ამ სახეობაში გენიტალიები გაცვლილია — მამრებს ვაგინისებრი ღრმული აქვთ, მდედრებს კი პენისისებრი გინოსომა
შეიძლება ითქვას, რომ Neotrogla სახეობის თივაჭამიებში მდედრებს მამრობითი სქესის გენიტალიები აქვთ, მამრებს კი — პირიქით.
ჩვენისაგან განსხვავებული სასქესო ორგანოები არაერთ ცოცხალ არსებას აქვს. მაგალითად, არგონავტები (Argonauta argo სახეობა) სპერმის შემცველ საცეცს იხსნიან და მდედრის საპოვნელად აგზავნიან შესაჯვარებლად; ზოგიერთმა მწერმა საკუთარი გენიტალიები მტაცებლებთან საბრძოლველ იარაღად გარდაქმნა; მამრ ექიდნას სულაც ოთხთავიანი პენისი აქვს და, სხვათა შორის, უკვე ვიცით კიდეც, როგორ მუშაობს ის.
Neotrogla სახეობის თივაჭამიების შემთხვევა ამისაგან კიდევ უფრო განსხვავებულია: მამრებს ვაგინის მსგავსი შეღრმავება აქვთ, რომელშიც მდედრები პენისის მაგვარ სტრუქტურას — სახელად გინოსომას — ათავსებენ, ასე ეჭიდებიან და მათგან სპერმას ისრუტავენ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სქესთა შორის გენიტალიები "გაცვლილია".
ზემოხსენებული გვარის თივაჭამიები ბრაზილიის გამოქვაბულებში ბინადრობენ და ღამურას განავლით იკვებებიან. შესაძლოა, ამგვარი თავისებურება სწორედ საკვები ნივთიერებების ნაკლებობით აიხსნას.
უკვე არსებულ კვლევაზე დაყრდნობით, ჰოკაიდოს უნივერსიტეტის ენტომოლოგებმა მიკროკომპიუტერული ტომოგრაფია გამოიყენეს და შეწყვილების პროცესში მყოფი ამ მწერების 3D მოდელები შექმნეს. მათ იმის დადგენა სურდათ, თუ როგორ ფუნქციონირებს მოცემული სტრუქტურები და, საერთოდაც, რამ განაპირობა გენიტალიების ესოდენ რადიკალური ცვლილება.
შედეგად დადასტურდა, რომ, მდედრების სხვა სახის ამობურცული გენიტალიებისგან (მაგალითად, ფსევდოპენისები) განსხვავებით, გინოსომა მეტად კომპლექსური ორგანოა. მას სპეციალური კუნთები და მილები აქვს, რომელიც სპერმის მოპოვების უნიკალურ მიზანს ემსახურება. მეტიც, გინოსომის ქვედა ნაწილში არსებული კაუჭების მეშვეობით მდედრებს შეუძლიათ, საპირისპირო სქესის მწერებს 70 საათითაც კი მიეკრან.
კუნთების ერთი წყება გინოსომას გაშლასა და მამრის სხეულში შეღწევაში ეხმარება, სადაც იგი სპერმას ისრუტავს და იბერება. სხვა კუნთები ორგანოს კუმშავს, რათა ნივთიერება მდედრის სხეულში არსებულ ორ ცალ საცავის მაგვარ სტრუქტურაში გამოთავისუფლდეს.
"ეს უნიკალური მახასიათებელი მდედრებს შორის შეჯიბრებას ამძაფრებს, რაც მდედრობითი პენისის ევოლუციაზე დადებითად აისახება", — წერენ ნაშრომის ავტორები.
სპერმის შესანახი ორი ორგანოს მეშვეობით მდედრ Neotrogla-ებს ორმაგი რაოდენობის სპერმის შენახვა შეუძლიათ. შესაძლოა, სწორედ ეს დამატებითი საცავი მიანიშნებდეს, რატომ ეძებენ მწერები სითხეს ასე აქტიურად.
გასათვალისწინებელია, სპერმაში საკვები ნივთიერებებით სავსე სპერმატოფორები გვხვდება. ვინაიდან გამოქვაბულებში ნუტრიენტების წყაროთა ნაკლებობაა, შესაძლოა, მდედრები მას სწორედ კვების მიზნით მოიპოვებდნენ. ამას ის ფაქტიც ამყარებს, რომ ისინი ნივთიერებას მაშინაც კი ისრუტავენ, როდესაც რეპროდუქციისათვის ზედმეტად პატარები არიან.
"ყველაზე სარწმუნო ახსნა ისაა, რომ მდედრებში პენისის ევოლუციას სქესობრივმა გადარჩევამ შეუწყო ხელი, რათა ინდივიდმა სპერმიდან მეტი საკვები ნივთიერება მიიღოს", — გვიხსნიან მკვლევრები.
სპერმატოფორებით ნუტრიენტების ამგვარი გადაცემა სხვა მწერებსაც ახასიათებთ, თუმცა ჰიპოთეზის დასადასტურებლად ჯერ უნდა გაირკვეს, თუ რა ემართება სპერმას მდედრში მოხვედრის შემდეგ.
"სავარაუდოდ, სქესობრივი როლების შენაცვლების მთავარი ხელშემწყობი ფაქტორი ბრაზილიის გამოქვაბულებში საიმედო საკვების ნაკლებობაა", — The New York Times-თან საუბრისას აცხადებს კაზუნორი იოშიზავა, კვლევის მთავარი ავტორი და ჰოკაიდოს უნივერსიტეტის ენტომოლოგი.
ნაშრომს გამოცემაში Royal Society Open Science გაეცნობით.
კომენტარები