ქართული სტარტაპი Payze გლობალური კომპანია Shopify-ის პარტნიორი გახდა
ქართულმა სტარტაპმა Payze-მ 20 დეკემბერს მომხმარებელს განუცხადა, რომ ამიერიდან გლობალური კომპანია Shopify-ის პარტნიორია!
Payze
Payze ფინტექ სტარტაპია, რომელიც ფულის მიღებისა და გადახდების ონლაინ, მარტივ საშუალებებს გვთავაზობს. კომპანიის ვებგვერდზე ვკითხულობთ, რომ რთული პროცესების მართვას Payze-ის საშუალებით თვალის დახამხამებაში შევძლებთ.
სტარტაპის წარმატებები, ბუნებრივია, მხოლოდ ამ სიახლით არ შემოიფარგლება. 2021 წლის მარტში Payze აქსელერაციის პროგრამა 500 Startups Georgia-ს მე-2 ნაკადის ორ გამარჯვებულს შორის ერთ-ერთი იყო, მოგვიანებით კი გახდა პირველი ქართული სტარტაპი, რომელიც წამყვან ამერიკულ აქსელერატორში — Y Combinator-ში მოხვდა.
ასევე იხილეთ: ქართული სტარტაპი Payze — ინოვაციური იდეიდან ამერიკულ აქსელერატორ Y Combinator-მდე
პლატფორმა გადახდების სისტემის გამარტივებისთვისაა შექმნილი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ თქვენ მაღაზიას არ ფლობთ და თქვენს პროდუქტს სოციალური ქსელების მეშვეობით ყიდით, Payze-ს დახმარებით საშუალება გექნებათ, დააგენერიროთ payment link-ები, პროდუქციის ფოტოს აღწერაშივე მიუთითოთ ბმული, რომელზე გადასვლის შემდეგაც მომხმარებელი გადაიხდის თანხას და ეს ინფორმაცია თქვენს ელ-ფოსტაზე ან ტელეფონზე მოვა მესიჯის სახით.
Payze იღებს VISA, Mastercard, Amex, UnionPay, Diner’s club, JCB ბარათებს და აქ გადახდების წარმოებას ლარში, დოლარსა და ევროში შეძლებთ. სტარტაპი იღებს საერთაშორისო ბარათებსაც, ამ შემთხვევაში სტანდარტული საკომისიო საქართველოში 3.2%-ია. კომპანია მომხმარებლის უსაფრთხოებაზე მაქსიმალურად ზრუნავს, PCI DSS სტანდარტებთან სრულ შესაბამისობაშია და ბარათის მფლობელის მონაცემების დასაცავად იყენებს AWS (Amazon Web Services) სერვერებს. შესაბამისად, Payze-ის მოხმარებისას, შეგიძლიათ მშვიდად იყოთ.
ასევე იხილეთ: "ონლაინ გადახდებში ყველაზე საინტერესო მეთოდი შემოვიტანეთ" — Payze
Shopify
რაც შეეხება Shopify-ს, ის ელექტრონული კომერციის კანადაში ბაზირებული მულტინაციონალური კომპანიაა. ამავე სახელს ატარებს ონლაინ მაღაზიებისთვის შექმნილი პლატფორმაც. Shopify მომხმარებელს მრავალფეროვან სერვისებს სთავაზობს გადახდების, მარკეტინგის, გადაზიდვებისა და კლიენტებთან ურთიერთობის ჩათვლით.
კომპანია ონლაინ გაყიდვების ბაზარზე ერთ-ერთი უმსხვილესი აქტორია. 2021 წლის მონაცემებით, Shopify-ს მსოფლიოს 175 ქვეყნის 1.7 მილიონზე მეტი ბიზნესი იყენებდა. 2022 წლის სტატისტიკით, ბაზრის კაპიტალიზაციის მაჩვენებლით პლატფორმა საუკეთესო 20 კანადურ კომპანიას შორისაა.
ბუნებრივია, ამ მასშტაბის კომპანიასთან თანამშრომლობა ქართული სტარტაპისა და მისი მომხმარებლებისთვის ძალიან პოზიტიური სიახლეა. კომპანიის განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ამიერიდან საქართველოსა და უზბეკეთში ბიზნესის მფლობელებსა და ინდივიდუალურ მეწარმეებს შეუძლიათ, შექმნან ვებსაიტები Shopify-ზე თავიანთი ბიზნესისთვის და მიიღონ გადახდები Payze-ის გამოყენებით.
კომენტარები