ამ არსებას ოთხთავიანი პენისი აქვს და უკვე ვიცით, როგორ მუშაობს ის
ეს ბუნების ერთ-ერთი ყველაზე უცნაური გადაწყვეტილებაა.
ავსტრალიელმა მეცნიერებმა ექიდნას ოთხთავიანი პენისის საიდუმლო ამოხსნეს. ეს კი ორგანოს 3D მოდელის შემუშავების შედეგად მოახერხეს.
არსებობს ექიდნების 4 სახეობა, რომელიც იხვნისკარტასთან ერთად ქმნის უნიკალურ, ერთგასავლიანთა ჯგუფს. ძუძუმწოვართა სამი ჯგუფიდან ყველაზე მცირეს, რომელთა წევრებიც კვერცხებს ფრინველებისა და თევზების მსგავსად დებენ, ამავდროულად კი რძესაც წარმოქმნიან, სხვა ძუძუმწოვრების მსგავსად. ამ ჯგუფის შესახებ ჯერ კიდევ ბევრი რამ არ ვიცით.
ერთგასავლიანთა ჯგუფის ერთ-ერთი ყველაზე დიდი საიდუმლო კი ექიდნის პენისია, რომელსაც 4 განცალკევებული თავი აქვს. თუ წაკითხულზე დაყრდნობით ეს ამბავი საკმარისად უცნაურად არ გეჩვენათ, შეგიძლიათ მონათხრობის ამსახველი ფოტო აქვე ნახოთ.
საინტერესოა, რომ ექიდნები ერექციისას მხოლოდ ორ თავს იყენებენ და თითოეული ერექციისას შეუძლიათ პენისის თავების სხვადასხვა წყვილი გამოიყენონ.
"ის, თუ როგორ ახერხებდნენ ექიდნები ამას, ყოველთვის საიდუმლოდ რჩებოდა. თუმცა, ჩვენ პირველად შევძელით ამოგვეხსნა, თუ რა ხდება ანატომიურად ამ დროს", — წერენ კვლევის ავტორები განცხადებაში. შესაბამისი კვლევა 2021 წლის აპრილის ბოლოს, ჟურნალ Sexual Development-ში გამოქვეყნდა.
უცნაურობების ბუკეტი
განსხვავებული ფორმისა და რაოდენობის გარდა, ექიდნას პენისს, ან პენისებს სხვა ძუძუმწოვრების უმეტესობისგან სხვა მახასიათებლებიც განასხვავებს. მაგალითად, პენისებს ისინი მხოლოდ გამრავლებისთვის იყენებენ და არა შარდვისთვის. ამის ნაცვლად, ექიდნები იყენებენ კლოაკას — მრავალპროფილიან ხვრელს შარდვისა და დეფეკაციისთვის. ხოლო მდედრები კვერცხსაც აქედან დებენ.
ჩვეულებრივ მდგომარეობაში, ექიდნას ოთხთავიანი პენისი მისი სხეულის შიგნით, კლოაკურ ხვრელში იმალება, ერექციისას კი გარეთ გამოდის. რაც შეეხება სათესლე ჯირკვლებს, ისინი მუდმივად სხეულში რჩება.
და უცნაურობები აქ როდი მთავრდება. ექიდნას სპერმა ასევე განსხვავდება სხვა სახეობების სპერმისგან და გუნდური მუშაობის საოცარი უნარით ხასიათდება.
"ეაკულირებული სპერმის ნიმუშები შეიცავს 100-მდე სპერმატოზოიდს, რომლებიც მათი ნაკადის წვერზე ერთიანდება და სფეროსმაგვარ ფორმას ქმნის. აღმოჩნდა, რომ ეს შეჯგუფებული სპერმატოზოიდები უფრო ენერგიულად და კოორდინირებულად მიიწევენ წინ, ხოლო უფრო დიდი "სფერული შეჯგუფებები" უფრო კარგად მიიკვლევენ გზას, ვიდრე ინდივიდუალური სპერმატოზოიდები ან შედარებით პატარა შეჯგუფებები", — განუცხადა Live Science-ს ლაინს ჯეინ ფენელონმა, აღნიშნული კვლევის მთავარმა ავტორმა და მელბურნის უნივერსიტეტის რეპროდუქციულმა ბიოლოგმა.
აღსანიშნავია, რომ ცხოველების ძალიან იშვიათი სახეობები ხასიათდება სპერმის მსგავსი მოქმედებით. ამის ზუსტი მიზეზი კი ჯერჯერობით დაუდგენელია.
როგორ მუშაობს ექიდნას ოთხთავიანი პენისი?
იმის გასაგებად, თუ როგორ მუშაობს ექიდნას პენისი, ფენელონის გუნდმა მოკლენისკარტიანი ექიდნები (Tachyglossus aculeatus) შეისწავლა. ისინი ავტოავარიების შედეგად იყვნენ დაზიანებულნი, რის გამოც ევთანაზია გახდა საჭირო, თუმცა მათი პენისები კარგ მდგომარეობაში იყო შესასწავლად. ევთანიზირებული ექიდნების პენისების 3D მოდელები სპეციალური CT სკანირების გზით მიიღეს. ჩვეულებრივი კომპიუტერული ტომოგრაფიით მხოლოდ ძვლებისა და მყარი ქსოვილების დაფიქსირებაა შესაძლებელი. ამიტომ, უფრო ზუსტი სკანირებისთვის პენისების რბილი ქსოვილები მათ იოდით შეღებეს.
კომპიუტერულმა 3D მოდელმა გამოავლინა, რომ ურეთრული მილი, რომლის საშუალებითაც სპერმა გადაადგილდება, პენისის თავების ქვევით ორ ცალკეულ მილად იყოფა. თავის მხრივ, ეს ორი ცალკეული მილი ისევ ორად იყოფა, რათა სპერმის მიწოდება შესაძლებელი გახდეს ოთხივე თავიდან. მიუხედავად ამ განმარტებისა, აღმოჩენამ არ მოიცავს პასუხს კითხვაზე, სქესობრივი აქტის დროს, რატომ იყენებს ექიდნა თავისი ოთხთავიანი პენისის მხოლოდ 2 თავს.
"თავდაპირველად, ჩვენ ვფიქრობდით, რომ ვიპოვეთ სარქველის მექანიზმი”, რომელიც ”გააკონტროლებდა ექიდნაში ნანახ ცალმხრივ მოქმედებას”, — წერენ მკვლევრები. სარქვლის ნაცვლად, მათ აღმოაჩინეს, რომ სინამდვილეში პენისის ქსოვილის ტიპი იყო პასუხისმგებელი აქტისას ორი თავის გამოყენებაზე.
ძუძუმწოვრების პენისები შედგება ერექციული ქსოვილის ორი ძირითადი ტიპისგან: კორპუსის კავერნოზუმისა და კორპუსის სპონგიოსისაგან. ერექციის დროს ორივე ქსოვილი სისხლით ივსება, მაგრამ კავერნოზუმის კორპუსის როლი უპირატესად წარმოადგენს პენისის მყარ სტრუქტურას, ხოლო სპონგიოსის კორპუსი ურეთრულ მილში სპერმის გავლას უზრუნველყოფს.
თითოეული ქსოვილი, როგორც ორი განსხვავებული სტრუქტურა, პენისის ძირში იღებს სათავეს. ძუძუმწოვრების უმეტესობაში სპონგიოსური კორპუსის ორი სტრუქტურა ერწყმის ერთმანეთს, ხოლო კავერნოზული კორპუსი გამოყოფილი რჩება. ხოლო მოკლენისკარტა ექიდნებში პირიქით ხდება — კავერნოზუმი ერთიანდება, სპონგიოსი კი ცალკე რჩება. მეცნიერების აზრით, ეს არის მიზეზი, რაც ექიდნას საშუალებას აძლევს აქტისას პენისის 2 თავი გამოიყენოს, ნაცვლად ოთხისა.
ესეც რომ არა, ცალკეული ექსპერიმენტებისას, რომელიც ანესთეზირებულ ექიდნებზე ტარდებოდა, მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ ცხოველის პენისის თავების წყვილს შეუძლია ზედიზედ 10-ჯერ ეაკულაცია, მნიშვნელოვანი პაუზების გარეშე. ამ უკანასკნელის მიზეზები კი ჯერ კიდევ შესასწავლია.
ფაქტი ერთია — ექიდნა ბუნების უცნაური ქმნილებაა, რომელიც თან ძუძუმწოვარია და თან კვერცხს თევზებისა და ფრინველების მსგავსად დებს. მამრ ექიდნებს ოთხთავიანი პენისები აქვთ, აქტისას კი ერთდროულად პენისის ორი თავის გამოყენება შეუძლიათ. მათი სპერმა ჯგუფური მოქმედების უნარით გამოირჩევა და სხვა ძუძუმწოვრებისგან განსხვავებით, ეს ცხოველი შარდვისთვის პენისს სულაც არ იყენებს.
თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.
კომენტარები