებსაც სასწრაფო სამედიცინო დახმარება ესაჭიროებათ.
ღაჰრამანიანი დასძენს, რომ ზოგიერთი მშობელი ურეკავს მას და ტელეფონით სთხოვს შვილებისთვის მედიკამენტების დანიშვნას.
"მაგრამ როგორ შემიძლია ამის გაკეთება? ბავშვი უნდა ვნახო", — ამბობს ის. "კიდევ ერთი პაციენტი უნდა გაგზავნონ სტეფანაკერტის ტუბერკულოზის დისპანსერში რენტგენოლოგიურად, მაგრამ არ არიან დარწმუნებულები, იქნება თუ არა დენი. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ადამიანს შეუძლია სტეფანაკერტში ბოლო საწვავით წავიდეს და ვეღარ დაბრუნდეს".
"კარგია, რომ ჩვენ გვყავს რამდენიმე ბავშვი, რომლებიც ბავშვის ფორმულას იყენებენ – ასეთი მხოლოდ სამია. დანარჩენები შვილებს ბუნებრივად კვებავენ. ჩვენ გვაქვს მხოლოდ ერთი ყუთი ბავშვის ფორმულა", — ამბობს ღაჰრამანიანი.
25 წლის ტატევ ჰაკობიანი ჭართარის მკვიდრი და ახალშობილის დედაა.
"ისინი ამბობენ, რომ წითელ ჯვარს შემოაქვს [ბავშვის საკვები]", — ამბობს ჰაკობიანი, "მაგრამ ფაქტია, რომ ჩვენამდე არ მოდის".
"ჩვენ ვწუხვართ მათზე — ისინი ჩვენზე"
ბევრი თავის მეზობლებზე უფრო ზრუნავს, ვიდრე საკუთარ თავზე.
"ვიცი, რომ ჩვენს მეზობელ სოფლებში უარესი მდგომარეობაა", — ამბობს ჰაკობიანი. "ძალიან რთულია. როცა ღამით ელექტროენერგია გამორთულია, ოთახი მაშინვე ცივდება", — ამბობს ის და დასძენს, რომ ზოგიერთ დღეს შესაძლოა ელექტროენერგია საერთოდ არ ჰქონდეთ.
ჭართარის 82 წლის მკვიდრი ვიქტორია პოღოსიანი ამბობს, რომ ის "არც კარგად და არც ცუდად" ცხოვრობს და დასძენს, რომ მის ოჯახს "საჭმელად მაინც აქვს".
"თუმცა ხილზე საუბარი ოცნებაა".
ვიქტორია ამბობს, რომ სიტუაცია ყველასთვის ერთნაირი არ არის; "არის ხალხი, ვინც უბრალოდ პურს ნატრულობს".
ზოგი ჭართარში მცხოვრები უფრო მეტად წუხს ქალაქში მყოფ ადამიანებზე, ვიდრე საკუთარ თავზე. მთიანი ყარაბაღის მოსახლეობის უმეტესი ნაწილი გასათბობად გაზს იყენებს, მაგრამ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა შეფერხებები ხდება.
თუმცა გასული წლის გაზის დეფიციტისგან განსხვავებით, ახლა დეფიციტურია ელექტროენერგიაც, რომელიც დღეში სამჯერ, ჯამში 6 საათის განმავლობაში ითიშება.
შედეგად, ხის ღუმელები გათბობის ერთადერთ საიმედო წყაროდ რჩება.
"ჩვენ სოფლის სახლები გვაქვს, შეგვიძლია როგორმე გავათბოთ", — ამბობს ჰასმიკ ღაჰრამანიანი ადგილობრივი საავადმყოფოდან.
"ჩემი ქალიშვილი და მისი შვილები ახლა სტეფანაკერტში ცივდებიან", — ამბობს ის.
გარდა იმისა, რომ ქალაქში სახლები არ არის შესაფერისი ღუმელისთვის, იქ ხალხისთვის შეშის მოპოვება უფრო რთულია, — აღნიშნავს ღაჰრამანიანი. იგი თავად აგროვებს შეშას თავისი ბაღის ხეებიდან.
"ჩვენ ვწუხვართ სტეფანაკერტის მაცხოვრებლებზე", — ამბობს ის, "მათ არ აქვთ საკმარისი შეშა".
ტატევ ჰაკობიანი ღაჰრამანიანის შეშფოთებას ეხმიანება და ამბობს, რომ სოფლად მცხოვრებლებს შესაძლოა ჰქონდეთ უპირატესობა, რადგან მათ აქვთ რესურსები "მიწიდან, ბაღებიდან და პირუტყვიდან".
"მაგრამ ქალაქში ყველაფერი უნდა იყიდო".
"ჩვენ ვნერვიულობთ მათზე, ვინც დედაქალაქშია; ისინი ჩვენზე ზრუნავენ", — ამბობს ჰაკობიანი. "რთულია აქაც და იქაც".
მაგრამ ჰაკობიანისთვის დედაქალაქის მიღმა იზოლაციაში ცხოვრებაც პრობლემაა.
"ყველას სჭირდება სამსახური, მაგრამ ბევრმა დაკარგა. ამიტომ ფული არ არის. გაზი არ არის, რომ მანქანა გაავსო და საჭიროების შემთხვევაში სადმე წახვიდე. ჩვენ თითქოს ბლოკადის შიგნით ბლოკადაში ვართ".
სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
OC Media-ს რედაქცია ამჯობინებს, არ გამოიყენოს ისეთი ტერმინები, როგორიცაა "დე ფაქტო", "არაღიარებული" ან "ნაწილობრივ აღიარებული", როდესაც სტატია ეხება ოკუპირებულ აფხაზეთს ან ე.წ. სამხრეთ ოსეთს, ასევე, მთიან ყარაბაღს. ეს არ ასახავს რედაქციის პოზიციას მათ სტატუსთან დაკავშირებით.
კომენტარები