შესაძლოა, ახლო ვარსკვლავების აფეთქებას დედამიწაზე 2 მასიური გადაშენება გამოეწვია

ფოტო: NASA's Goddard Space Flight Center
მეცნიერებმა დაადგინეს, რომ დედამიწაზე მომხდარი ორი მასობრივი გადაშენება — გვიან ორდოვიციული და დევონური — მზის სისტემასთან ახლომდებარე ვარსკვლავების აფეთქების პერიოდს ემთხვევა. შესაბამისად, ფიქრობენ, რომ შესაძლებელია, ეს მოვლენები ერთმანეთთან იყოს დაკავშირებული.
"ვარსკვლავების აფეთქება სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული პროცესია. თუ დედამიწასთან ახლოს მასიური მნათობი აფეთქდება, ეს პლანეტაზე არსებული სიცოცხლისთვის დამღუპველი იქნება. ჩვენი კვლევა მიანიშნებს, რომ ასეთი რამ უკვე მოხდა", — ამბობს ასტროფიზიკოსი ნიკ რაიტი.
სუპერნოვად, ანუ ზეახალ ვარსკვლავად გადაქცევა მზეზე მინიმუმ რვაჯერ მასიური მნათობების შედარებით ხანმოკლე სიცოცხლის ციკლის ბუნებრივი დასასრულია. ეს მაშინ ხდება, როცა მათ შუაგულში სათანადო ბირთვული რეაქციები ვეღარ მიმდინარეობს, რაც ენერგიული აფეთქებით სრულდება. ამის შედეგად კოსმოსურ სივრცეში გამოთავისუფლებული რადიაცია იმდენად ძლიერია, რომ დედამიწის ოზონის შრის განადგურება შეუძლია.
მსგავსი რამ რომ მომხდარიყო, ხმელეთამდე ჭარბი ულტრაიისფერი გამოსხივება მოაღწევდა და ეკოლოგიურ კატასტროფას გამოიწვევდა. დაახლოებით ისეთს, როგორიც დასაწყისში ნახსენები მასიური გადაშენებებია. მათგან ერთი 445 მილიონი წლის წინ დაფიქსირდა, მეორე კი — 372 მილიონი წლის წინ. ამასთან, ორივე მათგანს ოზონის შრის განადგურება ერთოდა თან, რაც მეცნიერთა ჰიპოთეზას დაედო საფუძვლად.
მათ მზისგან დაახლოებით 3 260 სინათლის წლის რადიუსში OB ტიპის მასიური ვარსკვლავები შეისწავლეს. მათი ხანმოკლე სიცოცხლის გამო ამჟამინდელი რაოდენობით აფეთქებების სიხშირის გამოთვლაა შესაძლებელი. ჯამში სპეციალისტებმა 24 706 ასეთი ობიექტი გამოავლინეს, რისი მიხედვითაც დაასკვნეს, რომ ჩვენს გალაქტიკაში ყოველ 1 მილიონ წელში 15-30 OB ვარსკვლავი ფეთქდება.
შემდეგ ავტორებმა მზის გარშემო რადიუსი 65 სინათლის წლამდე შეამცირეს. დადგინდა, რომ იქ სუპერნოვას სიხშირე 1 მილიარდ წელში 2.5-ია, რაც დედამიწის ზემოხსენებული მასობრივი გადაშენებების პერიოდებს ემთხვევა.
ამჟამად დედამიწის მახლობლად აფეთქების პირას მყოფი ვარსკვლავები არაა, ამიტომ უახლოეს მომავალში საფრთხე არ გვემუქრება. სიცოცხლის ბოლო ეტაპზე მყოფი ანტარესი და ბეთელგეიზე ჩვენთან იმდენად მცირე დისტანციაზე არაა, თანაც მათ აფეთქებამდე კიდევ ათასობით ან მილიონზე მეტი წელია.
ახალი ნაშრომი arXiv-ზეა ხელმისაწვდომი და მალე გამოცემაში Monthly Notices of the Royal Astronomical Society გამოქვეყნდება.
კომენტარები