გენეტიკა თუ აღზრდა? — რა იწვევს პიტბულის აგრესიულობას
ბოლო პერიოდში, საქართველოში პიტბულის მიერ ადამიანზე თავდასხმის რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა. პიტბულმა ჯერ ვარკეთილში დაგლიჯა 3 ადამიანი, თავისი პატრონის ჩათვლით, ხოლო მეორე შემთხვევაში, იმავე ჯიშის ძაღლი რუსთავში 4 ადამიანს დაესხა თავს. ამ შემთხვევებმა საზოგადოების აზრი ორ ნაწილად დაყო: ზოგი მიიჩნევს, რომ პიტბული აგრესიული ჯიშის ძაღლია, ხოლო სხვები პასუხისმგებლობას პატრონს აკისრებენ.
სტატიაში განვიხილავთ, თუ რომელი ფაქტორი, გენეტიკა თუ აღზრდა, თამაშობს როლს პიტბულის მიერ აგრესიის გამოვლენაში და, ზოგადად, არის თუ არა ის ყველაზე აგრესიული ჯიშის ძაღლი?
კვლევები, რომლებიც ძაღლებში აგრესიის მემკვიდრეობითობაზე მიუთითებს
2009 წელს ფილადელფიის ბავშვთა ჰოსპიტალმა გამოუშვა ძაღლის ნაკბენის შედეგად მიღებულ დაზიანებებზე 5-წლიანი მიმოხილვა. ამ უკანასკნელის მიხედვით, თავდასხმების 51% სწორედ პიტბულებს უკავშირდებოდა.
იმავე წელს American Journal of Forensic Medicine and Pathology-ში გამოქვეყნდა კიდევ ერთი კვლევა, რომელიც მიმოიხილავდა ძაღლების მიერ დაკბენის ფატალური შემთხვევების 15-წლიან ისტორიას და ცხადყო, რომ პიტბულები, გერმანულ ნაგაზებსა და როტვეილერებთან ერთად, კენტუკის შტატში ძაღლების მიერ ფატალური თავდასხმების გამოწვევის სიის სათავეში არიან.
2011 წელს Annals of Surgery-ში ასევე გამოქვეყნდა კვლევა, რომელმაც დაასკვნა, რომ, ძაღლების სხვა ჯიშებთან შედარებით, პიტბულის თავდასხმები იწვევს უფრო მაღალ სამედიცინო ხარჯებს, სიკვდილიანობის რისკსა და ავადმყოფობის მაჩვენებელს.
2019 წლის Proceedings of the Royal Society B-ში გამოქვეყნებული კიდევ ერთი კვლევა აერთიანებს 101 ჯიშის 14 000 ძაღლის ქცევით და საშუალო გენოტიპურ მონაცემებს ძაღლის გენომში 100 000-ზე მეტი ადგილიდან. ამ მონაცემებზე დაყრდნობით, მკვლევრებმა თითოეულ ჯიშს მიანიჭეს ქულა 14 განსხვავებული ქცევისთვის, შემდეგ კი მოიძიეს საერთო გენეტიკური მსგავსება ჯიშებს შორის, რომლებსაც მსგავსი ქულები ჰქონდათ. ისეთი თვისებებისთვის, როგორიცაა აგრესია უცხო ადამიანების მიმართ, გაწვრთნადობა და დევნა, მკვლევრებმა დაადგინეს, რომ გენები ხელს უწყობს 60-დან 70%-მდე ქცევით ცვალებადობას ჯიშებს შორის. მაგალითად, პუდელებსა და ბორდერ-კოლიებს ჰქონდათ უფრო მაღალი ქულები გაწვრთნადობაში, ხოლო ჩიხუახუებსა და ტაქსებს უფრო მაღალი აგრესია აღმოაჩნდათ უცხო ადამიანების მიმართ.
2019 წლის კვლევის დასკვნა თანხვედრაშია ალექსანდრა სემიონოვას, ძაღლების "ბიჰევიორისტისა" და ნიდერლანდების SPCA-ს ყოფილი ინსპექტორის აზრთან, რომ აგრესიულ ძაღლებში ქცევა მემკვიდრეობითია და "მხოლოდ 1%-იანი შანსი არსებობს იმისა, რომ მებრძოლი ჯიშის ძაღლების პატრონები გარშემომყოფებს საფრთხეს არ შეუქმნიან".
ეს არასრული ჩამონათვალია იმ კვლევებისა, რომლებიც მხარს უჭერს მტკიცებას პიტბულის თანდაყოლილ აგრესიასთან დაკავშირებით. თუმცა, არსებობს კვლევებიც, რომლებიც საპირისპიროს ამტკიცებს და ცხოველში აგრესიის გამოვლენის პასუხისმგებლობას პატრონს აკისრებს.
კვლევები, რომლის მიხედვითაც, ძაღლებში აგრესია დასწავლადია
2009 წელს პენსილვანიის უნივერსიტეტმა გამოაქვეყნა კვლევა, რომელიც მოიცავდა ძაღლების პატრონების მიერ შევსებულ 140 კითხვარს. კვლევამ დაასკვნა, რომ ძაღლების აგრესიული მეთოდით წვრთნა იწვევდა აგრესიულ პასუხს, ხოლო ნეიტრალური გაწვრთნის ტექნიკები, როგორებიცაა: დამატებითი ვარჯიში და ჯილდოები, ძაღლებში იშვიათად წარმოშობდა აგრესიულ უკუკავშირს.
ასევე აღსანიშნავია, რომ 2006 წელს Journal of Interpersonal Violence-ის მიერ ჩატარებულ კვლევაში აღმოაჩინეს, რომ ყველაზე აგრესიულ ძაღლებს ფლობდნენ ადამიანები, რომლებსაც ჰქონდათ აგრესიული დანაშაულების (ალკოჰოლის გადაჭარბება, ნარკოტიკები, ოჯახური ძალადობა, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვა ან უპასუხისმგებლო გამოყენება) კრიმინალური ისტორია.
2022 წლის აპრილში გამოქვეყნებულ კვლევაში, მეცნიერებმა შეისწავლეს 2155 წმინდა და შერეული სისხლის ძაღლის დნმ და შეადარეს ძაღლების პატრონების მიერ შევსებულ 18 385 კითხვარს. კვლევის მიხედვით, "მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ფიზიკური თვისება ჯიშთანაა დაკავშირებული, ქცევა კონკრეტული ძაღლის მიხედვით ვარირებს".
ქცევით თვისებებს შორის ყველაზე მემკვიდრეობითი აღმოჩნდა ძაღლების რეაგირების უნარი ადამიანის მითითებებზე, თუმცა ეს უნარიც ცალკეულ ძაღლებს შორის განსხვავდებოდა. რაც შეეხება ნაკლებად მემკვიდრეობით ნიშანს, ეს საშიშ ან უსიამოვნო სტიმულზე რეაგირება იყო. კვლევამ ისიც აჩვენა, რომ ძაღლის ქცევას მისი ზომა დიდწილად არ განაპირობებს.
კვლევის თანახმად, ძაღლის ქცევის მხოლოდ 9% აიხსნება მისი ჯიშით. ძაღლები, რომლებიც მიეკუთვნებოდნენ ერთსა და იმავე ჯიშს, რეალურად, ძალიან განსხვავდებოდნენ ხასიათისა და ქცევის მიხედვით. "ამგვარად, ძაღლის ჯიში, ზოგადად, ინდივიდუალური ქცევის ცუდი პროგნოზია და არ უნდა გამოიყენოთ შინაური ცხოველის შერჩევასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღებისას", — ნათქვამია კვლევაში.
აღსანიშნავია ისიც, რომ ბევრი ადამიანი ეჭვქვეშ აყენებს პიტბულების მემკვიდრეობით აგრესიაზე ჩატარებული კვლევების სიზუსტეს. მათი მთავარი არგუმენტი ისაა, რომ მცირე ზომის ძაღლები მეტ აგრესიას ავლენენ, თუმცა, მათი ზომიდან გამომდინარე, სერიოზულ შეშფოთებას არ იწვევენ. პიტბულების შემთხვევაში კი, ზომისა და ფიზიკური მონაცემებიდან გამომდინარე, მათ მიერ გამოვლენილი ნებისმიერი ტიპის აგრესიას უფრო ხშირად იტყობინებიან.
პიტბულების მოშენების ისტორია
ცხოველთა მიმართ სისასტიკის პრევენციის ამერიკული საზოგადოების (ASPCA) მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ ძაღლის გენეტიკა მის ფიზიკურ მახასიათებლებსა და გარკვეულ ქცევებზე ახდენს გავლენას, არსებობს ქცევათა უზარმაზარი ცვალებადობა ერთი და იმავე ჯიშის ინდივიდებს შორის. არ უნდა უგულებელვყოთ ის ფაქტიც, რომ ძაღლის ზოგიერთი ჯიში ახლა სრულიად განსხვავებული სამუშაოებისთვის გამოიყვანეს, ვიდრე თავდაპირველად. მაგალითისთვის, გოლდენ რეტრივერის გარკვეული ჯიშები ახლა მოშენებულები არიან მომსახურე ძაღლებად, თუმცა აქამდე მათ ფუნქციას ჩამოვარდნილი ფრინველების პოვნა წარმოადგენდა.
დღევანდელი პიტბულები ინგლისური ხართან მებრძოლი ძაღლების შთამომავლები არიან. მათ მთავარ საქმეს ხარებთან, დათვებსა და სხვა დიდ ცხოველებთან ბრძოლა წარმოადგენდა, თუმცა როცა მე-19 საუკუნეში ამგვარი ორთაბრძოლები აიკრძალა, ადამიანებმა ძაღლების ერთმანეთთან შეჯიბრება დაიწყეს. შესაბამისად, ზოგიერთი პიტბული ძაღლებთან საბრძოლველად მოაშენეს, თუმცა ზოგიერთი ასევე სპეციალურად გამოიყვანეს სხვადასხვა სამუშაოს შესასრულებლად ან უბრალოდ თანხლებისთვის. პიტბულები ნელ-ნელა პოპულარულ შინაურ ცხოველებად გადაიქცნენ, რადგან, ადამიანები მიიჩნევდნენ, რომ ისინი გამოირჩეოდნენ სინაზითა და სიყვარულისა და ერთგულების უნარებით. აღსანიშნავია ისიც, რომ სხვა ცხოველებთან ორთაბრძოლისთვის გამოყვანილი პიტბულებიც კი არ იყვნენ აგრესიულები ადამიანების მიმართ, რადგან მათ მიერ ადამიანისკენ მიმართული ნებისმიერი აგრესიული ქმედება მკაცრად ისჯებოდა.
მოსაზრებების შეჯამება
ASPCA-ს მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ ძაღლის გენეტიკა შეიძლება მიდრეკილი იყოს კონკრეტული ქცევებისკენ, იგი ვაკუუმში არ არსებობს, არამედ ქცევა ვითარდება გარემოსა და გენეტიკას შორის რთული ურთიერთქმედების გზით. ბევრი ფაქტორი გავლენას ახდენს ქცევის განვითარებაზე, მათ შორის, ადრეული კვება, ორსულობის დროს დედის მიერ განცდილი სტრესის დონე და საშვილოსნოს ტემპერატურაც კი. როდესაც საქმე ეხება ინდივიდუალური ძაღლის ქცევაზე ზემოქმედებას, ისეთი ფაქტორები, როგორებიცაა: საცხოვრებელი პირობები და სოციალური ურთიერთქმედების ისტორია, გადამწყვეტ როლს თამაშობს ქცევის განვითარებაში. სწორედ ამიტომ არის ქცევის ასეთი ცვალებადობა ცალკეულ ძაღლებს შორის, მაშინაც კი, როდესაც ისინი ერთი და იმავე ჯიშის არიან და გამოყვანილნი არიან ერთი და იმავე მიზნით.
ამასთანავე, 2015 წელს გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, ადრეული პოზიტიური გამოცდილებები, მაგალითად, სოციალიზაცია, უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს ზრდასრული ძაღლების ქცევაში. ლეკვები, რომლებიც სწავლობენ ურთიერთობას, თამაშსა და კომუნიკაციას როგორც ადამიანებთან, ასევე საკუთარი და სხვა სახეობის წარმომადგენლებთან, ნაკლებად ავლენენ აგრესიულ ქცევას ზრდასრულ ასაკში. სოციალიზაციის ძლიერი გავლენის გათვალისწინებით, გასაკვირი არ არის, რომ ძაღლები, რომლებიც იზოლირებულნი არიან პოზიტიური ადამიანური ურთიერთობისგან, უფრო ხშირად კბენენ ადამიანებს. სამწუხაროდ, პიტბულის ტიპის ძაღლები, რომლებიც აღმოჩნდებიან ამგვარ პირობებში, შესაძლოა, აგრესიული ქცევის განვითარების უფრო დიდი რისკის ქვეშ აღმოჩნდნენ.
შესაბამისად, გამომდინარე იქიდან, რომ კვლევების შედეგები ხშირად კონტრადიქციულია, რთულია გადაჭრით მტკიცება იმისა, პიტბულებში აგრესია მემკვიდრეობითია თუ დასწავლადი ან არის თუ არა ის ყველაზე აგრესიული ჯიში, თუმცა რაც დანამდვილებით ვიცით, ისაა, რომ ნებისმიერი ჯიშის ძაღლის პატრონობის პასუხისმგებლობა მოიცავს ცხოველის სათანადო სოციალიზაციას, ჰუმანურ წვრთნასა და კეთილსინდისიერ ზედამხედველობას.
კომენტარები