მსოფლიოში უდიდესმა ქარის ტურბინამ ენერგიის გამომუშავება დაიწყო
ელექტროსადგურის მიერ წლის განმავლობაში გამომუშავებული ენერგია ყოველწლიურად 20 000 ოჯახს ეყოფა და ატმოსფეროში 38 000 ტონა ნახშირორჟანგის გაფრქვევას აღკვეთს.
პრეს რელიზის მიხედვით, დანიაში, დასავლეთ იუტლანდიაში, Østerild-ის ქარის ტურბინების საცდელ ცენტრში Vestas V236-ის პროტოტიპი ამუშავდა. ეს 15 მეგავატიანი ქარის ტურბინა ამ მომენტში მსოფლიოში უდიდესია.
მსოფლიოს განვითარებული ქვეყნები წიაღისეული საწვავის მოხმარების შემცირებასა და ენერგიის განახლებადი წყაროების წახალისებას ცდილობენ. ამ პროცესში ქარის ენერგია ერთ-ერთი ყველაზე დაწინაურებული არჩევანია. მზის ენერგიასთან შედარებით, ქარის ენერგიის გამოყენებას არაერთი უპირატესობა აქვს. მაგალითად, ქარის ტურბინა ბევრად ნაკლები ფართობის მიწა სჭირდება და მოქმედება 24 საათის განმავლობაში შეუძლია.
იმ ქვეყნებისათვის, რომლებიც დიდ ტერიტორიას არ ფლობენ, თუმცა ტერიტორიული წყლები ჭარბად აქვთ, ქარის ენერგია ხელსაყრელი არჩევანია. მწარმოებლები ცდილობენ, ააგონ რაც შეიძლება დიდი ტურბინები, რაც მათი რაოდენობის გაზრდის საჭიროებას მოხსნის და მიწის ფართობს დაზოგავს.
მსოფლიოს უდიდესი ქარის ტურბინა
დანიური კომპანია Vestas Wind Systems ქარის ენერგიის ინდუსტრიაში უკვე 50 წელზე მეტია მოღვაწეობს. ამ დროის განმავლობაში კომპანიამ ქარის ჯამურად 160 გიგავატზე მეტი შესაძლებლობის ტურბინები 88 ქვეყანას მიაწოდა. ბუნებრივია, Vestas ახალი თაობის ქარის ტურბინების შექმნის საქმეშიც ერთ-ერთი მოწინავეა.
V236 თავდაპირველად 2021 წლის თებერვალში დაანონსდა. ის 15-მეგავატიანი ელექტროსადგურია, რომლის როტორის დიამეტრი 236 მეტრია, სიმაღლე კი 280 მეტრს აღწევს.
პრეს რელიზში ვკითხულობთ, რომ ელექტროსადგურის მიერ წლის განმავლობაში გამომუშავებული ენერგია ყოველწლიურად 20 000 ოჯახს ეყოფა და ატმოსფეროში 38 000 ტონა ნახშირორჟანგის გაფრქვევას აღკვეთს.
V236 ვერიფიკაციის გასავლელად სრულად უნდა გამოიცადოს, რათა კომპანიამ მისი სერიული წარმოების უფლება მიიღოს.
ქარის ელექტროსადგურების ინდუსტრია სწრაფად ვითარდება და, რა თქმა უნდა, Vestas არ არის ერთადერთი კომპანია, რომელიც ბაზარზეა წარმოდგენილი. 2022 წლის დეკემბერში ცნობილი გახდა, რომ ჩინეთში 16-მეგავატიანი ელექტროსადგურის მშენებლობა იგეგმება, რომელიც, წარმატების შემთხვევაში, დანიური კომპანიის რეკორდს მოხსნის.
კომენტარები