თანამედროვე მსოფლიოში, განსაკურებით კი პანდემიის პირობებში, დღითიდღე იმატებს ონლაინ გაყიდვების პოპულარობა. ბოლო წლებში, საქართველოში ინტერნეტ ვაჭრობისთვის განკუთვნილი პლატფორმების რიცხვი საგრძნობლად გაიზარდა, ისევე, როგორც ელ-კომერციის სფერო. ამას მოწმობს გალტ&თაგარტის ანგარიშიც, რომელიც საქართველოში ელ-კომერციის მდგომარეობას განიხილავს და მის პროგრესსაც პროგნოზირებს.

მსგავსი პლატფორმებისთვის მნიშვნელოვანია, რომ მომხმარებელს ტრანზაქციების მარტივად და სწრაფად განხორციელების საშუალება მისცენ, თუმცა, როგორც წესი, ონლაინ გადახდები მრავალ პრობლემასთანაა დაკავშირებული. სწორედ მათ გადასაჭრელად შეიქმნა ქართული ფინტექ სტარტაპი Payze, რომელიც ელექტრონულ კომერციაში ჩართულ კომპანიებს ანგარიშსწორების საკითხის მოგვარების ახალ გზას სთავაზობს. სტარტაპის შესახებ არაერთხელ მოგიყევით, ჯერ კიდევ მაშინ, როცა ის 500Georgia-ს აქსელერაციის პროგრამის მონაწილე, შემდეგ კი ერთ-ერთი გამარჯვებული გახდა. ცოტა ხნის წინ კი ის გახდა პირველი ქართული სტარტაპი, რომელიც წამყვან ამერიკულ აქსელერატორში — Y Combinator-ში მოხვდა. ეს სწორედ ის აქსელატორია, რომელმაც წარმატება მოუტანა Dropbox-ს, Airbnb-სა თუ Stripe-ს.

რა არის Payze და როგორ მუშაობს ის

Payze გეგა წურწუმიამ, კახა გელაშვილმა და გეგა თოფაძემ 2019 წელს დააარსეს, რასაც წინ ტექნოლოგიის შექმნასა და დახვეწაზე მუშაობის 3-წლიანი პერიოდი უძღოდა.

ფოტო: businessfeed.ge

ისინი უნივერსალური საგადასახადო სერვისის საჭიროებაზე საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში არსებულ კომპანიებთან თანამშრომლობისას დაფიქრდნენ. მათი დაკვირვებით, ადგილობრივი მოვაჭრეები ზედმეტად დიდ დროსა და რესურსებს ხარჯავდნენ ონლაინ ანგარიშსწორების დანერგვაზე, თანაც საქართველოში ამ ყველაფერზე ბანკები ზრუნავდნენ. შედარებისთვის, უცხოურ ბაზარზე ეს ფუნქცია უმეტესწილად PSP (payment service provider) პროვაიდერებს აქვთ. გუნდის წევრებმა გადაწყვიტეს, რომ Payze-ს სახით იგივე მომსახურება ჩვენს ქვეყანაშიც შემოეტანათ.

სტარტაპის წარმომადგენელთა განცხადებით, მათი სისტემის შემადგენელი ტექნიკური დოკუმენტაციის ვებგვერდზე ჩაშენებას მხოლოდ 1-2 საათი სჭირდება, რის შემდეგაც მას წამში 1200 ტრანზაქციის გატარება შეუძლია. Payze-ს გამორჩეულობა იმაშიც მდგომარეობს, რომ ის კომპანიებს სხვა ქვეყნების ბაზარზე შესვლისა და მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან გადმორიცხული თანხის მიღების საშუალებას აძლევს. ეს კი, თავის მხრივ, ქართველი მეწარმეების განვითარებასა და გაყიდვების არეალის გაფართოებას უწყობს ხელს.

Payze-ს სხვადასხვა ფუნქცია აქვს. მათ შორისაა QR და email გადახდები, ავტომატური bill splitting (გამყიდველსა და პლატფორმას შორის თანხის ავტომატურად გადანაწილება) და subscription-ზე დაფუძნებული შემოსავლების სქემების გაწერა. აღსანიშნავია, რომ სერვისის დახმარებით სოციალურ მედიაში განთავსებული პროდუქციის ფოტოს აღწერაში სპეციალური payment ბმულის ჩასმაცაა შესაძლებელი, რომელზე გადასვლის შემდეგაც მომხმარებელი ნივთს შეიძენს და მიტანის მისამართს მიუთითებს. ამის შესახებ სრული ინფორმაცია კი ბიზნესის მფლობელს ტელეფონის ნომერზე ან ელექტრონულ ფოსტაზე გაეგზავნება. მნიშვნელოვანია, რომ სტარტაპი პოტენციურ კლიენტებად მოიაზრებს, როგორც დიდ, ასევე, საშუალო და მცირე მეწარმეებს.

Payze-ს ნაბიჯები ამერიკულ აქსელერატორამდე — Y Combinator

ამჟამად უკვე ყველასთვის კარგად ცნობილი Payze-ს გუნდი დღემდე მოსასვლელად მრავალი გამოწვევის წინაშე დადგა, სირთულეებიც გადალახა და რაც მთავარია, არაერთ წარმატებას მიაღწია.

მათ განვითარებაში დიდი წვლილი შეიტანა საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) 2020 წლის საგრანტო პროგრამამ, რომელიც მსოფლიო ბანკის პროექტის GENIE ფარგლებში განხორციელდა. სტარტაპი 20 რჩეულს შორის მოხვდა და დაფინანსებაც მოიპოვა. როგორც თავად აღნიშნავენ, პროგრამაში მონაწილეობამ მათ საინტერესო გამოცდილება შემატა, ასევე, იდეის დეტალების უკეთ გაანალიზებასა და აუდიტორიისთვის წარდგენაში დაეხმარა.

იმავე წლის ზაფხულში სტარტაპმა თიბისი ბანკის აპლიკაციების კონკურსში მეორე საპრიზო ადგილი დაიკავა და ბიზნესდაჯილდოება 2020-ის საუკეთესო ინოვაციის ნომინაციაში ფინალისტთა სიაში მოხვედრა შეძლო. თუმცა, მათ ყველაფერი წინ ელოდათ, რადგან მალევე ისინი 500 Georgia-ს აქსელერაციის პროგრამას შეუერთდნენ, რის გამოც Startup Wise Guys-ის 30 000 ევროს ოდენობის დაფინანსებაზე უარის თქმა მოუწიათ.

500 Georgia-ს ფინალში ღონისძიებაზე მათ ინვესტორებს საკუთარი პროექტი წარუდგინეს და გაიმარჯვეს კიდეც. ამან იდეის ავტორებს აშშ-ის ქალაქ სან ფრანცისკოში მდებარე სილიკონ ველიზე გამგზავრებისკენ გაუხსნა გზა. მათ წარმატებულ ბიზნესმენებთან მუშაობისა და გამოცდილი მენტორების მიერ ჩატარებულ ტრენინგებზე დასწრების შესაძლებლობაც მიეცათ.

ფოტო: agenda.ge

Payze-სთვის ასევე მნიშვნელოვანი აღმოჩნდა VisaEverryInitiative-ის საერთაშორისო კონკურსი, სადაც ის ჟიურიმ ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონებიდან დარეგისტრირებულ 700-ზე მეტ მონაწილეს შორის შეარჩია. ქართულმა სტარტაპმა აქაც გაიმარჯვა და 15 000 აშშ დოლარი ხვდა წილად. ის სექტემბერში დაგეგმილ გლობალურ ფინალურ ღონისძიებაზეც შეეცდება ძალების მოსინჯვას და ამჯერად 100 000 აშშ დოლარის მოსაპოვებლად იბრძოლებს.

იმის მიუხედავად, რომ Payze-მ განვითარების ამგვარი ეტაპები გაიარა, მისთვის მაინც უპრეცედენტოა უკანასკნელი მიღწევა, რომელიც წამყვან ამერიკულ აქსელერატორს Y Combinator უკავშირდება. ის არა მხოლოდ ერთადერთი ქართული სტარტაპია, რომელიც აქსელერაციის ამ პრესტიჟულ პროგრამაში მოხვდა, არამედ პირველია მთელი რეგიონის მასშტაბითაც. საყურადღებოა, რომ სწორედ Y Combinator-ის მეშვეობით გადადგეს სადებიუტო ნაბიჯები ისეთმა კომპანიებმა, როგორიცაა Dropbox, Airbnb და Stripe.

Payze-ს დამფუძნებლების თქმით, Y Combinator-ში შეძენილი ცოდნა და მრავალფეროვან რესურსებზე წვდომის შანსი წინსვლის საშუალებას იძლევა. მათ გზა ეხსნებათ გავლენიან ინვესტორებამდე, პოტენციურ პარტნიორებამდე, სახელგანთქმული კომპანიების დამაარსებლებამდე და ა.შ. ეს კი Payze-ს გაფართოებასა და მეტი კლიენტის მოზიდვაში შეუწყობს ხელს.

აღსანიშნავია, რომ Y Combinator-ში მოხვედრით ფეიზიმ უცხოელი ინვესტორების ყურადღება საქართველოში არსებული სხვა სტარტაპებისკენაც მიმართა. ესეც რომ არა, ის ერთგვარ მაგალითად და მოტივაციადაც იქცა ქართულ სტარტაპ ეკოსისტემაში.

Payze-ს სამომავლო გეგმები

Payze-ს გუნდის წევრები ამჟამად მრავალ ადგილობრივ კომპანიასთან თუ კერძო პირთან თანამშრომლობენ, რომელთა რიცხვიც ყოველდღიურად იზრდება. ისინი ფიქრობენ, რომ ქართველ მომხმარებელთან ურთიერთობა და აქაური ბაზრისთვის დამახასიათებელი პრობლემების შესწავლა განვითარებად ქვეყნებში არსებული გამოწვევების უკეთ გააზრებაში დაეხმარებათ.

ხოლო ახლო მომავალში Payze-ს საკუთარი პროდუქტის საზღვარგარეთ გატანა სურს, კერძოდ, ისეთ სახელმწიფოებში, სადაც PSP პროვაიდერები ჯერ კიდევ არ არიან შესულები. როგორც ცნობილია, ამ მხრივ პოსტსაბჭოთა სივრცეში ნაკლებად კონკურენტული გარემოა, რასაც ვერ ვიტყვით დასავლეთზე, სადაც Stipe, Checkout, Paystack და ონლაინ გადახდების სხვა მსგავსი გიგანტები ოპერირებენ.