სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.

OC Media-ს რედაქცია ამჯობინებს, არ გამოიყენოს ისეთი ტერმინები, როგორიცაა "დე ფაქტო", "არაღიარებული" ან "ნაწილობრივ აღიარებული", როდესაც სტატია ეხება ოკუპირებულ აფხაზეთს ან ე.წ. სამხრეთ ოსეთს, ასევე, მთიან ყარაბაღს. ეს არ ასახავს რედაქციის პოზიციას მათ სტატუსთან დაკავშირებით.

აფხაზეთში მოწყვლადი ადამიანები, რომლებიც სახლებს არ ფლობენ, შესაძლოა, მთავრობისგან უგულებელყოფილები და ცუდ საცხოვრებელ პირობებში აღმოჩნდნენ. მაგრამ ზოგიერთი ოჯახი, რომელსაც ოპოზიცია უჭერს მხარს, აპირებს, ეს შეცვალოს.

გასულ კვირას, სოხუმში, ქირავნობის ციკლებითა და სიღარიბით იმედგაცრუებულმა მომიტინგეებმა საქმე ხელში აიღეს, მთავრობისგან ფინანსური დახმარება და მიტოვებული შენობების გაჭირვებულთათვის საცხოვრებლად გამოყენება მოითხოვეს.

დაახლოებით 100 ადამიანი, რომელიც 17 და 20 იანვარს გამართულ აქციებს ესწრებოდა, ძირითადად მრავალშვილიანი, დაბალშემოსავლიანი ოჯახების წევრები იყვნენ, რომლებიც სახლს ქირაობენ და სახელმწიფოს სთხოვდნენ მათთვის ფინანსური დახმარება გაეწია საცხოვრებლის შესაძენად.

აფხაზეთის მთავრობა საცხოვრებლის მწვავე საჭიროების მქონე პირებს განმარტავს, როგორც ხუთი და მეტი შვილის მყოლე ოჯახებს, ობლებს, პირველ ქართულ-აფხაზურ ომში მძიმედ დაშავებულ ადამიანებს და მათ, ვისაც ჰყავთ მინიმუმ სამი შვილი, რომელთაგან ერთი მაინც შეზღუდული შესაძლებლობის მქონეა.

მაგრამ საპროტესტო აქციების ბევრი მონაწილის პირობები, მიუხედავად იმისა, რომ მათ არ აქვთ უფლება მიიღონ საბინაო მხარდაჭერა, კვლავ რთულია. დაბალი შემოსავლის მქონე მრავალშვილიანი ოჯახებისთვის კი საცხოვრებლის არქონა კიდევ უფრო ამძაფრებს მათ წინაშე არსებულ სხვა პრობლემებს, როგორიცაა: დაბალი ხელფასი, ბავშვზე ზრუნვის გამო მუშაობაზე უარის თქმა, ჯანმრთელობის გაუარესება.

აქციის მონაწილეები ითხოვენ მიტოვებული შენობის გადაკეთებას გაჭირვებული ოჯახებისთვის საცხოვრებლად.

აქციის მონაწილეები ითხოვენ მიტოვებული შენობის გადაკეთებას გაჭირვებული ოჯახებისთვის საცხოვრებლად.

ფოტო: OC Media

ელისო გოგოხიას, მაგალითად, ოთხი შვილი ჰყავს. მეუღლესთან ერთად ექვსსულიანი ოჯახი ერთოთახიან ბინაში ცხოვრობს. ოჯახი დამოკიდებულია გოგოხიას ქმრის ხელფასზე, რომელიც თვეში 15 000 რუბლს ($215) შეადგენს — ძლივს ყოფნის იმას რომ გადარჩნენ, რომ აღარაფერი ვთქვათ მათი ცხოვრების პირობების შეცვლაზე ან გაუმჯობესებაზე. რაიმე სხვა პერსპექტივის არ არსებობის გამო, გოგოხიამ გადაწყვიტა საპროტესტო აქციებს შეერთებოდა.

მაგრამ მომიტინგეები 20 იანვარს მხოლოდ ფინანსურ მხარდაჭერას არ ითხოვდნენ. სახელმწიფოსგან საბინაო მხარდაჭერის მოთხოვნის გარდა, აქციის მონაწილეებმა იპოვეს მიტოვებული შენობა, რომელიც მათი შეფასებით, მათივე საჭიროებებს დააკმაყოფილებს.

სოხუმის ახალ უბანში დაუმთავრებელი ცხრასართულიანი შენობის დასრულება თავდაპირველად 1992 წლის სექტემბერში იყო დაგეგმილი. თუმცა, აფხაზეთის ომის დაწყების შემდეგ შენობა დაუმთავრებელი დარჩა. ოცდაათი წლის მერე, სახლს კვლავ აკლია ფანჯრები, კარები და სახურავი.

აქციის მონაწილეები შენობაში არსებული საცხოვრებელი ფართის გაჭირვებულთათვის დარიგებას ითხოვდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ქალაქის ადმინისტრაციის წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ ეს შეუძლებელი იყო, რადგან შენობა კერძო კომპანიას იჯარით გადაეცა, მომიტინგეები ამბობენ, რომ სამთავრობო უწყებამ, რომელიც აღრიცხავს შენობის მფლობელობას, განაცხადა, რომ სახლი არავის საკუთრებაშია.

მეორე პროტესტმა ასევე მიიპყრო პოლიციისა და სახელმწიფო უსაფრთხოების თანამშრომლების ყურადღება, რომლებიც სოხუმის საკრებულოს უფროსის მოადგილესთან, ავთანდილ სურმანიძესთან ერთად იმყოფებოდნენ.

სურმანიძემ განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ აცნობიერებს წამოჭრილ საკითხს, პროტესტი და შენობის მიტაცების მცდელობა მიუღებლად მიიჩნია.

სოხუმის საკრებულოს უფროსის მოადგილე ავთანდილ სურმანიძე.

სოხუმის საკრებულოს უფროსის მოადგილე ავთანდილ სურმანიძე.

ფოტო: სქრინშოტი / Abaza TV

"პრობლემა ყველას ესმის, ხალხი გაჭირვებულია, მაგრამ ასეთ მეთოდებს ვერ გამოიყენებ. ვფიქრობ, მათ მოუსმენენ და საბოლოო ჯამში რაღაც შედეგს მივაღწევთ. ძალიან ბევრი გაჭირვებული ადამიანია", — განუცხადა ჩინოვნიკმა ტელეკომპანია აბაზას.

სურმანიძემ აღიარა, რომ აფხაზეთში საცხოვრებლის პრობლემა არსებობს, რაც დაკავშირებულია საცხოვრებლის საკუთრების ნახევრად ლეგალურ რეგისტრაციასთან.

"აფხაზეთში ძალიან სერიოზული პრობლემებია, იცით. ერთს აქვს ხუთი-ექვსი ბინა, ხუთი სახლი. უკვე ყველაფერი გაფორმებული აქვთ და სხვა ასე იტანჯება. მერე ხალხი მიდის და სახლებს ართმევს. არ ვიცი..." — განაცხადა სურმანიძემ.

მოთხოვნა და მიწოდება

აფხაზეთის სოციალური უზრუნველყოფისა და დემოგრაფიული პოლიტიკის სამინისტროს ინფორმაციით, გასულ წელს, 2023–2025 წლების საბინაო პროგრამაში, რომელიც მთელი აფხაზეთის მასშტაბით მოქმედებს, დახმარების მისაღებად 416 განაცხადი შევიდა.

ამ განმცხადებელთაგან 175-ს ჰყავდა სამი შვილი, 91-ს კი ოთხი; 44 აფხაზეთის ომში დაღუპულთა ოჯახიდან იყო, 16 ობოლი, 23 მძიმე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე, 25-ს კი შშმ ბავშვი ჰყავდა.

საბინაო მხარდაჭერის ბიუჯეტი 2023 წლისთვის არის 60 მილიონი ₽ ($870,000). პროგრამა შექმნილია 110-მდე ოჯახის მხარდასაჭერად და მაქსიმალური თანხად, რომელიც შეიძლება გამოეყოს ერთ ოჯახს საცხოვრებლის შესაძენად, დაწესებულია 1.2 მილიონი ₽ ($17,000). შესაბამისად, შეიძლება მხარდაჭერა 60-ზე ნაკლებმა ოჯახმა მიიღოს.

კრისტინა ენგლასი ერთ-ერთია, ვინც იმედოვნებს, რომ მიიღებს საბინაო მოწმობას. ჰყავს სამი შვილი, რომელთაგან ერთს ცერებრული დამბლა აქვს.

მიუხედავად იმისა, რომ მისი განაცხადი საბინაო მხარდაჭერის თაობაზე შარშან უარყვეს, ის ხელახლა წარადგენს მისი შვილის შეზღუდული შესაძლებლობების დამადასტურებელ დოკუმენტებს. და იმედოვნებს, რომ რთული ცხოვრებისეული სიტუაციის გათვალისწინებით, მისი განაცხადი წელს დაკმაყოფილდება.

"მე და ჩემი სამი შვილი მშობლების სახლში ვცხოვრობთ. ძალიან ძველია და არ აქვს ტუალეტი და აბაზანა. ძალიან რთულია ასე ცხოვრება ბავშვთან, რომელსაც არ შეუძლია სიარული", — განუცხადა მან აბაზა TV-ს.

კრისტინა ენგლასი და რომეო ჩერქეზია

კრისტინა ენგლასი და რომეო ჩერქეზია

ფოტო: სქრინშოტი / Abaza TV

სოციალური უზრუნველყოფისა და დემოგრაფიული პოლიტიკის სამინისტროს წარმომადგენელმა, რომეო ჩერქეზიამ აბაზა TV-ს განუცხადა, რომ ენგლასი საბინაო დახმარებას მიიღებს. იმის გათვალისწინებით, რომ დამლაგებლად მუშაობს და სამ შვილს ზრდის, ის მიიღებს მაქსიმალურ თანხას, რათა უზრუნველყოს კეთილმოწყობილი ბინის ყიდვა, რადგან ის თავად ვერ შეძლებს მის შეკეთებას ან კეთილმოწყობას.

ახალი სტრატეგია


საბინაო 2023-25 პროგრამის დაწყებამდე სხვა, მსგავსი პროგრამები გაჭირვებულებს საცხოვრებლით უზრუნველყოფდა.

ჩერქეზია აცხადებს, რომ ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ბინების შესაძენად 154-მა ოჯახმა მიიღო მხარდაჭერა. ის დასძენს, რომ საბინაო მხარდაჭერის კანდიდატების შერჩევა საფუძვლიანია და ჭორები იმის შესახებ, რომ სახელმწიფო დახმარება დროდადრო ნაწილდება მათთვის, ვინც ოფიციალურ კრიტერიუმებს არ აკმაყოფილებს, სიმართლეს არ შეესაბამება.

ოფიციალური პირის თქმით, ზოგიერთი მათგანი, ვინც ახლა მოითხოვს საცხოვრებელს, ადრე ფლობდა ფართს, მაგრამ გაყიდა. ბევრს აქვს სახლები სოფლებში, მაგრამ სურთ ქალაქში ცხოვრება, რადგან მათი შვილები სკოლებში არიან, თვითონ კი სამუშაოზე.

გასულ კვირას მომიტინგეები ითხოვდნენ საცხოვრებელ ფართს ნებისმიერ პირობებში, ზოგიერთმა თქვა, რომ ისინი მზად იყვნენ აეღოთ თუნდაც შიშველი კედლები და იატაკი დაუმთავრებელ მაღალსართულიან კორპუსში.

მომიტინგეები სოხუმის ახალ უბანში მიტოვებულ მაღალსართულიან კორპუსთან შეიკრიბნენ.

მომიტინგეები სოხუმის ახალ უბანში მიტოვებულ მაღალსართულიან კორპუსთან შეიკრიბნენ.

ფოტო: OC Media

პროტესტის მონაწილეები აცხადებენ, რომ ისინი მიმართავენ ამ ქმედებებს მხოლოდ იმიტომ, რომ მათ უკვე სცადეს ყველა სხვა შესაძლო ვარიანტი.

მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი დაინტერესდა შეღავათიანი იპოთეკით, ასეთი სქემები აფხაზეთში არ არსებობს. შეუძლებელია მიზნობრივი სესხის აღება სახლის შესაძენად, ხოლო სესხის ამჟამინდელი განაკვეთები მაღალია; სესხის მინიმალური საპროცენტო განაკვეთი არის 28% წელიწადში.

აქცია დაუმთავრებელ ცხრასართულიან კორპუსში პერსპექტიულ ნოტაზე დასრულდა, როდესაც ოპოზიციის ლიდერი და ეკონომიკის ყოფილი მინისტრი ადგურ არძინბა სასიხარულო ამბით მივიდა: ის დაუკავშირდა პრემიერ-მინისტრ ალექსანდრე ანქვაბს და ისინი ერთად გამოცხადდნენ ახალი სტრატეგიით.

საპროტესტო აქციებში მონაწილე 29 ოჯახის სიას მთავრობა განიხილავს და ისინი, ვინც საცხოვრებელს მწვავედ საჭიროებს, ფინანსურ დახმარებას მიიღებენ. პრემიერ-მინისტრმა ასევე პირობა დადო, რომ განიხილავს საბინაო 2023-25 წლების პროგრამის დაფინანსების გაზრდას და იმ კრიტერიუმების გაფართოებას, რაც ადამიანებს უფასო საცხოვრებლის უფლებას აძლევს.

"ფაქტობრივად ფული არის, რადგან გავიგეთ ბიუჯეტის ჭარბი და გადაჭარბებული შესრულების შესახებ", — განაცხადა არძინბამ აქციაზე.

იმის ფონზე, როცა მთავრობა მომავალი წლის გეგმებსა და ბიუჯეტს განიხილავს, საგულისხმოა, როდის და მიაღწევს თუ არა თანხა ყველაზე გაჭირვებულ ოჯახებს.

მაგრამ იმ შემთხვევაშიც კი, თუ რამდენიმე ოჯახი მოახერხებს საკუთარი ადგილის შეძენას, ერთჯერადი დახმარება დარჩება უფრო ფართო ძირეული საკითხების პალიატიურ მკურნალობად. შემოსავალი რჩება დაბალი, არასტაბილურობა მაღალი და ბევრი ჯერ კიდევ იბრძვის საცხოვრებლის საშოვნელად. აფხაზეთის საბინაო საკითხების გრძელვადიანი გადაწყვეტა, როგორც ჩანს, უახლოეს მომავალში ნაკლებად სავარაუდოა.