შავი ჭირის წინამორბედი ბრინჯაოს ხანის ცხვარში აღმოაჩინეს — რას ნიშნავს ეს
ეს პირველი შემთხვევაა, როცა LNBA-ს ჭირი, ადამიანის გარდა, სხვა სახეობაშიც აღმოაჩინეს.

ფოტო: Dani Mettler/Flickr/CC BY-SA 2.0
4 000 წლის წინ მცხოვრები, ბრინჯაოს ხანის, ცხვრის კბილში იმ ბაქტერიის წინამორბედი აღმოაჩინეს, რომელიც შავი ჭირის გავრცელებაზეა პასუხისმგებელი.
ათასი წლის შემდეგ ამ პათოგენის შთამომავლებმა პანდემია გამოიწვია, რომელმაც მილიონობით ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ასეთი პანდემიებია, მათ შორის, მე-6 საუკუნეში გავრცელებული იუსტინიანეს ჭირი და შავი ჭირი, რომელიც მე-14 საუკუნეში მძვინვარებდა.
ახალი კვლევა გვახსენებს, რომ ჭირის მსგავსი დაავადებების შესწავლისას მხოლოდ ადამიანთა ნაშთებზე არ უნდა ვიყოთ კონცენტრირებულნი და მნიშვნელოვანია, მათ გარშემო არსებული სხვა ცხოველებიც გავითვალისწინოთ.
ნაშრომი სფეროს სპეციალისტებს ჯერ არ მიმოუხილავთ. იგი პრეპრინტების პლატფორმა bioRxiv-ზეა ატვირთული.
ადამიანთა პათოგენების უმრავლესობა ზოონოტური წარმომავლობისაა. ბევრი მათგანი, სავარაუდოდ, პრეისტორიულ დასახლებებში წარმოიშვა, სადაც ადამიანთა და პირუტყვთა თანაცხოვრება ბევრი დაავადების გავრცელების შესაძლებლობას ქმნიდა.
შავი ჭირის გამომწვევი ბაქტერია, სახელად Yersinia pestis, უძველესი დნმ-ის გამოყენებით კარგადაა შესწავლილი. მეცნიერებმა იგი 200-ამდე გენომიდან აღადგინეს, რომლებიც ადამიანთა ნაშთებიდან მოიპოვეს. მიუხედავად ამისა, სხვა სახეობებში შავი ჭირის გავრცელებაზე ძალიან ცოტა რამ ვიცით. არსებული ცოდნაც ძირითადად ერთი არასრული გენომის შესწავლამ მოგვცა, რომელიც შუა საუკუნეების ვირთხისგან აღადგინეს.
ცნობილია, რომ ჭირის გამომწვევი ბაქტერიის ყველა თანამედროვე სახეობას საერთო წინაპარი ჰყავს. იგი ევრაზიაში არსებობდა გვიანი ნეოლითისა და ადრეული ბრინჯაოს ხანებში, დაახლოებით 3 800 წლის წინ.
მეცხოველეობა მაშინ შედარებით ახალი დამკვიდრებული იყო, რადგან ადამიანები სულ რამდენიმე ათასწლეულით ადრე გადავიდნენ შემგროვებლობიდან საკვების მოშენებაზე. ამ დროს დასახლებები სავსე იყო მოშინაურებული ცხოველებით, მათი სიმრავლე და ადამიანებთან სიახლოვე კი დაავადებების გავრცელების დიდ რისკებს ქმნიდა.
"ჰიპოთეზის თანახმად, ცხვრების, თხების, ღორებისა და ძროხების მოშინაურება და მათთან თანაცხოვრება ერთ-ერთი მთავარი მიზეზია, რომლის გამოც ადამიანებისთვის მომაკვდინებელი პათოგენების გაჩნდა. ეს პათოგენები ისეთ დაავადებებს იწვევს, როგორებიცაა, მაგალითად, ტუბერკულოზი, სალმონელოზი, წითელა და ჭირი", — აღნიშნავენ მკვლევრები.
ერთ-ერთი პირველი ადგილი, სადაც შეიძლებოდა ჭირი გავრცელებულიყო, არკაიმია — ბრინჯაოს ხანის დასახლება სამხრეთ ურალის მთებში, დღევანდელი რუსეთის ტერიტორიაზე.
არკაიმის ხედი
იმ დროს Y. pestis-ის ადრეული ფორმა ევრაზიაში პერიოდულად ვრცელდებოდა, თუმცა გენეტიკური მახასიათებლები არ მიანიშნებს, რომ იგი რწყილებს გადაჰქონდათ. შესაბამისად, უნდა დავასკვნათ, რომ ჭირი არა რწყილების საშუალებით, არამედ სხვა გზებით ვრცელდებოდა.
გვიან ნეოლით-ბრინჯაოს ხანის (LNBA) გენეტიკური შტამი მეცნიერებმა ადამიანთა უამრავ ნაშთში აღმოაჩინეს, ევრაზიის ტერიტორიაზე, თუმცა იგი სხვა სახეობების ნაშთებში არ გვხვდება. ჭირის ეს სახეობა დღესდღეობით გამქრალია. მეორე მხრივ, კვლევის თანახმად, LNBA-ს ჭირი ორი ათასწლეულის განმავლობაში მძვინვარებდა, ძვ.წ. 2 900-500 წლებში.
დაახლოებით 4000 წლის წინ ჯირითი განვითარდა, ამან კი მეცხოველეობის დამკვიდრებას მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ცენტრალური აზიის სინტაშტის კულტურაში.
როგორც კვლევის ავტორები აღნიშნავენ, ნახირს LNBA ძირითადად ველური მღრღნელებისა და ჩიტებისგან გადაეცემოდა. ამის გამო ჭირი ადამიანებში რწყილების გარეშეც მარტივად ვრცელდებოდა.
ძალიან ცოტა რამ ამტკიცებს, რომ სინტაშტურ დასახლებებში მოსავალი მოჰყავდათ. ეს იმას ნიშნავს, რომ მათ არ ექნებოდათ მარცვლეულის საწყობები, რომელთაც რწყილებით სავსე ვირთხები შეესეოდნენ. ამიტომ უნდა ვივარაუდოთ, რომ LNBA-ს ჭირი ადამიანებში ცხვრებისა და სხვა პირუტყვისგან გავრცელდა.
"LNBA-ს ჭირით დაავადებული ბრინჯაოს ხანის ცხვრის აღმოჩენა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ამან უზარმაზარი მინიშნება მოგვცა, თუ როგორ შეიძლებოდა, იმ დროს ჭირი რწყილების გარეშე გავრცელებულიყო", — ამბობს ტეილორ ჰერმესი, ანთროპოლოგი არკანზასის უნივერსიტეტიდან.
ეს პირველი შემთხვევაა, როცა LNBA-ს ჭირი, ადამიანის გარდა, სხვა სახეობაშიც აღმოაჩინეს და ამ პათოგენის გენომის აღდგენა მოახერხეს. ზოგადად, ეს ძალიან რთული საქმეა, რადგან პირუტყვის ნაშთი, როგორც წესი, უფრო გაბნეული და დაშლილია.
აღნიშნულმა კვლევამ, შესაძლოა, ჭირის გამომწვევი ბაქტერიის ევოლუციის ისტორიას მოჰფინოს ნათელი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მსოფლიოს ზოგ ნაწილში ჭირი ჯერაც დიდ საფრთხეს წარმოადგენს.
კომენტარები